"მათი ამ შენობებში დატოვება აღარ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"მათი ამ შენობებში დატოვება აღარ შეიძლება"

"თქვენ იმიტომ არ გაძლევენ, რომ თქვენ არ აძლევთ. ვინც აძლევს, იმათ აძლევენ"

სააკაშვილის გამო საქართველო სამარცხვინო მდგომარეობაშია. ანკესზე წამოსაგებ ჭიაყელად გადავიქეცით დიდი სახელმწიფოებისათვის. აშშ-ისათვის ხურდა ფულად არ ვღირვართ. სააკაშვილს ვადამდე ხელს არ ახლებენ, მაგრამ ბოლოს ვანოს ხელით მოიშორებენ, - როგორც სერბებმა გადასცეს მილოშევიჩი ჰააგას, ისე მოიქცევა მერაბიშვილიც, რადგან სააკაშვილს შავი ჭირივით ვერ იტანს.

უთავმოყვარეო ადამიანისთვისაც კი ძნელი ასატანია ყოველდღიური დამცირება, რომელსაც ამ გონდაკარგული კაცისაგან იღებს, - აცხადებს გოგა ხაინდრავა, რომელსაც რიგაში დავუკავშირდით:

- ბატონო გოგა, რიგაში გამგზავრებამდე "სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე" გნახეთ.

- ქართველები მაქსიმალისტები ვართ და  გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს ხოლმე. სამთავრობო პრესაც უწყობდა ხელს ამას. კრებას რა ამოცანებიც ჰქონდა, ის შესრულდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავი ისევ  იჩინა პოლიტიკური ელიტის მოუმწიფებლობამ, ერთმანეთთან დაპირისპირებისა და გაუტანლობის  მძიმე სენმა.

შეიძლება ერთმანეთთან პოლიტიკური შეუთავსებლობა გვქონდეს, მაგრამ ამის გამო კარგი იდეა არ უნდა ჩავკლათ. 25 ნოემბერს პირველად ქართველი საზოგადოება, მისი თვალსაჩინო ადამიანების თავყრილობა, ვაჟკაცურად დაუპირისპირდა ამ ბოროტმოქმედ რეჟიმს და ამ შანსის გაშვება არაფრით არ შეიძლება.

- მაგრამ ვაღიაროთ, რომ კრებამ იმედი გაუცრუა პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილს.

- 25 ნოემბერს რომ სააკაშვილის რეჟიმი არ დაეცემოდა, ეს ყველასთვის თავიდანვე  ნათელი იყო. ნონა გაფრინდაშვილსა და რეზო ესაძეს ვთხოვთ რადიკალურ ნაბიჯებს, პარლამენტის აღებას თუ მთავრობის სახლში შევარდნას?

ეს ვინც უნდა გააკეთოს, იმას მაგის თავი არა აქვს, არადა, ეს გასაკეთებელია, ამათი დატოვება ამ შენობებში აღარ შეიძლება. "სახალხო კრება", რა თქმა უნდა, ვანოს მსტოვრების გარეშე არ ჩაივლიდა. ისინი აქეზებდნენ კიდეც ხალხს. კრება მიზანმიმართულად გაიგივდა ნინო ბურჯანაძესთან, რაც, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრის დიდი შეცდომაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთს ჩასაფრებული ვართ, ვაითუ, ვინმეს რამე წარმატება არ შეხვდეს. თითქოს სააკაშვილის რეჟიმის მოცილება საერთო მიზანი არ იყოს.

- "ქართული პარტიაც" მომხრეა ხელისუფლების ვადამდე გადაყენებისა, მაგრამ კრებას არ ემხრობა.

- შესაძლოა, ვიღაც კრებას მხარს არ უჭერდეს, მაგრამ არც ხელს უნდა უშლიდეს. ნინო ბურჯანაძის ყოფნამ "სახალხო კრებაში" ხელი შეუშალა სხვა პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ეს შიდა მოლაპარაკებისა და კონსულტაციების თემაა და არა დაპირისპირების.

- ითქვა, რომ ნინო ბურჯანაძის გამო "ფორუმი" ირაკლი მელაშვილმა დატოვა.

- "ფორუმი" გაუთავებლად ლაპარაკობდა რაღაც გეგმებზე. თითქოს მარტო მაგათ იციან, როგორ უნდა მოქმედება, მაგრამ, როდესაც ლაპარაკი ლაპარაკად რჩება, სწორედ ამას მოსდევს უთანხმოება. არა მგონია, ირაკლი მელაშვილი ბურჯანაძის გამო წასულიყო "ფორუმიდან". "ფორუმი" ქუჩაში მილიონი ქართველის გამოყვანასა და ვიღაცების გვამებზე გადავლასაც აპირებდა, მაგრამ... დიდ მოლოდინს იმედგაცრუებაც დიდი ახლავს ხოლმე.

მე იმედი მაქვს, რომ ქართველი საზოგადოება აღუდგება წინ ამ რეჟიმს. საქართველოში  ვაშინგტონი და მოსკოვი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, ქართველი ხალხი და მისი ინტერესები კი არავის ახსენდება. ერთ დროს ამაყი ერი ვიყავით და დიდ პატივსაც გვცემდნენ, მაგრამ დღეს ყველა გაკვირვებული გვიყურებს, ასეთ ტაკიმასხარას როგორ ვიტანთ ხელისუფლების სათავეში.

- მას, ვისაც თქვენ ტაკიმასხარა უწოდეთ, ლისაბონში ობამა შეხვდა, ეუთოს სამიტზეც წარმატებით გამოვიდა და დიდი მხარდაჭერაც მიიღო.

- ეუთოს სამიტი საქართველო-რუსეთის დაპირისპირების გამო ჩაიშალა. რუსეთს რაც სურს, ყოველთვის გააქვს და ამის დადასტურება იყო ის, რომ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას გადაწყვეტილებით მოსკოვში გაიმართება. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც რუსეთმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა, ხელი მოეწერა ეუთოს სამიტის დეკლარაციაზე.

სამიტის ჩაშლის გამო, ვფიქრობ, გაგვიფუჭდება ურთიერთობა ყაზახეთთან. ნაზარბაევისთვის ამ სამიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და უშედეგოდ რომ დამთავრდა, ბუნებრივია, საქართველოს დაადანაშაულებს და არა რუსეთს. რუსეთს ყველა ანგარიშს უწევს, ყველა ეფერება  და ერთადერთი ფინია, რომელიც დუჟმომდგარი უყეფს, სააკაშვილია.

რას ნიშნავდა სააკაშვილის განცხადება საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოს ტერიტორიის 80%-ს დავიცავ და დანარჩენი მეწყერს წაუღიაო? რამ დააბრმავა და დააყრუა ქართველი საზოგადოება, რომ ამის მერე ხმას არ იღებს? ეს ხომ იმას ნიშნავს, სააკაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს ამბობს.

- სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან უპირობო დიალოგისთვის.

- არ გადამრიოთ, ვინ დაელაპარაკება მაგას? მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ბოლო დროს ძალიან დამეგობრდნენ, ვაშინგტონი გამუდმებით უქსევს თავის ფინია სააკაშვილს რუსეთს, ის კი ამას სათავისოდ იყენებს. ქვეყანა კოლაფსისკენ მიექანება და ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებისა და ერთმანეთის ფერ-უმარილის დაწუნების დრო არ არის.

- ოპოზიციის დაპირისპირების მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველაზე პრაგმატული გზა ვერ მონახა.

- ქართველმა საზოგადოებამ ვერ აირჩია გზა, როგორ ებრძოლოს ამ ჭირს და უბედურებას, რომელიც ყველაფერს ხრწნის და ანგრევს. სააკაშვილის გარემოცვა ტომია, თავად მიშა კი - ტომის ბელადი. აბა, როგორ შეიძლება ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკურ გაერთიანებას მოსწონდეს სააკაშვილის ნებისმიერი სიტყვა და გადაწყვეტილება?

როგორ ხდება, რომ 7 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს, არც ერთ დეპუტატს, არც ერთ მთავრობის წევრს კრიტიკული აზრი არ გამოუთქვამს სააკაშვილის არც ერთ გადაწყვეტილებაზე. გგონიათ, ამას მსოფლიო არ ხედავს?

ჩრდილო კორეამ სამხრეთ კორეის პატარა კუნძული რომ დაბომბა, სამხრეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან პასუხისმგებლობა აკისრია საკუთარი ხალხის წინაშე. სააკაშვილმა კი საქართველოს 25% რუსეთს გადასცა და თანაც აცხადებს, ამ ტერიტორიას არ დავიცავთო. თუ ქართველ ხალხს უნდა ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რას ვიზამთ!

ხელისუფლების წევრები საკუთარი კეთილდღეობის გამო ყიდიან მიწას, მდინარეებს, ტყეებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს. სანამ ხელისუფლებაში ის ხალხია, რომელიც მზად არის, საკუთარი კეთილდღეობისთვის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს და საზოგადოებას ამ ბოროტების თავიდან მოცილების უნარი არ ექნება, ამ ქვეყანას მომავალი არ უწერია. სამწუხაროდ, ამ ჭირის თავიდან მოცილების ერთადერთი გზა კომბლებია.

ხელისუფლება საკუთარ ხალხს დასცინის. ხალხის დაცინვა არ არის, რასაც შაშკინი აკეთებს განათლების სისტემაში?

საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ ბავშვები გამოვიდნენ ქუჩაში, ჩვენ კი სახლებში ვსხედვართ,  ერთ ადგილს ვითბობთ და ვკანკალებთ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი ბიძაშვილის დეიდაშვილმა სამსახური დაკარგოსო.

თავმოყვარეობა, ღირსება და ცხოვრების უფლება რომ დავკარგეთ, ამაზე აღარ ვფიქრობთ. ბავშვებიც კი ვეღარ ითმენენ უმსგავსობას, რასაც შაშკინი და მისთანანი სჩადიან, ჩვენ კი ვეგუებით. სააკაშვილსა და მის გარემოცვას ეს ქვეყანა არ უყვარს, მაგრამ ის სჭირდებათ, რადგან აქ უამრავ ფულს შოულობენ. ეგენი ხომ, ნოღაიდელისა არ იყოს, მთავრობაში კალოშებით არიან მოსული.

- პესიმიზმს გამჩნევთ.

- სააკაშვილისთვის განაჩენი უკვე გამოტანილია, საუბედუროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. პუტინის საარჩევნო კამპანია იწყება 2011 წელს. 2012 წელს პრეზიდენტის სავარძელს დაუბრუნდება და ამ დროისათვის სააკაშვილის "დუხი" აღარ უნდა იყოს საქართველოში.

თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ცარიელ ლუდის ქილაში გაცვლიან მისი დასავლელი მფარველები. სააკაშვილი კი წავა, მაგრამ საქმე ის არის, რა სისტემა დაგვრჩება საქართველოში, თორემ სააკაშვილის ბედ-იღბალი არც მაღელვებს. ეს მანკიერი ხელისუფლება უნდა წავიდეს. ეს ვაჟბატონები  ყველას აძლევენ ინტერვიუს, ქართველი ჟურნალისტების გარდა. განსაკუთრებით რუსები მოსწონთ და იცით, რატომ?

თქვენ იმიტომ არ გაძლევენ, რომ თქვენ არ აძლევთ, ვინც აძლევს, იმათ აძლევენ. აშშ-ს ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერვო სამსახური აქვს მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოში, და მიკვირს, ნუთუ მართლა არ იციან, რომ მაგალითად, თემურ იაკობაშვილი საბჭოთა კავშირის უშიშროებასთან თანამშრომლობდა? საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სტუდენტობისას კი არაბი სტუდენტების თვალთვალი ევალებოდა უნივერსიტეტში და ეს ყველამ იცის.

როგორ დავიჯერო, რომ ამას იაკობაშვილი ხელოვნების მუზეუმის დავალებით აკეთებდა? ასეთი პირი ინიშნება ამერიკაში საქართველოს ელჩად და ამ საკითხზე ამერიკა პროტესტს არ გამოთქვამს?  ანდა ის, რომ სააკაშვილი, ბეჟუაშვილი და ვარშალომიძე საბჭოთა უშიშროების  სამჭედლოდან არიან გამოსული და ერთგულების ფიცი აქვთ დადებული, ამერიკელებმა არ იციან? მაგრამ, ეტყობა, მათ ინტერესებს ჯერჯერობით ასე სჭირდება.

- ბატონო გოგა, რატომ ბრძანდებით ამჟამად რიგაში?

- "რიგის საერთაშორისო კინოცენტრის" გამგეობის თავმჯდომარეობა შემომთავაზეს. ასევე  მიმიწვიეს კინოფესტივალ "არსენალის" დირექტორად. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. კონტრაქტი ხუთწლიანია. სიმართლე გითხრათ, დიდი არჩევანიც არ მქონდა, ზაფხულში კინოსტუდიის ტერიტორიაზე სტუდია დამიწვეს, რომელიც ერთადერთი საშუალება იყო ოჯახის რჩენისა.

- იცით, ვინ დაწვა თქვენი სტუდია?

- იმან, ვინც მთელი საქართველო დაწვა. თუმცა მაშინ თბილისში არ ვიყავი, მაგრამ ვინ დაწვავდა მერაბიშვილის მეტი?