"საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ"

კარგა ხნის შემდეგ აშშ სწორედ ამ პერიოდში გზავნის ელჩს საქართველოში. კანდიდატიც შერჩეულია - კელი დაგნანი, რომელიც სიტყვით უკვე წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე. მან გამოსვლისას აღნიშნა აშშ-სა და საქართველოს ნაყოფიერი პარტნიორობა და თქვა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად. ის შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემასაც. "მზად ვარ, ვითანამშრომლო საქართველოში ყველა პარტიასთან, რათა მომავალ წელს ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა მან. ასევე ახსენა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პლურალისტური საკანონმდებლო ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალფეროვანი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა გიორგი გობრონიძემ, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ ახერხებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩობის კანდიდატებზე ჩამოყალიბებას. კარგია, რომ გადაწყვიტეს, ამ საკითხს მიხედონ.

ძალიან ინფანტილურია ხოლმე ჩვენში მსჯელობა, რომ თითქოს ვიღაც ვიღაცის მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგეა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასე პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით ირჩეოდეს კადრი. როგორც წესი, ირჩევენ დიპლომატს იმ შესაძლებლობის მიხედვით, თუ რა როლის თამაში შეუძლია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ქალბატონი კელი დაგნანი კვალიფიციური და მაღალი რანგის დიპლომატია, აშკარად კარგად არის ინფორმირებული საქართველოს როგორც შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ისე საგარეო საფრთხეებზე. მან კარგად იცის აქაური პრობლემატიკა და, როგორც ჩანს, უკვე აქვს კარგად ჩამოყალიბებული საკუთარი დღის წესრიგიც.

თავისუფალი არჩევნები, მედიაპლურალიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო - ეს არის კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობები და ელჩობის კანდიდატმაც ამაზე მიანიშნა...

- როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატით გასამართ შეხვედრებში რუსულ მხარეს ისევ კარასინი წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა... რას ფიქრობთ ამ ფორმატზე და რას შეიძლება ველოდოთ მომავალი მოლაპარაკებებისგან?

- ამ მოლაპარაკებებში კარასინი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არც აქამდე მონაწილეობდა. ის მონაწილეობდა, როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი... ვფიქრობ, კარასინი-აბაშიძის ფორმატი დარჩება ისეთივე, როგორიც იყო. ეს უფრო კარასინი-აბაშიძის საავტორო გადაცემას დაემსგავსა...

რუსეთის ფედერაციასთან გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, რაც ყურადსაღებია. მიუხედავად იმისა, დღეს რა ხდება საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ ვუყურებთ რუსულ სამხედრო აღმშენებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს გახლავთ მთავარი პრობლემა, კიბერუსაფრთხოებასთან ერთად... როგორც ვთქვი, სავარაუდოა, რომ ამ შეტევის უკან რუსეთის ფედერაცია იდგეს; არ არის გამორიცხული, ამას მოჰყვეს სხვა, უფრო მძლავრი და დამანგრეველი კიბერთავდასხმები.

გარდა ამისა, საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ. ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, სირიაში რუსეთის ყოფნას ემატება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აღმშენებლობის პროცესი.

ეს არის პირველი თემა და საფრთხე საქართველოსთვის. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ომის დაწყების ალბათობა დაბალია, თუ რუსეთმა დაინახა ომის დაწყების საჭიროება, ამას ადვილად შეძლებს ჩვენივე ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო კონტინგენტის გამოყენებით...

ამბობენ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი ჰუმანიტარულია, მაგრამ მათი შეხვედრების მიუხედავად, ის ქართველები, რომლებიც დარჩენილი არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ცხოვრებენ აპარტეიდის რეჟიმში - დევნის, შევიწროების პირობებში. აფხაზეთში შეცვალეს ამ კვაზიწარმონაქმნის კვაზიკანონმდებლობა და ეთნიკურ ქართველებს ჩამოართვეს არა მხოლოდ სამოქალაქო, სოციალური უფლებებიც. მათ ეზღუდებათ გადაადგილება, განათლების უფლება; ახალგორში ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში ცხოვრობს; აშკარაა, რომ მიმდინარეობს ქართველების ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროება. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ამ ორ კვაზიწარმონაქმნში ფაშისტურ რეჟიმებს აყალიბებს? საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხორციელდება პატარა ეთნოკრატიებით, რომლებიც მათ შექმნეს. ამ ვითარებაში რა ჰუმანიტარულ თემებზე ვაპირებთ კარასინთან ლაპარაკს? იქცევა ეს საკითხები განხილვის თემად ან გვაქვს რაიმე პოზიტიური ცვლილების იმედი?! იხილეთ სრულად