"ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკამ, ბევრი მიეყიდა" - კვირის პალიტრა

"ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკამ, ბევრი მიეყიდა"

ჩვენში განხილვის თემად რჩება ეკლესიის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ვითარება, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოვლენები წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდება. ათასგვარი ვარაუდი გამოითქმის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან. ვიღაც ხელისუფლებას ადანაშაულებს, ვიღაც "ნაციონალურ მოძრაობას", სხვათა აზრით კი გარე ძალების კვალი უნდა ვეძებოთ. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ მიიღო ამ ყველაფრისგან სარგებელი?ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- შესაძლოა ამ ყველაფრის უკან ერთად იდგეს ყველა ის, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. ძალიან დიდი ხანია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. როდესაც პირადად მე ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის ნიშნები აშკარად ჩანდა. ამ ბრძოლის უკან, რა თქმა უნდა, უპირველესად ივარაუდება რუსეთი, თუმცა დასავლეთშიც არიან წრეები, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია გულზე დიდად არ ეხატებათ. ამით ნამდვილად მოახერხეს ეკლესიის ნაწილობრივი დისკრედიტაცია, მაგრამ ქვეყანაში რწმენისა და ეკლესიის შერყევა ასე იოლი არ არის. მართლმადიდებლობა ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს, საუკუნეების განმავლობაში იმდენ რამეს გავუძელით, მეეჭვება ამ პროცესებით ეკლესიის დაშლა მოახერხონ, თუმცა მცდელობა ნამდვილად არის. ქართული ეკლესია ქართული სახელმწიფოსა და იდეის ბურჯია. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

რასაკვირველია, როდესაც შენი მტერი ებრძვის ასეთ ინსტიტუტს, ებრძვის შენს სახელმწიფოებრიობას და ეს უნდა გაისიგრძეგანოს ქართველმა საზოგადოებამ. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი ჟურნალისტთა კორპუსის ნაწილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას. ეს მაოცებს.

- ანუ თქვენი ვარაუდით, შექმნილ ვითარებაში გარე ძალების კვალი უნდა ვეძებოთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის წიაღში კრიზისია. გარდა ამისა, ყველანი მოწმენი ვართ სხვადასხვა ხელისუფლების დროს რა მცდელობებიც იყო ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად. თუ გავიხსენებთ მეუფე იაკობის განცხადებებსაც, მან ქვეყნის პირველი პირები დაადანაშაულა პატრიარქის გადაყენების მცდელობაში. თავის მხრივ, ეკლესიაც არასდროს ერიდებოდა პოლიტიკაში ჩართვას.

- ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომაც გამოჟონა ამ ყველაფერმა ასე მწვავედ. ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული. გავიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი, როგორ ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ, უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა.

გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე, რომელიც შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა სხვამაც ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა კა-გე-ბეს ჩანერგილი ეკლესიის წიაღში. თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა. შექმნილი ვითარებით სარგებლობას კი, სავარაუდოდ, ქვეყნის გარედანაც ცდილობს მავანი და ქვეყანაშიც... "ნაციონალური მოძრაობა" რომ აშკარად დაინტერესებულია ეკლესიის დასუსტებითა და არეულობით, ეს ცხადად ჩანს... გარდა ამისა, რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად