"ივანიშვილს მოკავშირე არ ჰყავს. მისი მოკავშირე და სატელიტი პარტიებიც კი შოკში არიან, ისინიც კი მოატყუა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს მოკავშირე არ ჰყავს. მისი მოკავშირე და სატელიტი პარტიებიც კი შოკში არიან, ისინიც კი მოატყუა"

იქნება ძალიან მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. დღეს პარტიები შევიკრიბებით, მშვიდ ატმოსფეროში დავგეგმავთ ყველა ნაბიჯს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა და "ქართული ოცნება" დასამარდა, როგორც პარტია. გოცირიძის თქმით, "ივანიშვილს არ შერჩა ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად საელჩოებთან ლაპარაკი შეუძლია".

"მატყუარა ივანიშვილის მორიგი ტყუილი აღმოჩნდა ის, რასაც შეჰპირდა ხალხს. მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება, ელჩები. პრეზენტაცია მოაწყო, როგორ გადადიოდა პროპორციულ არჩევნებზე, მოატყუა მთელი ქვეყანა, მოატყუა საკუთარი გუნდი. ივანიშვილმა თავისი გოშია მაჟორიტარებით, იმ ადამიანებით ჩააგდო პროექტი, რომლებიც მუშაობდნენ მასთან. ზოგი "ქართუში" მუშაობდა, ზოგი მისი ყელ-ყურის ექიმი იყო, ზოგი მისი დაქირავებული პირი და აი ასე დაგეგმა სცენარი. ვინც იცოდა წერა - კითხვა და ვისაც ელემენტარულად პოლიტიკაში რაღაც გაეგებოდა, ყველამ დატოვა უმრავლესობა, შემორჩნენ ბნელი და უწიგნური ადამიანები, ფულზე დახარბებული მაჟორიტარები, რომლებიც ფეოდალებივით ასხედან თავის რეგიონებს, იქიდან იღებენ ხმებს და აქ ფულს აკეთებენ ტენდერებსა და ხელისუფლებასთან თბილ ურთიერთობაში", - აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, ივანიშვილმა იცოდა, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდებოდა, ამიტომ ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილებები.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ივანიშვილის მთავარი მოკავშირე რუსეთი და ის მაჟორიტარები არიან, ვინც საკანონმდებლო ცვლილებები ჩააგდეს.

"ივანიშვილს მოკავშირე არ ჰყავს. მისი მოკავშირე და სატელიტი პარტიებიც კი შოკში არიან, ისინიც კი მოატყუა. მეორე მოკავშირე ჰყავს ეს მაჟორიტარები, რომელთა სახელები და გვარები გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

"ინტერპრესნიუსი"