"მაკავებენ საოკუპაციო ხაზზეო და გაითიშა ტელეფონი" - კვირის პალიტრა

"მაკავებენ საოკუპაციო ხაზზეო და გაითიშა ტელეფონი"

ოკუპირებული ახალგორში დაკავებულ ქართველ ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კე-გე-ბემ და ახალგორის დე ფაქტო საოლქო სასამართლომ გაავრცელეს. 9 ნოემბერს დაკავებული გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო მედიით მოგვიანებით, 13 ნოემბერს გავრცელდა, დაკავებულს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

გაფრინდაშვილის ოჯახში ზუსტად ვერ ამბობენ, რატომ უნდა წასულიყო, ექიმი კონფლიქტის ზონაში. როგორც ამბობენ, სახლიდან წასვლის წინ მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე სააათში კი მეუღლეს მისი დაკავების შესახებ ამცნო. ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ნოემბრის დასაწყისში ახალგორში, ჭაში ადგილობრივი მცხოვრები, თამარ გიგაური ჩავარდა. დაშავებულს თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დაკავებული, ახალგორში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩავიდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში თამილა ლაფანაშვილი ამბობდა, რომ მისი მეუღლე, სავარაუდოდ, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სხვა კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მას არ ჰქონია.

თამილა ლაფანაშვილი: - მითხრა, საქმეზე მივდივარო. მერე დარეკა სამის ნახევრისთვის, მაკავებენ საოკუპაციო ხაზზეო და გაითიშა ტელეფონი. კინაღამ გადავირიე... იმის თქმა კი მოასწრო, ტელეფონს მათიშინებენო. მეტად აღარ დამკონტაქტებია.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულები იყვნენ, დავით მიშელაშვილი, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი. თანხის გადახდის შემდეგ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მათი "სასამართლო" 13 ნოემბერს გაიმართა. უცნაურია, რომ ეს ამბავი ექიმის დაკავებიდან მხოლოდ მე-4 დღეს გახმაურდა, ამ საკითხზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.

ახლობლების თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრავმატოლოგია, დაკავებულს მუშაობა რაიონებში არც ისე ხშირად უწევდა, მათთვის დაკავების ორი ვერსია არსებობს, პირველს პროფესიული მოვალეობის შესრულებას ასახელებენ, მეორე ვერსიით, გაფრინდაშვილს ნადირობა უყვარდა და შესაძლებელი იყო ნადირობისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემთხვევით გადასულიყო.

"ვაჟა უნიჭიერესი ტრავმატოლოგია, ერთ-ერთი წამყვანი თავის სფეროში. ახალგორში ან პაციენტთან იყო ჩასული ან ნადირობისას გადაკვეთა ე.წ. საზღვარი, ვაჟას ნადირობა უყვარს და ჩემი აზრით, ესეც ერთ-ერთი ვერსიაა", - აღნიშნა დაკავებულის მეგობარმა ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ახალგორში დაკავებულ ექიმ ტრავმატოლოგ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში ჩათულია წითელი ჯვარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. მას დე ფაქტო სამართალდამცველები ე.წ. საზღვრის წინასწარგანზრახვით გადაკვეთას ედავებიან.

იხილეთ ასევე: "ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)