დიმიტრი ხუნდაძე "ნაცმოძრაობის" დეპუტატებს: "რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ?" - კვირის პალიტრა

დიმიტრი ხუნდაძე "ნაცმოძრაობის" დეპუტატებს: "რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ?"

რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ! თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ასევე ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

როგორც ხუნდაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებენ.

"ყოველთვის ვცდილობ თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოსვლებში და განცხადებებში, მაგრამ შეუძლებელია ემოციის გარეშე შევაფასო ბოლოდროს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. სრულიად გამიზნული სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" თავის დანაყოფებთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა თანამდებობის პირის - მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. ისინი ცდილობენ სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. შენებაც კი სურთ მათ რომ ნგრევად გამოაცხადონ", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, "ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას".

"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ლიდერთან ერთად, რომელიც ბოლოს გამოგვეცხადა, როგორც ეკლესიის პატივისმცემელი და მოძღვარი, თითქოს მას უნდა აღსარება ჩავაბაროთ, ჯვარი დაგვანახა და სწორედ ჯვარს დაუწყო ბრძოლა. მართალია, ეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ ეს არის კულმინაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. ეკლესიასთან ბრძოლა არ დაუწყიათ დღეს. 16 წელია ისინი საზოგადოების და ქვეყნის ამ ფუნდამენტურ საყრდენს ებრძვიან. გახსოვთ ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა. "თავისუფლების ინსტიტუტისა" და ბოკერიას მიერ ეკლესიის ყოველდღიური დისკრედიტაცია. ახალაიების პირადი მოძღვრის, კარის მოძღვრის, პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება და შემდეგ მათი ლიდერის გამოხმაურება, რომელიც მას "ღირსეულ კაცად" აღიარებს. გაბუნიას ბილწსიტყვაობას სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, მაგრამ საზოგადოება ამას არასდროს მიეჩვევა. გახსოვთ ალბათ, ღვთისმშობელზე ფეხით შედგომა და საზოგადოების სულში ჩაფურთხება. რამდენიმე დღის წინ ამ მართლაც "ჯოისტიკმა" მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას და ფონი შეუქმნა მათ ყოფილ მეუფეს პეტრეს, რომელიც კიდევ ერთხელ ილაშქრებს პატრიარქზე. გრცხვენოდეთ! პატრიარქი, რომელიც არის უხუცესი, საჭეთმპყრობელი, სულიერების წინამძღოლი, პატრიარქს, რომელსაც პატივს სცემს ყველა ჯიშის, ყველა ჯილაგის, ყველა რწმენის წარმომადგენელი და თქვენ ამას არ აკეთებთ. რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ! თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ასევე ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას. კმარა და გეყოფათ! საზოგადოებასაც და ჩემი გუნდის წევრებსაც გთხოვთ, რომ შეაფასოთ სიტუაცია. არ არის საცდელი ობიექტი ეს ქვეყანა. გთხოვთ, უფრო მეტად პრინციპულები იყავით და ის შეცდომა, რომელიც დაუშვით კოჰაბიტაციის, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული", - განაცხადა ხუნდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"