გაიქეცით, ქართველი ჟურნალისტები მოდიან! - კვირის პალიტრა

გაიქეცით, ქართველი ჟურნალისტები მოდიან!

მსოფლიომ უკვე მეორედ დაუკრა ტაში ჩვენს პრეზიდენტს სამშვიდობო ინიციატივის გამო და მეორასედ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი ასტანის სამიტზე მოხდა.

თან ისე მკაცრად აღიარეს ჩვენი საზღვრების ურღვევობა, რომ მედვედევს შერცხვა და გაიქცა, ყოველ შემთხვევაში, ქართულმა ტელევიზიებმა სწორედ ასე გვამცნეს. იგი არც არავის გაუცილებია ქართველი ჟურნალისტების გარდა, რომლებიც პრეზიდენტებისა და მინისტრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას დანატრებული არიან (სამშობლოში ამას უკვე დიდი ხანია ვეღარ ბედავენ) და დანაკლისს საზღვარგარეთ ინაზღაურებენ. მედვედევს მეორე დღეს ლავროვი მიჰყვა და მიჰყვნენ მას ქართველი ჟურნალისტებიც.

მასაც გასასვლელამდე სდიეს და უმწვავესი კითხვები დააყარეს. აბა, ის იყო კარგი, 173-ე სკოლაში მისულ განათლების მინისტრს, რომელსაც მოსწავლეებმა უსტვინეს, მხოლოდ "მაესტრო" და "კავკასია" რომ მისდევდა?! კი ვიფიქრე, სად არიან ჩვენი ნაციონალური არხები-მეთქი და თურმე ლავროვის დევნით არ ყოფილან დაკავებული? ხუმრობა იქით იყოს და, საერთაშორისო ფორუმებზე ასე არც ერთი ქვეყნის ჟურნალისტები არ იქცევიან,  ყველა პროტოკოლს ემორჩილება, ელოდებიან ოფიციალურად დანიშნულ პრესკონფერენციას და მხოლოდ იქ სვამენ კითხვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ასტანის სამიტს მსოფლიოს ყველა მედიასაშუალება აშუქებდა, ალბათ ნახეთ, მედვედევსა და ლავროვს არავინ გამოჰკიდებია. ახლა არ მითხრათ, მედვედევის კომენტარი ჩვენ გარდა არავის აინტერესებდაო! ყველას აინტერესებდა, მაგრამ მათთვის მთავარი წესი და ზრდილობა აღმოჩნდა.

ლავროვის უხერხული მდგომარეობის გამო სულაც არ ვდარდობ, მაგრამ ასეთი საქციელი პირველ რიგში ჩვენ გვავნებს. ჯერ კლინტონი დაიჭირეს დერეფანში, შემდეგ რუსებს მისდგნენ. ალბათ, ჰგონიათ, კარგად მოიქცნენ, ლავროვი რომ არბენინეს. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ თავსა და ქვეყანას აყენებენ შეურაცხყოფას!

ლავროვს რატომ უნდა მისცე საბაბი, ქართველების დელიკატურობაზე ირონიულად ისაუბროს? ისიც გემახსოვრებაYთ, თეთრ სახლში ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ლამის ცხვირში რომ ატაკა მიკროფონი ჯორჯ ბუშს. გასაგებია, რომ როდესაც შენი კოლეგა ინტერვიუს აღებას ცდილობს, განზე ვერ დარჩები, მერე ხელმძღვანელობა გისაყვედურებს, შენ სად იყავი, სხვები ამას რომ იწერდნენო.

ქართველი ჟურნალისტების ასეთი საქციელიც, ალბათ, სწორედ ქართული ტელევიზიების ხელმძღვანელთა დამსახურებაა. ისინი, დარწმუნებული ვარ, შეაქებდნენ იმათ, ვინც დერეფანში კლინტონი დაიჭირა, მედვედევს და ლავროვს გამოეკიდა. აბა, რომელიმე ნაციონალური არხის ჟურნალისტი ჩამორჩენოდა ამ "პატრიოტულ" მარათონს! შეიძლება სამსახურიდანაც გაეგდოთ!

P.S. ევროპელი ლიდერებისაგან დანამუსებულ და ქართველი ჟურნალისტებისგან შეშინებულ მედვედევს კი მეორე დღესვე ფიფამ დასამშვიდებელი პრიზი დაახვედრა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება. ჯერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა არ გვქონდა მონელებული და ახლა კიდევ - მსოფლიო ჩემპიონატი! ეჭვი მაქვს, ესენი ასე საყვედურ-საყვედურით რუსეთს ჩვენზე ადრე მიიღებენ ნატოშიც და ევროკავშირშიც.

ჯობს ადრე, ვიდრე გვიან

ერთხელ ჩემი კორპუსის მახლობლად, პატარა მაღაზიაში, საგადასახადო ინსპექტორისა და გამყიდველის ჩხუბს შევესწარი. ქალის და კაცის ასეთი ჩხუბი იშვიათად მინახავს. ეს ქალი გამძვინვარებულ ვეფხვს ჰგავდა. ასეთი მრავალფეროვანი წყევლა-კრულვაც არასდროს მომისმენია, მაგრამ საგადასახადო ინსპექტორზე არაფერი მოქმედებდა - იგი მშვიდად წერდა ჯარიმის ოქმს. როგორც ამ დავიდარაბაში გავარკვიე, თურმე ჩეკზე დაფიქსირებული დრო და რეალური დრო ერთმანეთს არ დაემთხვა, ანუ სალარო-აპარატზე საათი იყო გასასწორებელი, ეს კი კანონდარღვევა ყოფილა.

გამყიდველი ეხვეწებოდა, ამ თვეში უკვე მეორედ მაჯარიმებთ და გავკოტრდებიო, მაგრამ ამაოდ. ეს ის დრო იყო, როდესაც თბილისში დაუჯარიმებელი მეწარმე, ფაქტობრივად, არ დარჩა. როგორც ამბობენ, თუ საგადასახადო ინსპექტორი მოინდომებს, ყოველთვის მოახერხებს მეწარმისთვის თუნდაც ერთი დარღვევის აღმოჩენას. ზემოთ ხსენებული მეწარმე პირველად ჩეკის გარეშე საქონლის გაყიდვისთვის დაუჯარიმებიათ. საგადასახადოს ინსპექტორი შესულა და შესამოწმებლად პროდუქტები შეუძენია. გამყიდველს ჩეკი პატიოსნად გამოუწერია.

კართან მისული ინსპექტორი მოულოდნელად მობრუნებულა -  უკაცრავად, ერთი ბოთლი "კოკა-კოლაც" დამიმატეთო. აი, ამ "კოკა-კოლის" ჩეკი კი აღარ გამოუწერია გამყიდველს და ინსპექტორსაც ვერაფერში შეედავებოდი. საგადასახადო ინსპექტორების ასეთი მოქმედება გვაფიქრებინებდა, რომ მათ დავალებული ჰქონდათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, მეწარმე დაეჯარიმებინათ. ოპოზიცია ამის გამო ლამის ყოველდღე ხელისუფლებას მეწარმეების შევიწროებასა და ბიუჯეტის ჯარიმების ხარჯზე შევსებაში ადანაშაულებდა,  გადამეტებულ სიმკაცრეზე, ჩასაფრებაზე საუბრობდა, ხელისუფლებას კი ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, თუმცა ეს ყველაფერი 3 დეკემბრამდე ხდებოდა. 3 დეკემბერს მოულოდნელად გამოვიდა პრეზიდენტი და ზუსტად იგივე გაიმეორა, რასაც აქამდე ოპოზიცია ამბობდა:

"გადასახადების გადახდის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, თუმცა სახელმწიფომ გადამხდელი წნეხის ქვეშ არ უნდა მოაქციოს. სახელმწიფომ გადამხდელს ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ, უნდა ჩაჰკიდოს ხელი და როგორც ჭეშმარიტი პარტნიორები, ერთად უნდა გავიდნენ სამშვიდობოს. ახალი კურსის შედეგად ჩვენ მივიღებთ ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც არ იქნება ჩასაფრებული დარღვევების გამოსავლენად, არამედ ითანამშრომლებს ბიზნესთან, რათა დაეხმაროს მას, განვითარდეს სამართლიან გარემოში.

სახელმწიფოს ინტერესი ის კი არ უნდა იყოს, რომ ადამიანმა დაარღვიოს და საგადასახადო ინსპექტორი ჩასაფრებული იყოს კუთხეში, სასტვენით ხელში ძველი "გაიშნიკივით", მისი ამოცანაა, ითანამშრომლოს და ჩამოყალიბდეს ნდობით აღსავსე ურთიერთობა".

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცამდე მართალია - ქვეყანაში, სადაც ბიზნესი ახლა დგება ფეხზე და  სადაც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, სახელმწიფოსა და მეწარმის ურთიერთობა სწორედ ასეთი უნდა იყოს, მაგრამ, საინტერესოა, აქამდე საგადასახადოს ინსპექტორი ძველი "გაიშნიკივით ჩასაფრებული" ვისი ბრძანებით იყო? ვინ გადაწყვიტა, რომ წინა წლებში საგადასახადო პოლიტიკა მკაცრი და ულმობელი უნდა ყოფილიყო? თუ ის პოლიტიკა სწორი იყო, მაშინ ახლა რატომ იცვლება და თუ არასწორი იყო, რატომ არავინ აგებს პასუხს?

რასაკვირველია, კარგია, თუ ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო მეწარმის პარტნიორი იქნება,  რა თქმა უნდა, "ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", მაგრამ რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ ეს ანდაზა ხელისუფლებასთან დაკავშირებით? თანაც, უამრავი მეწარმე რომ წელში გავტეხეთ და ვალები ავაღებინეთ? რა თქმა უნდა, "ჯობს გვიან", მაგრამ ამ ყველაფერს თან შეცდომების აღიარება უნდა ახლდეს და არა თავის ისე დაჭერა, თითქოს ადრე ცუდად სხვა იქცეოდა. თუ ბატონ მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, შევახსენებთ, რომ ბოლო შვიდი წელია, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და  ყველაფერი მისი ხელდასხმით ხდება.  თუმცა პრეზიდენტი წყლიდან მშრალად გამოსვლის დიდოსტატია.

პირველად ეს მასტერკლასი მან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გვაჩვენა. გახსოვთ, ალბათ, ლომაიას რეფორმები ისე  აკრიტიკა, თითქოს მათ მხარს თავად არ უჭერდა. ახლა იგივე გაიმეორა ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ის კი არ თქვა, აქამდე ცუდად ვიქცეოდითო, ჭკუა აქეთ დაგვარიგა, სახელმწიფო ასე და ასე უნდა იქცეოდესო. შე დალოცვილო, თუ ეს ყველაფერი იცოდი, აქამდე საწინააღმდეგოს რატომ გვიმტკიცებდი? რა გამოდის?

ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია ცუდად მოიქცეს და შემდეგ ამის გამო პასუხი კი არ აგოს, არამედ  ეს პოლიტიკა გააკრიტიკოს, ვითომ ყველაფერი სხვამ ჩაიდინა და თავად გმირად მოგვევლინოს კეთილშობილური ინიციატივის გამო. ჩვენ კი აღფრთოვანებულებმა ერთხმად უნდა შევძახოთ: ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.