"არ შეიძლება ერთი და იგივე სამედიცინო პროცედურა განსხვავებულ ფასად კეთდებოდეს" - რა იცვლება საყოველთაო დაზღვევის სისტემაში?
"არ შეიძლება ერთი და იგივე სამედიცინო პროცედურა განსხვავებულ ფასად კეთდებოდეს" - რა იცვლება საყოველთაო დაზღვევის სისტემაში?
ფოტო:აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე
საქართველოს ყველაზე მხარჯველი სახელმწიფო ორგანო 2020 წლისთვის სიახლეებს აანონსებს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებების შეტანას გეგმავს; იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის სტრუქტურა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მომავალი წლიდან ყველა სამედიცინო სერვისზე, მათ შორის საყოველთაო დაზღვევაზე, განფასება განხორციელდება, რაც, მათივე მტკიცებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსახლეობის მიერ თანხის გადახდის მოცულობას, ცვლილებები მოიცავს ფასრეგულირებას.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ 2020
წლიდან შეიცვლება პროგრამაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების საკითხი და ამასთანავე, დაფინანსების ერთიანი სისტემა, შესაბამისად, კლინიკები სამედიცინო მომსახურებაზე განსხვავებულ ტარიფებს ვეღარ დააწესებენ. ეს ინიციატივები თავდაპირველად გაახმაურა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ჯერჯერობით მედიასთან საუბარს თავს არიდებს.

kvirispalitra.ge- სთან ინტერვიუში, აკაკი ზოიძე მომავალი წლის სიახლეებსა და საყოველთაო ჯანდაცვის
ცვლილებაზე საუბრობს. მისი თქმით, სამინისტრო მალე ახალ ნაბიჯებს გადადგამს, რაც მოქალაქეებს მეტ სარგებლს მოუტანს.

აკაკი ზოიძე:
- "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის სფეროში, თუმცა საჭიროა მუდმივი განახლება, ამიტომაც, მივიჩნევ, რომ დაგვიანებულიც კი არის ეს რეფორმა. გადასვლა განახლებულ სისტემაზე უფრო სამართლიან ფასს წარმოქმნის. ფასწარმომქმნის სისტემა იქნება ერთიანი და სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ყველა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებისთვის, თუ არ უნდათ ამ სისტემაში მონაწილეობა, შეუძლიათ თავიანთი ფასები დააწესონ და კერძო პაციენტების იმედზე დარჩნენ. არ შეიძლება ერთი და იგივე პროცედურა განსხვავებულ ფასად კეთდებოდეს, როდესაც დაახლოებით ერთი და იგივე დრო, მსგავსი სამედიცინო მოხმარების საგნები და წამლები სჭირდება. უხეშად რომ ვთქვათ, ეს კლინიკის მფლობელის განსხვავებულ "მადაზეა" დამოკიდებული.

ჩვენთან სოკოებივით მომრავლდა ეს მცირე კლინიკები - მათი რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, თუმცა საწოლების რაოდენობით - არა. მთავარი ამოცანა არის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი, ჩვენთან შემოვიდა კლინიკებიდან ერთობლივი წერილი, აინტერესებთ, რამდენად სამართლიანია ტარიფი, რომელიც ახლა შევთავაზეთ, წესით, პრობლემა ამასთან დაკავშირებით აქვთ და არა კანონის პრინციპთან. ეს რეგულაცია აწყობს მოსახლეობას, რადგან მიიღებენ უკეთეს მომსახურებას ნაკლებ ფასად. ის პირველი ტარიფები, რაც კლინიკებს შევთავაზეთ, შესაძლოა საკამათო იყოს და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ განსხვავებული მოსაზრებები, გავმართოთ შეხვედრა და გაგვიგოთ რამდენად სამართლიანია პრეტენზიები. ჩვენ ამ პრინციპზე 2016 წელს უნდა გადავსულიყავით და დრო მოსამზადებლად საკმაოდ ბევრი ჰქონდათ.

ჩვენთან საუბარში ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებები დადგენილებაში უკვე შეტანილია, კანონზე აქტიური მუშაობა მიდის და უახლოეს მომავალში ოპტიმალური, დაბალანსებული ვარიანტი მოიძებნება ორივე მხარისთვის, რითიც მოსახლეობაც და ექიმებიც კმაყოფილები იქნებიან.

აკაკი ზოიძის თქმით, ცვლილებებს უნდა ველოდოთ საყოველთაო დაზღვევის კონტრაქტების მიმართულებითაც, კლინიკები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც შეეხება ხარისხსა და ეფექტიანობას, შეუწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის უფლება.

kvirispalitra.ge ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, პარლამენტარ ლევან კობერიძესაც ესაუბრა, კობერიძის განმარტებით, სამინისტრო ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და ჯანდაცვის კომიტეტთან ნაკლებად ურთიერთობს.

ლევნან კობერიძე:
- ჯანდაცვა არის ის სფერო, რომელშიც კომიტეტი ყოველთვის აქტიური იყო ჩართული, საწყენია, რომ ახლა ასე არ ხდება. მნიშვნელობანია, რომ ყველა მიზნობრივ ჯგუფთან მოხდეს გასაუბრება. სწორედ ამ ფასების გათანაბრებასთან დაკავშირებით და დაპირების თანახმად, უნდა ყოფილიყო აქტიური მოლაპარაკება, როგორც კლინიკებთან, ასევე საპარლამენტო კომიტეტებთან, თუმცა მიღებული იქნა გადაწყვეტილება დადგენილების სახით, რომელიც არ არის დიაგნოზთან შეჭიდული ჯანდაცვის პრინციპებზე აგებული გადაწყვეტილება.

გამოაცხადეს, რომ შემოაქვთ ე.წ. დიარჯი - ეს არის სისტემა, როდესაც ნებისმიერ პროცედურაზე კლინიკას ექნება სწორად გათვლილი საფუძველი და ყველგან ეცოდინება პაციენტს რა დონის სერვისსა და მკურნალობას მიიღებს. ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურაზე მეტ-ნაკლებად სტანდატრიზირებული უნდა იყოს და შერჩევითი კონტრაქტირების დროს ყველა კლინიკაში თანაბრად ხარისხიან ჯანდაცვის სერვისს მიიღებს პაციენტი. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ფასის ჩამოკლება და ტარიფის გათანაბრების პოლიტიკა, მაგრამ მოხერხდება კი ყველგან ერთნაიარი ხარისხის უზრუნველყოფა?! - ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის პაციენტების ჯანდაცვას. ეჭვი ჩნდება, რომ უბრალოდ თანხის დაზოგვა სურს სახელმწიფოს... ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით ადამიანები ვეღარ მიიღებენ ხარისხიან სერვისს ჯანდაცვის სფეროში - კლინიკები იძულებულები იქნებიან შეამცირონ ხარჯები და ერთჯერადი სტერილური მასალიდან გადავიდნენ სტერილიზატორებზე, გაჩნდება "შავი ჯიბის" სინდრომი, ჯანდაცვა არის აღმავლობის გზაზე და ეს შეწყდება.
ლევან კობერიძის თქმით, აღნიშნული გააწყვეტილების მიზანი ასევე 2020-ის არჩევნებითვის, თანხის დაზოგვის სურვილია, გადაწყვეტილება არა დარგისთვის არამედ პოლიტიკური პარტრიისთვის არის სასიკეთო, რეფორმის საბოლოო შედეგით არასათანადო მკურნალობას მივიღებთ.

ლევან კობერიძე:
- გამოსავალი პირველ რიგში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივ მსჯელობასა და გადაწყვეტლებაში. ვთავაზობ ეკატერინე ტიკარაძეს, რომ მოვიდეს და დავიწყოთ აქტიური მსჯელობა ამ საკითხზე, რადგან არა საჯარო მსჯელობა ამ რეფორმაზე, კითხვის ნიშნებს ბადებს და არეულობას იწვევს მოსახლეობაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან შეიცვლება პროგრმაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების საკითხი და ამასთანავე, დაფინანსების ერთიანი სისტემა, შესაბამისად, კლინიკები სამედიცინო მომსახურებაზე განსხვავებულ ტარიფებს ვეღარ დააწესებენ. როგორც ჩვენთვთის ცნობილია, სამომავლოდ იგეგმება სხვა ცვლილებებიც, სავალდებულო დაზღვევაში ჩართული კლინიკების რაოდენობის შემცირება, მედიკამენტებზე ფასების დაწევა და 1-ლარიანი მედიკამენტების სისტემის ხელხალი ჩამოყალიბება.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?