"იმდენი იძახა გამოდი, ვიჩხუბოთო, ეტყობა, ეჩხუბა ბოლოს ვიღაცა" - რას აცხადებს გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე - კვირის პალიტრა

"იმდენი იძახა გამოდი, ვიჩხუბოთო, ეტყობა, ეჩხუბა ბოლოს ვიღაცა" - რას აცხადებს გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე

იმდენი იძახა გამოდი, ვიჩხუბოთო, ეტყობა, ეჩხუბა ბოლოს ვიღაცა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ საწინააღმდეგო აქციაზე დავით ბერძენიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

"ასე არ შეიძლება ცალმხრივად განხილვა. დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია, გამოვიდეს და შემერკინოსო. "გვერდზე გავიდეთ“ და იყო ასეთი ლაპარაკი. მისგანაც ეს საუბარი ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს შეურაცხყოფად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ განცხადებით ფიზიკურ დაპირისპირებას არ ამართლებს, თუმცა, ყველამ, ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, სიტუაციის დეესკალაციაზე უნდა იზრუნოს.

ამასთან, გია ვოლსკი ამბობს, რომ მსგავსი გამოწვევები ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია და ამიტომ ეს ტრაგედია არ არის.

"ტრაგედიას ამისგან ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, არსებობს კანონი და ამ კანონის დაცვით ვფასდებით მომავალ თაობაში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სამართალდამცავებშიც იქნება განსხვავებული აზრები ამ საკითხზე, თუმცა, ისინი კანონს განუხრელად იცავენ.

"ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა ევალება, მოეთხოვება თავის ქვეყნის წინაშე არ დაუშვას დაპირისპირების ის ხარისხი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს და არ დაუშვას კანონის დარღვევა, რომელიც ერთნაირ უფლებას აძლევს ყველას. ემოციური დამოკიდებულება ჩემი პირადი სხვა არის, მაგრამ ვალდებულება არის თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვასრულებდე ჩემი ქვეყნის წინაშე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ "ამირანთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ინტერპრესნიუსი"