"ფრთხილად - მთავარი "კინო" შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად - მთავარი "კინო" შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!"

"რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე"

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო იგრძნობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გავლენა, მეტიც, თითქმის ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესი დღეს სწორედ საარჩევნო პრიზმაში განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალები აშკარად ცდილობენ გააქტიურებას, ახალი იდეები, ინოვაციური სამოქმედო გეგმა არ ჩანს და მათი აქტიურობა უფრო ინერციის შედეგს წააგავს. პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე აქტიური ტრადიციულად "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არიან. ხაზარაძის "ლელო", რომელიც სტარტს იღებს, ჯერჯერობით ვერაფრით ამახსოვრებს თავს საზოგადოებას. გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც, როგორც ჩანს, მასშტაბურად ჩაერთვება სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. დანიური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ მთავარი გზავნილი, მისი საქველმოქმედო საქმიანობის შეხსენებასთან ერთად, კიდევ მეტი ქველმოქმედების დაპირება იქნება. აბასთუმნისა და წყალტუბოს განვითარების პროექტებთან ერთად, მან მორიგ საიმიჯო ინტერვიუში უკვე მეუღლესთან ერთად ისაუბრა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და განათლებაში გაწეული ინვესტიციების მნიშვნელობაზე. "ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneu-სთან ინტერვიუში.

"ქართული ოცნება" და მისი ლიდერი აშკარად ცდილობენ, წინასაარჩევნოდ საზოგადოების გული პოზიტიური დღის წესრიგით მოინადირონ. თუმცა მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის უმწვავესია სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომლის გაუმჯობესების გზები კვლავაც ბუნდოვანია. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

მამუკა არეშიძე

- დღეს რეალობა ისეთია, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მხოლოდ იმიტომ, რომ არა და არ ჩანს მისი საპირწონე ძალა. ოპოზიციურ ფლანგზე დაბნეულობა და სრული გაურკვევლობაა, მთავარი ოპოზიციური ძალა კი "ნაციონალური მოძრაობა", ამომრჩევლისთვის კვლავაც "ქართულ ოცნებაზე" მეტად მიუღებელია. რა მოხდება მომავალ წელს, არ ვიცი, შეიძლება ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებებს, მან აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის - ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას არ ექნება სტრატეგიული გეგმა და არ იქნება სისტემური ცვლილებები, არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ეს არ აისახება.

ეკონომიკის, საფინანსო სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო. ინოვაციებია საჭირო სოციალური ვითარების შესაცვლელად.

ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, სხვის გაშავებაზე, სხვის გაკრიტიკებაზე არიან გადართული. მიდგომა ასეთია - რაც უნდა გააკეთოს მეორე მხარემ, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური იქნება.

საზოგადოებაში არის მოთხოვნა სახელმწიფო იდეოლოგიის, ხედვის, რას ვაკეთებთ, რა გვინდა, რას ვთხოვთ მსოფლიოს და რას ვაძლევთ?..

იდეოლოგიის არარსებობა ფიტავს სახელმწიფო სხეულს. პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია.

საჭიროა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობის შემოსვლა. ასე რომ, თუ თვითონ არ გადახედავენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ დღის წესრიგს, საზოგადოების დაკვეთების სწორად შესრულებას არ დაიწყებენ, სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებიან.

- ხმაურიანად ჩაიარა ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამ. ის ძალები, რომლებმაც კინოთეატრებთან აქციები გამართეს, ხელისუფლების გავლენის ძალებად განიხილებიან, შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხმაური ხელისუფლებას დასჭირდა პრობლემების გადასაფარად. - ფილმის პრემიერის პირველი დღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც არავის გახსენებია. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები თუ ამბები ამ გაუთავებელი დაპირისპირებით იჩქმალება, რაც ჩვენს საზოგადოებას უფრო ანაწევრებს და ათითოკაცებს. რაც შეეხება ფილმს და მის გამო აჟიოტაჟს, ძალიან არაჯანსაღია ის ვითარება, რაც ლგბტ თემის გარშემოა შექმნილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარის მიერ ხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც ლგბტ თემის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგეები რადიკალური ხერხებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მე ვნახე ეს ფილმი, მოგეხსენებათ, ჩემი პირველი პროფესია რეჟისურაა და სწორედ ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებ, მიმაჩნია, რომ როგორც ხელოვნების ნიმუში საშუალოზე დაბალი დონისაა, მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდის სამსახიობო ოსტატობისა.

რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ზნეობის სახელით გამოდიან ქუჩაში, ძირითადად, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ნამდვილად არიან გულწრფელად შეშფოთებული მოქალაქეებიც.

საბედნიეროდ, სამართალდამცავებმა მოახერხეს პროცესების მართვა, განსხვავებით 20-21 ივნისის მოვლენებისგან.

რაც შეეხება ამ ყველაფერში ხელისუფლების როლს და გარკვეული პროცესების გადაფარვის მცდელობას, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ასე იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ამ ყველაფრის თავიდან აცილება იქნებოდა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვითარების უფრო დაძაბვას შეუწყობდა ხელს.

- მოგვიწევს შევეხოთ ეკლესიაში მომხდარ არაჯანსაღ მოვლენებს. პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოვლენები წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდება. ათასგვარი ვარაუდი გამოითქმის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან. ვიღაც ხელისუფლებას ადანაშაულებს, ვიღაც "ნაციონალურ მოძრაობას", სხვათა აზრით კი გარე ძალების კვალი უნდა ვეძებოთ. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ მიიღო ამ ყველაფრისგან სარგებელი? - შესაძლოა ამ ყველაფრის უკან ერთად იდგეს ყველა ის, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. ძალიან დიდი ხანია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. როდესაც პირადად მე ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის ნიშნები აშკარად ჩანდა. ამ ბრძოლის უკან, რა თქმა უნდა, უპირველესად ივარაუდება რუსეთი, თუმცა დასავლეთშიც არიან წრეები, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია გულზე დიდად არ ეხატებათ. ამით ნამდვილად მოახერხეს ეკლესიის ნაწილობრივი დისკრედიტაცია, მაგრამ ქვეყანაში რწმენისა და ეკლესიის შერყევა ასე იოლი არ არის. მართლმადიდებლობა ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს, საუკუნეების განმავლობაში იმდენ რამეს გავუძელით, მეეჭვება ამ პროცესებით ეკლესიის დაშლა მოახერხონ, თუმცა მცდელობა ნამდვილად არის. ქართული ეკლესია ქართული სახელმწიფოსა და იდეის ბურჯია. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

რასაკვირველია, როდესაც შენი მტერი ებრძვის ასეთ ინსტიტუტს, ებრძვის შენს სახელმწიფოებრიობას და ეს უნდა გაისიგრძეგანოს ქართველმა საზოგადოებამ. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი ჟურნალისტთა კორპუსის ნაწილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას. ეს მაოცებს.

- ანუ თქვენი ვარაუდით, შექმნილ ვითარებაში გარე ძალების კვალი უნდა ვეძებოთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის წიაღში კრიზისია. გარდა ამისა, ყველანი მოწმენი ვართ სხვადასხვა ხელისუფლების დროს რა მცდელობებიც იყო ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად. თუ გავიხსენებთ მეუფე იაკობის განცხადებებსაც, მან ქვეყნის პირველი პირები დაადანაშაულა პატრიარქის გადაყენების მცდელობაში. თავის მხრივ, ეკლესიაც არასდროს ერიდებოდა პოლიტიკაში ჩართვას. - ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომაც გამოჟონა ამ ყველაფერმა ასე მწვავედ. ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული. გავიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი, როგორ ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ, უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა. გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე, რომელიც შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა სხვამაც ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა კა-გე-ბეს ჩანერგილი ეკლესიის წიაღში. თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა. შექმნილი ვითარებით სარგებლობას კი, სავარაუდოდ, ქვეყნის გარედანაც ცდილობს მავანი და ქვეყანაშიც... "ნაციონალური მოძრაობა" რომ აშკარად დაინტერესებულია ეკლესიის დასუსტებითა და არეულობით, ეს ცხადად ჩანს... გარდა ამისა, რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე.

- ეკლესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა კი ახსენეთ, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ 2012 წლის არჩევნების ბედი მნიშვნელოვანწილად გადაწყვიტა "ქართული ოცნებისთვის" სამღვდელოების მხარდაჭერამ. იცის ბიძინა ივანიშვილმა, რამხელა ძალა აქვს ეკლესიის მხარდაჭერას და იმის შიშით, მოახლოებულ არჩევნებში შესაძლოა ეს ვეღარ მიიღოს სახელისუფლებო პარტიამ, შესაძლებელია საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობენ. - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ... რა სარგებელი შეიძლება მიიღოს "ქართულმა ოცნებამ", თუ ქართული ეკლესია დაიშალა? ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შფოთისა და არეულობის საფუძველი, რაც მთელ სახელმწიფოს და მასთან ერთად ხელისუფლებასაც დააზიანებს. ფრთხილად უნდა ვიYყოთ, თორემ მთავარი "კინო" შესაძლოა, ჯერ კვლავ წინ იყოს".

- "ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მახსოვს, წინამძღვრები მიჰყავდათ უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეოგადაღებები, ფარული ჩანაწერები... როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს მხარდაჭერა, თუ ამას არ გავაკეთებდით, დაიმუქრნენ, ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩააგდებდნენ", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"... როგორ ფიქრობთ, ეს შეტევა ეკლესიაზე გაგრძელდება და შესაძლოა ამ ვიდეოჩანაწერებმაც იხილოს დღის სინათლე? - არ ვიცი, კონკრეტულად ეს ჩანაწერები თუ გამოქვეყნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ გაგრძელდება.

როცა ლაპარაკია ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია. ნუ მოვიტყუებთ თავს - მომავალში ეკლესიაც შეეცდება პოლიტიკაზე ზეგავლენას და პოლიტიკაც ეკლესიის საქმეებში ჩაურევლად არ გაჩერდება.

რა თქმა უნდა, არსებობს უხეში ჩარევის მაგალითები, რაც მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. რაც შეეხება ეკლესიის რეფორმირებას, ვფიქრობ, აუცილებელია. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ცვლილებები მუდმივად საჭიროა, საჭიროა თაობათა ცვლა, მიდგომების შეცვლა. ამ ცვლილებებს ეკლესიურად განწმენდა ჰქვია, ეკლესია არაერთი მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი.

ქართული ეკლესია ტრადიციულად საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ის მაშინ იყო ძლიერი და ავტორიტეტული, როდესაც ეს მიმართულება იყო წინ წამოწეული. როდესაც ეს არ ხდებოდა, ეკლესიის ავტორიტეტიც ეცემოდა. ახლა ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ.

- "ქართული ოცნების" 7-წლიანი მმართველობის განმავლობაში უკვე მე-6 განათლების მინისტრი შეიცვალა. მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც არაერთი რეფორმა დააანონსა, თანამდებობიდან გადადგა. რითი შეიძლება აიხსნას განათლების მინისტრების ხშირი ცვლა? - მე პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა, რომ განათლების სამინისტროსთვის უნდა შეეერთებინათ კულტურის სამინისტრო, პროტესტი გამოვთქვი. მიმაჩნია, რომ ამის დაშვება არ შეიძლებოდა - არ შეიძლებოდა კულტურის სამინისტროს გაუქმება, რადგან კულტურა ის სეგმენტია, რომელშიც ძლიერი ვართ, რომლითაც შეგვიძლია ამინდი შევქმნათ მსოფლიოში. განათლება და კულტურა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერის ხვალინდელი დღისთვის. ეს სფეროები აუცილებლად უნდა გაიყოს და რასაც ვხედავ, აქეთ მიდის საქმე. ქართულ კულტურას მაკოორდინირებელი ორგანო სჭირდება.

რაც შეეხება განათლების მინისტრების ცვლას, რატომ ხდება ეს, ჩემთვისაც აუხსნელია. არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებიან მავანნი, რომ ხელმძღვანელების შეცვლით და გაუთავებელი რეფორმით უდიდესი დარტყმა ადგება უმნიშვნელოვანეს სფეროს, შედეგად ვხედავთ, რომ სისტემაში ურთულესი ვითარებაა. ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები ისეთი მძიმეა, საკითხი ასე დგას - 15-20 წლის შემდეგ იქნება კი ქვეყანაში საზოგადოებრივი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მართვა შეეძლება? საქართველოში არ არის სისტემური განათლება არც საშუალო სკოლის და არც უმაღლესი განათლების დონეზე.

- სახელმწიფო ვერტიკალში საკადრო პრობლემაც დიდია. დასახელდა მომავალი მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის მაია მიმინოშვილი და ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე. - ცალკე თემაა პროფესიონალთა დეფიციტი და ჩინოსანთა განათლების დაბალი დონე. განათლების სფეროს მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულ პირებზე ლაპარაკი. უნდა შეირჩეს კარგი მენეჯერი, რომელსაც კარგად ეცოდინება ის ინოვაციები, რაც ამ სფეროშია მსოფლიოში. ასევე კარგად უნდა იცოდეს ის დადებითი მხარეები, რაც ჰქონდა ქართულ საგანმანათლებლო სკოლას.