არც სკანდალი, არც რეკლამა? სად არის ლოგიკა? - კვირის პალიტრა

არც სკანდალი, არც რეკლამა? სად არის ლოგიკა?

"რუსეთის გრუ ამისთანა სულელურ აფეთქებებს არ აწყობს"

28 ნოემბერს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 01.30 საათზე აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 65 წლის ნინო გორდეზიანი, დაიჭრა ადგილობრივი მცხოვრები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი.

02:56 საათზე კი მეორე აფეთქება მუხიანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ მოხდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა  მაღაზია, ახლომახლო საცხოვრებელ სახლებში კი ჩაიმსხვრა მინები.

გამოძიებას უძღვება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ აფეთქების ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს (კონკრეტულად, რომელი, არ დაუფიქსირებიათ). სხვა დეტალების დადგენას დრო სჭირდება და ვიდრე სამართალდამცავები მუშაობენ, დაბეჯითებით რაიმეს თქმა ნაადრევია.

აფეთქება პოლიტიკურ ტერაქტად შეაფასა შალვა ნათელაშვილმა და მასზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის წევრებს დააკისრა. ლეიბორისტებს ეთანხმება "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილიც.

ჩვენ შევეცადეთ ექსპერტთა მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოგვეყალიბებინა ვერსიები, ვის ინტერესებში შედიოდა ეს აფეთქებები.

ზურაბ ხუციშვილი, ექსპერტი: - უმაღლესი სასწავლებელი კრასნოდარში დავამთავრე. იქ გავიარე სრული კურსი ყოფილ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურში "სმერში". ეს აბრევიატურაა და ნიშნავს "სმერტ შპიონამ". ვიყავი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მეთაური, ასე რომ, ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს.

სავარაუდოდ, ამ საქმეში ტროტილი გამოიყენეს, ამის თქმის საფუძველს აფეთქების ძალა მაძლევს. დენთი, გვარჯილა ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება რომ აეფეთქებინათ, ასეთ დიდ ზიანს ვერ მიაყენებდა ახლომახლო შენობებს და ვერც ადამიანს მოკლავდა. ამ ნივთიერებებმა ადამიანი რომ მოკლას, აფეთქების დროს ძალიან ახლოს უნდა იყოს ასაფეთქებელ მოწყობილობასთან. არა მგონია, უფრო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი ან პლასტიტი ყოფილიყო.

ის საკმაოდ  ძვირი ღირს და ასეთი უაზრო აფეთქებებისთვის არ იყენებენ. გაოცებული ვარ სამართალდამცავთა არაპროფესიონალიზმით. როცა აფეთქება ხდება, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურა ოფიციალურად აცხადებს, რომ აფეთქება იყო ამა და ამ ძალის ტროტილის ეკვივალენტი. რა ძალის აფეთქება იყო, არავის გამოუცხადებია, არადა, ეს ხომ ძალზე მარტივია? არსებობს ფორმულები, რომელთა მეშვეობითაც და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით შეიძლLება აფეთქების ძალის გათვლა.

ამ საქმის გამოუძიებლობა ძალზე დააზარალებს სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მთავრობის იმიჯსაც შელახავს.

- ოპოზიცია ამ აფეთქებას ხელისუფლებას აბრალებს.

- ეგრეთ წოდებული ოპოზიცია რომ აყვირდა, აფეთქება სააკაშვილმა მოაწყოო, გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ რაში სჭირდებოდა ეს სააკაშვილს? ლეიბორისტული პარტიის ოფისი ააფეთქეს, მაგრამ ვინ მოკვდა იქ? შალვა ნათელაშვილი თავის ლიდერებიანად ცოცხალია, ამ აფეთქებას ერთი უბედური ქალი შეეწირა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური წონა არ ჰქონია. ამ ქალის სიკვდილი  შემთხვევითობა უფროა, ვიდრე გამიზნული "მსხვერპლშეწირვა".

ამ საქმის ხელისუფლებისთვის გადაბრალება დიდი უაზრობაა. სააკაშვილს არც ოპოზიციის შეშინება სჭირდებოდა. პრეზიდენტი ეგაა, პარლამენტში უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს, ყველა მინისტრი ნაციონალია... დარწმუნებული ვარ, ყველა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიას საქართველოს უშიშროება მართავს. დააკვირდით სიტუაციას: მიტინგებზე სადღეგრძელოებს გაიძახიან, რეალურად კი რას აკეთებენ ხალხისთვის? - არაფერს, არაფერს და კიდევ ერთხელ არაფერს!

ეს აფეთქება უფრო შიდაოპოზიციურ ინტრიგებს მოყოლილ გაუგებრობას ჰგავს, თანაც ძალზე არაპროფესიონალურად შესრულებულს. დავიწყოთ იქიდან, რომ ოპოზიციას ბიუჯეტი აფინანსებს, ოპოზიციას ჰყავს და მომავალშიც უნდა ჰყავდეს დეპუტატები პარლამენტში, არჩევნებზეც მიიღო დაფინანსება და ა. შ. ესე იგი, არსებობს მატერიალური ინტერესი, ვის შეხვდება მეტი ფული ხაზინიდან. იქ კი, სადაც ასეთი ინტერესია, ყოველთვის დასაშვებია და მოსალოდნელი დაპირისპირება.

ეს აფეთქება არც ტერორისტული აქტი იყო, არც დივერსია და არც არაფერი.

- 25 ნოემბერს ქვეყანაში მიტინგები დაიწყო, ყურადღების გადატანა ხომ არ იყო გამიზნული?

- როგორც წესი, აფეთქება ეწყობა ან დივერსიის, ან ტერორისტული აქტის, ან ყურადღების გადატანის მიზნით. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა და გერმანიის ექსტრემისტული დაჯგუფების ტერორისტებმა "ბოინგ 647" მოიტაცეს, რომელიც თელავივიდან პარიზში მიფრინავდა და  უგანდის ქალაქ ენტებეში დასვეს.

უგანდა იმ დროს მხარს უჭერდა ტერორისტებს, ამიტომ ისრაელის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმმა სპეცოპერაციის დაწყებამდე აეროპორტთან ახლოს მოაწყო დიდი აფეთქება სწორედ იმიტომ, რომ იქაურ დაცვას ყურადღება აფეთქებაზე გადაეტანა. ისრაელის სპეცრაზმმა ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა - ყველა მძევალი გაათავისუფლა. ასეთი აფეთქება გასაგებია, აქ კი რა ყურადღება იყო გადასატანი? 25 ნოემბრის მიტინგი ისეთი უღიმღამო და არაფრისმომცემი იყო, რომ არცთუ საყურადღებო, მიტინგების სათვალავში ჩასაწერადაც არ ღირდა.

ალბათ, გახსოვთ ფილმი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება": გესტაპო გაქცეულ ჯარისკაცს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. გესტაპოს უფროსი მიულერი ამბობს, დილეტანტია, სწორედ მის ნაბიჯს ვერ გათვლის ადამიანი, ყველაზე ძნელია დილეტანტის ლოგიკის ახსნაო. იგივე ითქმის ამ აფეთქებაზეც - მისი ლოგიკა და მიზანი სრულიად გაუგებარია. შედეგად, ვისაც სძულს სააკაშვილი, მას აბრალებს ამ აფეთქებას, ვისაც სძულს ოპოზიცია, ოპოზიციას.

- ჩვენთან ძალზე მოდურია ყველაფრის მესამე ძალისთვის გადაბრალება, რუსეთის  ხელს გამორიცხავთ?

- რუსეთის გრუ ამისთანა სულელურ აფეთქებებს არ აწყობს.

- იქნებ ოპოზიციას დასჭირდა სისხლი  რეიტინგის ასამაღლებლად?

- სკანდალი ყოველთვის რეკლამაა, მაგრამ  ამ აფეთქებამ არც სკანდალი გამოიწვია, რეკლამაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

თუ პროფესიონალის აზრი გაინტერესებთ, ჩემთვის რომ ამ მიზნით აფეთქების მოწყობა შეეკვეთათ, ისე გავაკეთებდი, რომ შემკვეთი პარტიის ლიდერი დაჭრილიყო, მაგრამ არ მომკვდარიყო. ამას  მოჰყვებოდა მედიით მისი ჩვენება საავადმყოფოში, დასისხლიანებულის, ტანჯულის.

ყველა ჟურნალისტი ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერთან მოინდომებდა ინტერვიუს აღებას, დაიწყებოდა მისი გაუთავებელი ტრიალი ტელეეკრანებზე და სხვ. ეს მესმის, მაგრამ არც სკანდალი, არც რეკლამა, არც რაიმე მიზანი? სად არის ლოგიკა? რა არაპროფესიონალი ხელისუფლებაც გვყავს, მისი შესაფერისი "პროფესიონალები" გვყავს ოპოზიციაშიც.

1998 წლის აგვისტოში ტანზანიისა და კენიის დედაქალაქში ამერიკის საელჩოები ააფეთქეს. 213 კაცი დაიღუპა ტანზანიაში, აქედან 11 ამერიკელი იყო, 26  კაცი დაიღუპა კენიაში და მათ შორის არც ერთი ამერიკელი არ ყოფილა. ეს იყო უმაღლეს დონეზე, ძალზე პროფესიონალურად მოწყობილი აფეთქებები კონკრეტული მიზნისთვის. ამერიკას ეს სჭირდებოდა სტრატეგიული მიზნებისთვის, სურდა, პანამის არხი გაეკონტროლებინა.

ჰიტლერმა 1934 წელს რაიხსტაგი თვითონ დააწვევინა და ეს ებრაელებს დააბრალა. ამას დიდი შედეგი მოჰყვა: გამოვიდნენ რიგითი გერმანელები და "ბროლის ღამე" მოაწყვეს, მერე კი გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რაიხსტაგიდან ებრაელები გააძევეს და გერმანიაში  ერთპარტიული სისტემა დააწესეს. ამაში არის ლოგიკა, თანაც სავსებით გასაგები, ამ აფეთქებაში კი, მომკალით და, ლოგიკას ვერ ვხედავ!