"საქართველოზე ჰიბრიდული ომის გადამწყვეტი შეტევა მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"საქართველოზე ჰიბრიდული ომის გადამწყვეტი შეტევა მიმდინარეობს"

"საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური არჩევნების მომსწრე გავხდებით"

"მომავლის ომი" უწოდეს პოლიტოლოგებმა რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების შექმნილ ახალ მოდელს - ჰიბრიდულ ომს. ეს გახლავთ ომის ახალი სახეობა, რომელმაც ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი წაშალა, მსოფლიო საზოგადოება ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. სპეციალისტები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია თუ ფარულ გამოყენებას. რუსეთი ახლა თავისი პოლიტიკური და სამხედრო ინტერესების მისაღწევად სწორედ ამ ახალი მეთოდით იბრძვის. დასავლურ პრესაში ხშირად ქვეყნდება პუბლიკაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობს კრემლი, ჰიბრიდული ომის მეშვეობით დაასუსტოს ნატო, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინა პირობა, მოახერხოს ტერიტორიების ანექსია მისთვის მეტწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე. ცხადია, რომ ჰიბრიდული ომის რუსული თეორიის გაგება მნიშვნელოვანია მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად არა მხოლოდ დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. როგორია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული ომის მიმართულებები, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს უკვე და რას უნდა ველოდოთ მომავალში? ამის შესახებ გვესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე:

- საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გადამწყვეტი შეტევა მიმდინარეობს. ჰიბრიდული ომი გაშლილია რამდენიმე ფრონტზე. ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური დივერსია, საინფორმაციო სივრცის ათვისება, სამოქალაქო, მედიასა და არასამთავრობო სექტორში გავლენის ცალკეული ჯგუფებისა და საკუთარი მედიაგამოცემების შექმნა, კიბეროპერაციები და სხვა. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების მოსყიდვაა, მათში ადრევე ჩანერგილი აგენტურის გააქტიურების პარალელურად. ჩვენს ქვეყანაში ყველა ამ მიმართულებით გადადგმული რუსეთის ნაბიჯები თვალსაჩინოა. დავიწყოთ ეკონომიკური დივერსიით: მოსკოვმა ფართოდ გაუღო კარი ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას; რუსეთში ყველა საინფორმაციო საშუალებით ფართო რეკლამას უწევენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს რუსი ტურისტებისთვის, ხელი შეეწყო საქართველოში რუსული ბიზნესის გაძლიერებასა და რუსების მიერ უძრავი ქონების ყიდვას. მაგრამ ნახეთ, რა გააკეთა მოსკოვმა "გავრილოვის ღამის" შემდეგ - აკრძალა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, რუსი ტურისტებისთვის საფრთხის შემცველ ტერიტორიად გამოგვაცხადა და დაგვემუქრა ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებით. ეს ფაქტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსეთს გამოიყენოს საკუთარი ბაზარი და საკუთარი მოსახლეობაც კი ჰიბრიდული ომის იარაღად. გასაგებია, რომ რუსული სანქციებით ჩვენ ვიზარალეთ, მაგრამ, ამავე დროს, იზარალეს რუსულმა ავიაკომპანიებმა და რუსმა ხალხმაც, ვისაც ავიაბილეთები ჰქონდა ნაყიდი და სასტუმროები დაჯავშნილი საქართველოში. რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასაც, როგორც იარაღს, ისე იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რუსულ ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მისთვის საინტერესო ტერიტორიებზე სტრატეგიული ობიექტების ყიდვას. ალბათ, გახსოვთ, როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოს რკინიგზისა და გაზსადენის შეძენას. რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყიდულობენ.

ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში საუბარი იყო რუსული ნაციონალური პროექტებისთვის გამოყოფილ 26 ტრილიონ რუბლზე. მაყურებელს ასეთი რამ უთხრეს - იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ, რა თანხაზეა ლაპარაკი, გეტყვით, რომ ამ ფულით საქართველოსნაირი პატარა, ლამაზი ქვეყნის 83-ჯერ ყიდვა შეიძლებაო. ამ ერთ წინადადებაში ჩატეული რუსული ჰიბრიდული ომის არსის ასეთი თვალსაჩინო აღწერა მე არ მინახავს.

რუსეთი აპირებს საქართველოს ყიდვას და ამისთვის ყველა ხერხს იყენებს.

- პოლიტიკურ დივერსიასა და პოლიტიკოსების მოსყიდვის მეთოდებზე რას იტყვით?

- პოლიტიკური მიმართულებით ორი სხვადასხვა ფრონტია გაშლილი. ერთი გახლავთ მოქმედი პოლიტიკური ელიტის ყიდვა და ძველი აგენტურის გააქტიურება, რისთვისაც ახლა ძალიან ნოყიერი ნიადაგი აქვს, მეორე - ახალი პოლიტიკური მოთამაშეების შექმნა. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ერთნაირად მუშაობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ ბიზნესელიტასა და მედიასივრცეში. ეს არის ე.წ. მეხუთე კოლონა. არიან აშკარა პრორუსული ძალები, მაგრამ ასევე არიან ძალები, რომლებიც შეფარვით აკეთებენ რუსეთისთვის სასარგებლო განცხადებებს, ქმნიან რუსეთისთვის საჭირო პლატფორმასა და საზოგადოებრივ განწყობას.

ჰიბრიდულ მოთამაშეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიას. ამ მიმართულებით გამოყენებულია როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე ინტერნეტი. სოცქსელებში სულ უფრო ხშირად ნახავთ ფეისბუქგვერდებს, რომლებიც ღიად იცავენ პრორუსულ ორიენტაციას, თავს ესხმიან დასავლურ ფასეულობებს, ერთმანეთს უპირისპირებენ ტრადიციებსა და დემოკრატიას.

- ბოლო დროს ჩვენი საზოგადოება მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ. ასეთი რეალობა ხელისუფლების არასწორ პოლიტიკასთან ერთად ჰიბრიდული ომის შედეგადაც ხომ არ მივიღეთ? - რა თქმა უნდა. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფად დაქსაქსვა, დაპირისპირება და დემორალიზაციაა. "ყველა ყველას წინააღმდეგ" პრინციპით საზოგადოების დახლეჩა კარგად აპრობირებული ხერხია. აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - "ფეიკნიუსებითა" და დაქირავებული "ბოტებით" ინგრევა რუსეთისთვის მიუღებელი, არაკონტროლირებადი პოლიტიკური ლიდერების იმიჯი, ხდება კრემლისგან დამოუკიდებელი ახალი პოლიტიკოსების პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში შემოსვლის პრევენცია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ რეიტინგშემორჩენილი ინსტიტუციების საფუძვლების მორყევა. მაგალითად, ყველაფერი კეთდება, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის ნდობა მინიმალურ ნიშნულამდე დაეცეს. მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა მორალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, რომ საჭირო დროსა და საჭირო მომენტში საზოგადოება გამაერთიანებელი ღერძის გარეშე დარჩეს, საბოლოო მიზანი კი ერისთვის სასიცოცხლო, აღმშენებლობითი ენერგიის გამოცლა, დემორალიზება და დეპრესიაში ჩაგდებაა, რათა ვერ მოხერხდეს ერის ერთი სახელმწიფოებრივი მიზნით გაერთიანება. კრემლს ხელს აძლევს, რომ არ დარჩეს ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში.

- აშკარაა პატრიარქისა და მთლიანად ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაც. ეს ამბავიც რუსული ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა? - ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე "ავტორი" ჰყავდეს. ნათელია ორი რამ: პირველი - ეს არის კარგად დაგეგმილი და დროში გაწერილი სპეცოპერაცია და მეორე - საპატრიარქოს ირგვლივ შექმნილი ვითარება მრევლისთვის არის მინიმუმ თავზარდამცემი და მაქსიმუმ - სრული დემორალიზაციის მომტანი, იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ბოლო საყრდენი. აშკარაა შტურმი იმ ინსტიტუციაზე, რომელსაც საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილის დარაზმვის რესურსი ჰქონდა. დღეს ჩვენ მთავარი მიზნისთვის გაერთიანების რესურსი აღარ გვაქვს. ყველაფერი, რაც ხდება - ყოველდღე ამდენი ნეგატიური ინფორმაცია, ინსტიტუციებისა და ავტორიტეტების იმიჯის ნგრევა, ერთმანეთზე წაკიდება - სპონტანური პროცესი არ გეგონოთ, ეს არის უმაღლესი კლასის პროფესიონალების დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია.

- დღეს პოლიტიკოსები და სოციალურად აქტიური პერსონები თავიანთი ქმედებებით გაუთვითცნობიერებლად ხომ არ ასხამენ წყალს მტრის წისქვილზე? - არსებობს ცნება "სასარგებლო იდიოტი", გნებავთ - "გავლენის აგენტი". ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არც აგენტები არიან, არც მოსყიდულები და არც ეკონომიკური ინტერესით არიან რუსეთზე დამოკიდებულნი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რა დგას იმ პროცესების მიღმა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდეთ. მიმდინარე წელი დაიწყო პანკისის სპეცოპერაციით და საფრთხე დაემუქრა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას; შემდეგ იყო დავითგარეჯის თემა და საეჭვო გახდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლობის საკითხი; შემდეგ დაანონსდა გეიაღლუმი თბილისში, რის გამოც ლიბერალური და კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოება დაუპირისპირდა ერთმანეთს და ეს დღესაც გრძელდება, ამჯერად ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გამო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჰიბრიდული ომის სპეცოპერაციას, რაზეც ზემოYთ ილაპარაკეთ. არის კიდევ ერთი ფაქტორი - ამ სკანდალური მოვლენების შუალედებში, როგორც კი ვითარება ოდნავ დაწყნარდება, რუსეთი იწყებს ბორდერიზაციას. შედეგად საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო აქტივისტები უპირისპირდებიან ერთმანეთს, არადა, რუსეთს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ერთ კვირაში შეუძლია საოკუპაციო ზოლის შეღობვა. როგორ ფიქრობთ, ეს ხელოვნურად გაწელილი ბორდერიზაციაც ჰიბრიდული ომის ნაწილია? - მართლაც, ეს გაჭიანურებული ბორდერიზაცია იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და ხალხის დაპირისპირებას გულისხმობს. ამ ქმედებით რუსეთი ორ კურდღელს იჭერს - გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან გვაპირისპირებს, გვიქმნის განცდას, რომ უსუსურები ვართ; ყოველდღე გვაგრძნობინებს, რომ გვიპყრობს, ტერიტორიას გვართმევს და ამით ცდილობს საზოგადოების დემორალიზაციას.

- ჩვენი სახელმწიფო აცნობიერებს თუ არა ამ რეალობას და რა რესურსები გვაქვს გამოწვევებთან გასამკლავებლად? - ძალიან სახიფათო ომია. მტრის საბოლოო მიზანი ასეთია - ამ ომში დამარცხებული საზოგადოება ფსიქოლოგიურ კაპიტულაციას აცხადებს მომხდურის წინაშე. ტანკებითა და სამხედრო წესით ოკუპაციის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას, თუმცა, შესაძლოა, გამარჯვებულმა მტერმა ეს საჭიროდ აღარც ჩათვალოს. მორალურად, ფსიქოლოგიურად გატეხილ და განადგურებულ საზოგადოებას რაღა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია? რა კეთდება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად? 2018 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან ბევრი რამ ზუსტად იყო დანახული და გაანალიზებული, თუმცა მე არ გამიგია, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყოს. უპირველესად, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მივცეთ მაქსიმალური განათლება, თუ რასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად გვჭირდება ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგო ცენტრი, რომელიც პრევენციასა და შედეგების აღმოფხვრას ეცდება. ამ ცენტრში ფართო პროფილის სპეციალისტები იქნებიან საჭირო, განსაკუთრებით, ეთნოფსიქოლოგები, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც საქართველოს წარსულს, ასევე საზოგადოების ქცევის მოტივატორებს, ანუ იციან, რა გამაღიზიანებლებზე როგორ რეაგირებს მოსახლეობა. მოსკოვს ეს ყველაფერი ზუსტად აქვს შესწავლილი და ძალიან ხშირად ახერხებს ამ თემის აგორებით საზოგადოებების დაპირისპირებას.

- ჰიბრიდული ომის არსენალში იარაღი ამოწურულია, თუ კიდევ უნდა ველოდოთ ახალ გამოწვევებს?

- სიურპრიზები წინ გვაქვს. ხომ ხედავთ, ეკლესიას რა უქნეს! პოლიტიკოსების დისკრედიტაცია კი ეკლესიის მესვეურებთან შედარებით ძალიან იოლია და ამ შანსს არც შინაური და არც გარეული ავის მოსურნეები ხელიდან არ გაუშვებენ. არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიბრიდული ომის წარმოების პროცესში. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს მისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის. ყველანაირად ეცდება ნიჰილისტურად განაწყოს ამომრჩეველთა უმრავლესობა, რათა საარჩევნო უბანზე რაც შეიძლება ცოტა ხალხი მივიდეს, ცოტას მოსყიდვას კი იოლად მოახერხებს. ყველაფერი მეტყველებს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური არჩევნების მომსწრე გავხდებით.

ხათუნა ბახტურიძე