"ივანიშვილის მიზანია ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ, მაგრამ სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მიზანია ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ, მაგრამ სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ"

სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ძალიან ბევრი ინსტრუმენტია, რომელთა გამოყენება მოხდება მკაფიო გეგმის შესაბამისად და არა სპონტანურად, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება, რადგან ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა.

"დღეს მოხდა ივანიშვილის ამბოხი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად ოპოზიციური სპექტრი, პარტიები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღემდე ერთ ოთახში არასდროს შეკრებილან, ყველა ერთადაა. მე არ ვიცი საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აქ არ იყო წარმოდგენილი და ყველა ერთ ძალიან მკაფიო პოზიციაზე ვართ, რომ ივანიშვილს ძალაუფლების უზურპაციის ეს მცდელობა არ გამოუვა. მისი მზაკვრული ჩანაფიქრის მეორე ნაწილია, არსებული სისტემით, მღელვარების ფონზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მთელი ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა და ალბათ, სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩვენი გამოცხადება. ჩვენ ამას მკაფიოდ ვხედავთ და არ დავუშვებთ. ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება, იმიტომ, რომ ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა. ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს? ყველა ოლქში ერთი კანდიდატი იქნება ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ კარგად დაფიქრდეს, რა გზას დაადგა. მას კიდევ აქვს შანსი. პროპორციული არჩევნების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უცხოელ დიპლომატებთან აქვს შეხვედრა დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა შედარებით ადრე დატოვა და სამოქმედო გეგმაზე ვრცლად მისი კოლეგები ისაუბრებენ.

"ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ივანიშვილის მიზანია დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ, მაგრამ სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ", - აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

"ინტერპრესნიუსი"