საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ოპოზიცია ვადამდელ, პროპორციულ არჩევნებს ითხოვს - კვირის პალიტრა

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ოპოზიცია ვადამდელ, პროპორციულ არჩევნებს ითხოვს

პარლამენტის წინ აქცია უკვე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები შუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მანამდე ოპოზიციის ლიდერები ლეიბირისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა ვადამდელი და პროპორციული არჩევნებია.

"ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანებულია იმ საკითხში, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა პირდაპირ უფსკრულის წინაშე, ამიტომ საჭიროა, ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ეს მტრული რეჟიმი, რომლის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს. ყველა ერთად ვუერთდებით იმ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც არის რუსთაველის პროსპექტზე. ის, რაც ქვეყანას სჭირდება, არის ვადამდელი, პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. ყველაფერს გავაკეთებთ ამ ამოცანის მისაღწევად", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ვადამდელი პროპორციული არჩევნების მიღწევას ოპოზიცია საზოგადოებრივი პროტესტით აპირებს.

"აქ საზომი არ იქნება, რომელ დღეს რამდენი კაცი გამოვა ქუჩაში. რომც დასჭირდეს ბევრი დღე ამას, ეს დღეები იქნება უმწვავესი პროტესტი", - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ხელი ამაზეც მოაწერა. თუ ხალხი ამას აპატიებს, მაშინ ეს ის ამ ხელისუფლებას იმსახურებს"