პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ
12-11-2019
პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები ცდილობენ, უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობაში დაარწმუნონ.

მათი მთავარი არგუმენტია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სიცარიელე გაჩნდება.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტის მომხსენებელს ირაკლი კობახიძეს კითხვებით მიმართეს, ვინ მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს, თუკი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.

"ჩვენ, მაჟორიტარ დეპუტატებს, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, ასევე გვევალება ვიყოთ შუალედური რგოლი საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტში იყო სამი სოფელი, სადაც ონკანში წყალი არ იყო. კვირაში ერთხელ ტრანსპორტით შეგვქონდა წყალი, რომ მოსახლეობას დასალევი წყალი ჰქონოდა. რომ არა ჩემი ჩართულობა, დღეს ამ სოფლებს წყალი არ ექნებოდა. ჩემი უშუალო ჩართულობით, დაახლოებით 600 ოჯახს წლით სარგებლობა შეუძლია. თუ მაჟორიტარები არ იქნებიან, თქვენ
როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეასრულოს შუალედური როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის? თვითმმართველობა არის მზად, რომ ეს ფუნქცია იკისროს?", - ჰკითხა დაჩი ბერაიამ ირაკლი კობახიძეს.

დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მცდარი მოლოდინი იმისა, რომ მთელი საზოგადოება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.

"რატომ ვართმევთ მოქალაქეებს, რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში? როცა რაღაცას ვცვლით, სულ ცოტა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება უნდა დაიგეგმოს სწორად და ამის გარანტიები უნდა არსებობდეს. ჩვენი შეთანხმება იყო, რომ 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, რომ თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში სამთვიანი არეულობა," - ჰკითხა ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს.

მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია კი დაინტერესდა, რითი აპირებს უმრავლესობა იმ სიცარიელის ჩანაცვლებას, რომელიც მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით შეიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?