"ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია" - რა განაცხადეს "ოცნების" ოფისში გამართული სხდომის შემდეგ დეპუტატებმა - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია" - რა განაცხადეს "ოცნების" ოფისში გამართული სხდომის შემდეგ დეპუტატებმა

"ქართული ოცნების" ოფისში გამართული ურავლესობის სხდომა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სხდომა ოფისის გარეთ გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ასევე ისაუბრეს იმ საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

"საკმაოდ წინააღმდეგობრივი კენჭისყრის შემდეგ, ყველას ჰქონდა სურვილი, რომ გამოგვეთქვა ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მთავარ თემაზე, რაზეც მივედით, საკმაო წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ უმრავლესობა თორმეტმა ადამიანმა დატოვა. მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება არამარტო "ქართულ ოცნებას", როგორც პარტიას, არამედ სჭირდება სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეუთოს/ ოდირის რეკომენდაციებით იმ საარჩევნო კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, ოპოზიციისთვის პოზიციების გაძლიერებას. გია ვოლსკის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოებაში რატომ არ ჩნდება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლკის თქმით, ივანიშვილს პოზიციების გაზიარება საზოგადობის მიმართ არასდროს უჭირს.

"მე არ მგონია, რომ ჩვენ ნაკლებ ახსნას ვაკეთებთ. ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია. მისი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ იცით. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის, პერიოდულად, დეტალურ და საკმაოდ გულახდილ საუბარში. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებს გავუფრთხილდეთ, ქაოტურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს. სულ მალე იქნება არჩევნები და მოვემზადოთ", - განაცხადა ვოლკიმ.

დეპუტატი ირაკლი კობახიძე კი, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.

"ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც ამ დღეების გნმავლობაში მოხდა და ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზე. საპარლამენტო თანამდებობებზე დღეს არ გვიმსჯელია.

რაც შეეხება, გერმანულ მოდელს, ის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია. სხვა მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს მათ მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ის გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მიიღეს.

"მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

მანვე პასუხი გასცა კითხვაზე, აპირებს თუ არა უმრავლესობის დატოვებას.

"არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს "ქართული ოცნების" იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი არიან. შესაბამისად, ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილება საზიანო ამ მიმართულებით და ქვეყნის საზიანო არ იქნება. პაუზა - ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა", - განაცხადა ზოიძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით