"ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა"

"თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის უმეტესობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არ შეგვიძლია საკუთარი თავისა და სახელმწიფოს პატრონობა"

"იმდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა ეკლესიაში, მთავრობასა თუ საზოგადოებაში, ადამიანმა რომ არ იფიქროს რიგგარეშე არჩევნებზე, უბრალოდ, გამორიცხულია", - ამბობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

- ის, რაც ხდება ქვეყანასა და ეკლესიაში, მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების განწყობას და საბოლოოდ მივიღებთ სახელმწიფოებრივ ნიჰილიზმს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის უმეტესობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არ შეგვიძლია საკუთარი თავისა და სახელმწიფოს პატრონობა. მეორე მხრივ, ევროპას ჩვენთვის არ სცალია, აქეთ თურქეთი გვიპირებს რაღაც ცუდ საქმეებს. ასეთი ჭორების გავრცელების მანქანა ამოქმედებულია და გვრჩება ერთმორწმუნე რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი 2.

- თქვენი აზრით, საპატრიარქოში პროცესები მართული არ არის? - ეკლესია მოსახლეობაში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს, ამიტომ ვისაც ასეთი გავლენა არა აქვს, ბუნებრივია, ეკლესიის გამოყენებით შეეცდება მის მოპოვებას. ეს ეხება როგორც მოქმედ ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთი, რომელიც შეუძლებელია ჩვენს ეკლესიაში არ ხედავდეს თავისი ინტერესების გატარების აუცილებლობას. "ოცნება" შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ძალაუფლება ხელიდან გამოეცალოს და წარმოუდგენელია, მას არ ჰქონდეს ამუშავებული ის ბერკეტები, რაც გავლენის მოპოვებაში დაეხმარება. ნუ გამოვრიცხავთ ბრძოლას პატრიარქის ტიტულისთვისაც...

- საზოგადოებას ახსოვს მეუფე პეტრე ცაავასა და ახალაიების ურთიერთობა.... - ბუნებრივია, წინა ხელისუფლებას აქვს დაუოკებელი სურვილი, თავისკენ გადაქაჩოს გავლენების ინსტრუმენტები. ეს ტელევიზია იქნება, ბიზნესი თუ ეკლესია.

პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მევალებოდა მჭიდრო სახელმწიფოებრივი ურთიერთობა პატრიარქსა და სინოდის წევრებთან, თუმცა სულ ვამბობდი, რომ ეს უნდა მოხდეს პოლიტიკის დისტანცირებით, მაგრამ საქართველოში სხვაგვარად ხდება.

- დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, "ნაცმოძრაობა" წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდა და აშანტაჟებდა. - მაშინ ყველას უღებდნენ და სასულიერო პირებზე რატომ შეიკავებდნენ თავს?

- რაც შეეხება ეკლესიის დაფინანსების წესს, როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიხედოს? - ეს არის კომუნისტური სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ზარალი უნდა დაითვალონ და მერე ანაზღაურდეს. თუ ეს სისტემა ასე გაგრძელდა, მაშინ სახელმწიფო ათასი წელი ვერ დაფარავს ვალს. წინასაარჩევნოდ მქონდა დაპირება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევხვდებოდი პატრიარქს და შევთავაზებდი კონკორდატის მუხლების განხილვას. ამ პროცესს შეიძლება მოჰყოლოდა იმის დანახვაც, რომ საჭიროა საკითხების მკაფიოდ ჩამოყალიბება, მათ შორის დაფინანსების საკითხისა, რომელიც ახლა პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით წყდება.

- ასეთი დაძაბულობით შევძლებთ 2020 წლის არჩევნებამდე მისვლას? - არჩევნებამდე მივალთ და იმედია, ახალი საარჩევნო სისტემით. თუმცა უკვე 5 თვეა გაჭიანურებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუმცა რიგგარეშესთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ქვეყანაში იმდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა, ადამიანმა რომ არ იფიქროს მოსალოდნელ სიურპრიზებზე, გამორიცხულია. აგერ თვე-ნახევრის წინ ზარ-ზეიმით დამტკიცებული მინისტრი გვეუბნება, დავიღალეო და გადადგა. არის განცდა და განწყობა, რომ ადამიანები საკუთარი მუშტის იმედად უნდა იყვნენ, რადგან კანონი არ კანონობს და ვხედავთ შორიდან მაყურებელ ხელისუფლებას, რომელიც შესაძლოა კმაყოფილიც არის, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე გადადის. ახლა იმაზე დაიწყეს მსჯელობა, რაღაც ფილმი უნდა ნახოს თუ არა ხალხმა. გაჭირვება, ქვეყნის დაცლა და ხელისუფლების სხვა მარცხი ამით გადაიფარება.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წელიწადი გავიდა, რა მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში? - წელიწად-ნახევრის წინ მან თქვა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ვინაიდან ქვეყნისთვის სერიოზული ხიფათები დაინახა. ამის შემდეგ ნახევარი წელი იყო გასული, როდესაც გვითხრა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ხიფათის წინაშე დადგა და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელი შეეშალოს, ამიტომ მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო - ანუ მეორედ მოსვლიდან 6 თვის თავზე პოზიტიური შედეგის ნაცვლად, კატასტროფული შედეგი მიიღო და ერთი წლის წინანდელი განცხადებების გაკეთება დასჭირდა. შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და მივიღეთ ახალი პრობლემები, დაკავშირებული ხან ანაკლიის და ხან პანკისის საკითხებთან. ამას მოჰყვა პრემიერის წასვლა, რომელმაც თქვა, განვითარების ჩარჩო დავტოვეო. როგორც ჩანს, დანარჩენი მთავრობა იმდენად ჩამორჩება ბახტაძის სტანდარტებს და შესაძლებლობებს, რომ მისი დანატოვარი ყველა გეგმის განხორციელებაც ვერ მოახერხა გახარიამ. იყო ასევე 20 ივნისის კრიზისი, ლარის კურსის დაცემა, სასამართლოს სკანდალი და "ოცნებიდან" წევრების წასვლა. ამ ყველაფერში რამე არის პოზიტიური და ვერ ვამჩნევთ?

- ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე სათათბიროს შექმნას სთხოვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თავისი დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობს? - ჩვენ პრეზიდენტად გვჭირდება სიკეთით და შორსმჭვრეტელობით გამორჩეული ადამიანი. პრეზიდენტი არ უნდა ჩამოლაბორანტდეს იქამდე, ჯერ კრიტერიუმები დადგენილი არ არის, ამიტომ ვერავის შევიწყალებ და როცა იქნება, გეტყვითო, ხოლო ისინი, ვინც შევიწყალე და რატომ, არ გეტყვითო.

- რაც შეეხება განათლების მინისტრის წასვლას, "ოცნებამ" ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო? - ეს მორიგი უთავბოლობის შედეგია. ახლა სამინისტროების განცალკევებზე დაიწყეს ლაპარაკი. თავის დროზე შეერთებას ვინ და რატომ დაუჭირა მხარი? რაც ამ უაზრო გაერთიანებით გაფუჭდა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა, ვინ აგებს პასუხს?!