რას მოუტანს განათლების სისტემას მინისტრების ხშირი ცვლა? - კვირის პალიტრა

რას მოუტანს განათლების სისტემას მინისტრების ხშირი ცვლა?

"როდესაც ზოგადი ფონი, პოლიტიკური ურთიერთობები ანტაგონიზმზეა დამყარებული, რთულია საქმის კარგად კეთება, რეფორმების განხორციელება. მით უფრო მაშინ, როცა არჩევნები მოდის..."

"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები", - ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა. "ქართული ოცნების" მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში ბატიაშვილი განათლების მეხუთე მინისტრია. მანამდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და მიხეილ ჩხენკელი. ბატიაშვილი ამ პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ექსპერტების ნაწილს არ სჯერა ბატიაშვილის დასახელებული მოტივი, რომელიც მინისტრის პოსტის დატოვებას ეხება. ასევე არ სჯერათ, რომ პრემიერ-მინისტრი გახარია გულწრფელია, როდესაც გადამდგარ მინისტრს მადლობას უხდის: "ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და, რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით".

სინამდვილეში, რა შეიძლება იყოს ბატიაშვილის გათავისუფლების მიზეზი და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს განათლების სფეროში დაწყებულ რეფორმებს მინისტრების ხშირმა ცვლამ? ამის შესახებ გვესაუბრება ექსპერტი განათლების საკითხებში რეზო აფხაზავა.

- განათლების სისტემისთვის კარგი არ არის მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა, მით უმეტეს, როცა დაწყებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიც მასწავლებლების კორპუსის გაჯანსაღება, განათლებაში დაფინანსების გაზრდა, უმაღლესში მისაღები გამოცდების სისტემის განვითარება და სასკოლო შეფასების ცვლილებაა.

მინისტრის ცვლილება ცვლის განათლების პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში დაწყებული რეფორმა შუა გზაზე წყდება და როდესაც მეორე მინისტრი აგრძელებს, ისე ირევა ყველაფერი, რთულია გარკვევა, რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი და რომელი - მცდარი. თუ მინისტრის შეცვლის შემდეგ ძველი გუნდი დარჩება და რეფორმაც იმავე მიმართულებით გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. საერთოდ,

კარგი იქნებოდა, განათლების რეფორმა ამა თუ იმ მინისტრის პირად შეხედულებებსა და მოსაზრებებზე არ იყოს დამოკიდებული. ერთი კურსი უნდა იყოს არჩეული და მინისტრების ცვლა არ უნდა მოქმედებდეს განათლების ძირითად მიმართულებებზე.

ახლა იწყება მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც თანამიმდევრულად მიჰყვება ყველა, ვინც უნდა იყოს სამინისტროს მენეჯმენტში. მეტიც, განათლების სტრატეგია ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მასზე გავლენას მინისტრების კი არა, ხელისუფლების ცვლილებაც არ უნდა ახდენდეს.

ჩემი აზრით, დღეს ფრონტის ხაზი გადის ზოგად განათლებაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლამდელი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებები, თუმცა, როგორც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სასკოლო ზოგადი განათლება მთავარია, ძირითადი პრობლემები ამ მხრივ გვაქვს. ეს გამოწვევებია მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერება, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება, განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის ამაღლება, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ზღვაში წვეთია ის, რაც აქამდე გაკეთდა. დღეს ჩვენი განათლების სტანდარტი არ იძლევა საშუალებას, ჩვენი ახალგაზრდები, გამონაკლისების გარდა, ევროპელ თანატოლებს გაუტოლდნენ.

ახლა ჩვენთვის პირველი ამოცანაა პროფესიონალი მასწავლებლების მოზიდვა, მოქმედი მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და შესაბამისი ანაზღაურება. განათლების სისტემაში ერთმანეთზე გადაჯაჭვული ბევრი პრობლემაა. ვიღაცას, შესაძლოა, იოლი ჰგონია ამ სისტემის მოწესრიგება, მაგრამ ეს ურთულესი პროცესია.

- მაია მიმინოშვილმა უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მას უნდა შეეცვალა ბატიაშვილი. რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს კანდიდატის მოძებნა უჭირს. - მეც ვფიქრობდი, რომ მიმინოშვილი არ დასთანხდებოდა ასეთ შეთავაზებას, რადგან ძალიან რთული წელი მოდის - როდესაც ზოგადი ფონი, პოლიტიკური ურთიერთობები ანტაგონიზმზეა დამყარებული, რთულია საქმის კარგად კეთება, რეფორმების განხორციელება. მით უფრო მაშინ, როცა მალე არჩევნებია და დაპირისპირება იწყება საზოგადოებასა და განსაკუთრებით, პოლიტიკურ ძალებს შორის.

ხათუნა ბახტურიძე