"ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მხოლოდ იმიტომ, რომ არა და არ ჩანს მისი საპირწონე ძალა" - კვირის პალიტრა

"ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მხოლოდ იმიტომ, რომ არა და არ ჩანს მისი საპირწონე ძალა"

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო იგრძნობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გავლენა, მეტიც, თითქმის ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესი დღეს სწორედ საარჩევნო პრიზმაში განიხილება. გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც, როგორც ჩანს, მასშტაბურად ჩაერთვება სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. დანიური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ მთავარი გზავნილი, მისი საქველმოქმედო საქმიანობის შეხსენებასთან ერთად, კიდევ მეტი ქველმოქმედების დაპირება იქნება.

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრას" ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დღეს რეალობა ისეთია, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მხოლოდ იმიტომ, რომ არა და არ ჩანს მისი საპირწონე ძალა. ოპოზიციურ ფლანგზე დაბნეულობა და სრული გაურკვევლობაა, მთავარი ოპოზიციური ძალა კი "ნაციონალური მოძრაობა", ამომრჩევლისთვის კვლავაც "ქართულ ოცნებაზე" მეტად მიუღებელია. რა მოხდება მომავალ წელს, არ ვიცი, შეიძლება ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებებს, მან აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის - ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას არ ექნება სტრატეგიული გეგმა და არ იქნება სისტემური ცვლილებები, არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ეს არ აისახება.

ეკონომიკის, საფინანსო სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო. ინოვაციებია საჭირო სოციალური ვითარების შესაცვლელად.

ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, სხვის გაშავებაზე, სხვის გაკრიტიკებაზე არიან გადართული. მიდგომა ასეთია - რაც უნდა გააკეთოს მეორე მხარემ, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური იქნება.

საზოგადოებაში არის მოთხოვნა სახელმწიფო იდეოლოგიის, ხედვის, რას ვაკეთებთ, რა გვინდა, რას ვთხოვთ მსოფლიოს და რას ვაძლევთ?..

იდეოლოგიის არარსებობა ფიტავს სახელმწიფო სხეულს. პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად