"არ ვიცი, კულუარებში თუ რაიმე შეთანხმება მოხდა. საჯაროდ ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა,- პირობა შევასრულოთო" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, კულუარებში თუ რაიმე შეთანხმება მოხდა. საჯაროდ ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა,- პირობა შევასრულოთო"

"ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ", - ასე შეაფასეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდების ფაქტი თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ზაზა ხუციშვილმა და მმართველი გუნდი დატოვეს. "პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ზაზა ხუციშვილი: - ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რაც მოხდა, საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის დროს გაირკვა, რომ თურმე დეპუტატების ნაწილი კანონპროექტს მხარს არ უჭერდა. მერე მეგონა, რომ ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ კანონს პირველივე მოსმენით მიიღებდნენ... ჩააგდეს. არც ვიცი, რა ვთქვა, გაოცებული ვარ.

- თქვენ კონსულტაციების დროს საგულისხმე ვერაფერი შენიშნეთ?

- ვერაფერი, რა ვიცი... ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, ხალხისთვის მიცემული პირობა შევასრულოთო. დეპუტატები საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, მაგრამ მე მეგონა, რომ მათი რიცხვი დიდი არ იქნებოდა. კენჭისყრა რომ გადაიდო, იმ დღეს დარბაზში 133 დეპუტატი ვიყავით. მეგონა, რომ, სავარაუდოდ, ოცი კაცი არ აპირებდა ამ კანონისთვის ხმის მიცემას. საბოლოოდ გაირკვა, რომ გაცილებით მეტნი ყოფილან. ნამდვილად მოულოდნელობა იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.

- თითქმის არავის სჯერა, რომ ამ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არათუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, უმნიშვნელო საკითხის გამოც კი შეეძლოთ წასვლა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ისეთ რამეს ვერ ვიტყვი, რაზეც კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიცი, კულუარებში თუ რაიმე შეთანხმება მოხდა. რაც საჯაროდ, ყველას დასანახად მოხდა, ის მოგიყევით. პარტიის თავმჯდომარე, კანონის ინიციატორი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე ყველა მოწადინებული იყო რომ კანონი გასულიყო და მათი მითითებები და თხოვნაც შესაბამისი იყო. საზოგადოებას შეუძლია ეჭვი შეიტანოს ამ ამბის სიმართლეში და თავისი ვარაუდებიც გამოთქვას, მე ვარაუდებით და ეჭვებით ვერ ვისაუბრებ.

- იმაში თუ ხედავთ ლოგიკას, რომ დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" გასვლით შესაძლოა კრიზისს მიზანმიმართულად ქმნიდნენ, რომ შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს?

- არა, ვერ ვხედავ, ეს ამასთან არანაირ კავშირშია. რიგგარეშე არჩევნები ახალი რედაქციით უკავშირდება მთავრობასა და პარლამენტში ძალთა გადანაწილებას და არა დეპუტატების რაოდენობას. ანუ 8 დეპუტატმა კი დავტოვეთ უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა რჩება თავისი შემადგენლობით, ჩვენ სტატუსი გვეცვლება, დამოუკიდებელი დეპუტატები ვხდებით და ეს არაფერს ცვლის. მე მგონია, უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ. თუმცა რომც არ დაუჭირონ, ეს მაინც არ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოტივაცია. თუ უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნები აქვს ჩაფიქრებული, მაშინ მთავრობის ნდობის საკითხი უნდა დადგეს. ამიტომ ამ ორ პროცესს ერთმანეთთან ვერაფრით დავაკავშირებ.

- გამორიცხავთ, რომ კრიზისი ისე გამწვავდეს, რომ მთავრობის ნდობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში?

- კი, გამოვრიცხავ.

- თქვენი აზრით ვინ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ მოვლენებზე, რაც კანონის ჩაგდებას მოჰყვა?

- ჩვენ ვსაუბრობდით პროპორციული არჩევნების რისკებზე, რომელიც ნამდვილად აქვს ამ სისტემას. როდესაც მე მხარი დავუჭირე პროპორციული არჩევნების სისტემას, სწორედ ის რისკები გავითვალისწინე, რაც კანონის ჩავარდნას შეიძლება მოჰყოლოდა. ახლა რაც მოხდება რეალურად, ძალიან მალე ვნახავთ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. როდესაც გუნდის წევრი ხარ, რა თქმა უნდა, გიწევს გუნდური პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ რეალობამ გვიბიძგა გუნდის დატოვებისკენ.

- როგორ წამოგიდგენიათ, რა შედეგს მოიტანს ეს საპროტესტო აქციები?

- ვიდრე საპროტესტო აქციაზე წამყავნი ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", შედეგი არ დადგება. ხალხი ხედავს იმ სახეებს, რომლებსაც ხალხის წინაშე უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ეს ადამიანები სახალხო პროტესტს აფერხებენ. ფაქტია, რომ საპროტესტო აქციაზე "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული მოსახლეობაც გამოდის, მაგრამ ეს მასა "ნაციონალების" გამო კრიტიკულ მასშტაბს ვერასდროს მიაღწევს...

7 -  8 ათასი კაცი არ არის ის რაოდენობა, რაც ხელისუფლებას რაიმე ნაბიჯს გადაადგმევინებს. თანაც არ მგონია, რომ ეს აქცია დიდხანს გაგრძელდეს. ამის რესურსი ამ ოპოზიციას არ აქვს. ახლა ხალხის დიდი რაოდენობის დიდი ხნით გამოყვანა მხოლოდ ახალ ძალას შეუძლია, ძალას, რომელსაც ეყოლება რამდენიმე ახალი გამოკვეთილი ლიდერი, რომელთა წარმოდგენა შესაძლებელი იქნება პარლამენტსა და ხელისუფლებაში. ვისაც, ასეთი პოტენციალი აქვს ეს არის "ლელო", თუმცა ის ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად...

- თუ საპროტესტო აქციაზე, როგორც თქვენ ამბობთ წამყვანი ძალა "ნაიონალური მოძრაობა" იქნება, თქვენ შეურთდებით საპროტესტო აქციას?

- არავითარ შემთხვევაში. დღეს რეალობა ასეთია, საპროტესტო აქციაზე ყოველი სამი გამომსვლელიდან ორი "ნაციონალია" და ტრიბუნასთან მიკროფონებს ანაწილებს ვანო მერაბიშვილის ტელევიზიის "რეალტივის" ვარსკვლავი. ჩემი ადგილი ამ ადამიანების გვერდით არ არის.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ხელი ამაზეც მოაწერა. თუ ხალხი ამას აპატიებს, მაშინ ეს ის ამ ხელისუფლებას იმსახურებს"

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)