"ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ხელი ამაზეც მოაწერა. თუ ხალხი ამას აპატიებს, მაშინ ეს ის ამ ხელისუფლებას იმსახურებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ხელი ამაზეც მოაწერა. თუ ხალხი ამას აპატიებს, მაშინ ეს ის ამ ხელისუფლებას იმსახურებს"

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

14 ნოემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა, საბოლოოდ კანონპროექტი ჩავარდა.

ეს გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ხმაურით გააპროტესტეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილეებისთვის ერთ-ერთი მიცემული პირობა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო, რომლის ინიციატორიც ბიძინა ივანიშვილი იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტ გია ხუხაშვილს შევაფასებინეთ:გია ხუხაშვილი

"მე უფრო ოპტიმისტი ვარ და ველოდი, რომ რაღაცნაირად შეეცდებოდნენ და გაიტანდენენ ამ კანონპროექტს იმიტომ, რომ მიცემული სიტყვის გატეხვა, მათ შორის პროტესტის ფონზე, ნებისმიერი ღირსეული პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლფასია. როგორც ჩანს, ჩვენთან ყველაფერი მოსულა. კარგად გვახსოვს, როდის მისცეს ხალხს სიტყვა, ფაქტობრივად, ხალხს ეხვეწნენ, რომ ოღონდ ახლა სახლებში შედით და ჩვენ ამას გავაკეთებთო, ბოლოს კი, ხალხი "გადააგდეს".

ორი ვარიანტია, ერთი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ამაზე ხელი მოაწერა ან არის მეორე ვარიანტი, რომ თავისივე გუნდმა ბიძინა ივანიშვილი აიძულა, თავისი ნათქვამი სიტყვები უკან წაეღო ანუ "შეეჭამა", შესაბამისად, პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, არცერთი ვარგა და არც მეორე, ორივე არის პოლიტიკურად სრული კოლაფსის გაფორმება, ახლა თვითონ აირჩიონ რომელი ურჩევნიათ. ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა, მომავალში გამოჩნდება რა და როგორ იქნება. ამას არ ჰქვია ხალხის "დაბოლება", ამას ჰქვია "გადაგდება" მაქსიმალურად უხეში ფორმით, აშკარა სულელური თამაშით".

კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

"ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გია ხუხაშვილი:

"არიან ადამიანები, რომლებისთვისაც გასაგებია მარტივი ჭეშმარიტება, როდესაც საზოგადოებას პირობას აძლევ და მერე იმ პირობას არ ასრულებ და აგდებ უხეში ფორმით, ეს მიუღებელია! ჩუგოშვილისგან ეს არ არის ჩემთვის მოულოდნელი, ის ცდილობს, ყოველ შემთხვევაში, რომ დააკმაყოფილოს რაღაც პოლიტიკური და ზნეობრივი სტანდარტი. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. ცივილიზებულ სამყაროში ასეთი რაღაცეები არ ხდება, როდესაც საქმე გაქვს ყველანაირ პოლიტიკური ეთიკისგან დაცლილ სისტემასთან, მეტს რას უნდა ელოდე? სიტყვას ფასი როდესაც ეკარგება, იქ უკვე პროგნოზირება ხვალ როგორ მოიქცევა და რა მორიგ საშინელებას ჩაიდენს, რთულია.

ხალხის მხრიდან ხელისუფლება დასჯის ღირსია. ხელისუფლება, რომელიც თავის მიცემულ სიტყვას არ ასრულებს, უნდა დაისაჯოს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა სხვანაირად. თუ ხალხი ამას აპატიებს, მაშინ ეს ხალხი ამ ხელისუფლებას იმსახურებს..."

იხილეთ ასევე: "აი, ამ მონების ხელით ჩააგდო ბიძინამ" - ვინ არ დაუჭირა მხარი უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ცვლილებებს?

(სპეციალურად საიტისთვის)