"გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა" - "ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა - კვირის პალიტრა

"გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა" - "ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა

მეორე დღეა მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" ოფისში დილიდან იკრიბება. მსჯელობის საგანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაზეც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრა "თავისუფალ რეჟიმში" ჩატარდება.

როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "გაიმარჯვა დემოკრატიამ".

"როგორც ყოველთვის, "ქართული ოცნება", უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მათ შეხვედრის დროს გუნდის ერთობაზე ძალიან დიდი ყურადღება გაამახვილეს.

"ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს მმართველი გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ჩვენს რამდენიმე კოლეგას აქვს კატეგორიული პოზიცია და არის იმის დაშვება, მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს", - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის გარკვეული დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული.

"საკითხის არის ძალიან რთული, იწვევს ვნებათაღელვას ჩვენი სხვადასხვა პარტიის წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ თავიანთი პოზიცია. უმრავლესობის სხდომაზე ძალიან მკვეთრად, პარტიის თამჯდომარის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. 113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენ ასევე გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

"ინტერპრესნიუსი"