"ახლა "ოცნება" თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა" - კვირის პალიტრა

"ახლა "ოცნება" თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა"

"ყველა ერთის წინააღმდეგ - ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე"

ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე "კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.

- ივანიშვილმა მოატყუა ყველა, ვისი მოტყუებაც შეიძლებოდა. უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. ფაქტობრივად, დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გადადგა საგარეო ურთიერთობის სამი კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერიც.

ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაგეგმა თავისი ყურმოჭრილი მსახურების, მაგალითად, "ქართუში" მომუშავე ვინმე დაჩი ბერაიასა და თავისი პირადი ექიმის, დიმიტრი ხუნდაძის დახმარებით.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ ამ კანონპროექტის ჩაგდებას უმძიმესი შედეგი მოჰყვებოდა? - ის გამოცდილი თაღლითია და ალბათ, ეგონა, რომ ამ ვითარებიდანაც ადვილად გამოძვრებოდა, მაგრამ ეს არის ხალხის უკანასკნელი "გადაგდება". შვიდი წლის განმავლობაში ბევრი მოატყუა და გასაკვირია, აქამდე როგორ მოვიდა. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად, შემოაგდო პროპორციული არჩევნები და ამით განმუხტა ვითარება, რომელიც გავრილოვის ღამეს მოჰყვა. ამით მოატყუა ის ხალხი, ვინც სამართლიანად ითხოვდა გახარიას დასჯას... ამჯერად შედეგი იქნება უმძაფრესი, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ივანიშვილის რეპუტაცია ნულამდე დაეცა. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეიცვლება მისი ხელისუფლება.

არავითარი რესურსი მას აღარ აქვს და საზოგადოების ნდობას ვეღარ მოიპოვებს. ვინც წერა-კითხვა იცოდა, "ოცნებიდან" ყველა წამოვიდა. ივანიშვილი დარჩა იმ ადამიანების ამარა, რომლებიც კომუნისტების დროს, დიდი-დიდი, ბრიგადირებად თუ გამოდგებოდნენ.

- და რა გეგმა აქვს ოპოზიციას, როგორ აპირებთ ივანიშვილის დამარცხებას? - დღეს ივანიშვილს არ ჰყავს მოკავშირე. ყველა პარტია, მათ შორის, მისი სატელიტებიც, პრორუსული თუ პროდასავლური - ყველა დაუპირისპირდა. ოპოზიცია გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო.

ივანიშვილი საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, კეთროვანი გახდა. ზურგი აქცია ყველა ძალამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მისი პარტიის დასავლური ორიენტაციის წევრებმა, რომლებიც პარტიის პოზიტიურ სახეს ქმნიდნენ.

"გავრილოვის ღამის" შემდეგ ეს მთავრობა ისედაც არ იყო ღირსი ქვეყანა ემართა. ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და ის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა. ეს მთავრობა უნდა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მართავს არჩევნების გამოცხადებიდან დამთავრებამდე, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ იქნება საზოგადოების დიდი პროტესტი, ივანიშვილს აქვს კონსტიტუციური შანსი, ვადებში ჩაეტიოს და პროპორციულ სისტემას ხელახლა უყარონ კენჭი, თუმცა ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს და ამის შანსი მინიმალურია. მეორე ალტერნატივა ვადამდელი არჩევნებია, თუმცა, სამწუხაროდ, ძველი სისტემით. მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოების პროტესტი ძალიან დიდი იქნება, ივანიშვილი არჩევნების მოგებას მაინც ვერ შეძლებს.

- შესაძლებელია, რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ უკან დაიხიოს? - 30-მდე პარტია გაერთიანდა, დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია. ყველა შეთანხმდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს კი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს.

- რეგიონებიდან თუ ელოდებით ხალხს? - ყველაფერს თავისი დრო აქვს. მიტინგები იქნება რეგიონებშიც, დიპლომატიურ კორპუსსაც მივაწვდით ინფორმაციას და ყველა ხერხს გამოვიყენებთ... როცა პარლამენტი შეიქმნება, იქ იქნება კოალიცია და გაირკვევა, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ახლა მთავარი ამოცანა ქვეყნის დამაქცევლის მოშორებაა. ყველა ერთის წინააღმდეგ - ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე.

- კარგად გვახსოვს ასეთი ლოზუნგი "ნაციონალების" წინააღმდეგაც... - დიახ, და ამან გაამართლა - "ნაცმოძრაობამ" წააგო არჩევნები, მაგრამ ამაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის სპეცსამსახურებმაც - მათ დადგეს ციხის კადრები და ქვევრში ჩაახრჩვეს ბავშვი. რაფალიანცის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

- მთავრობის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა ოპოზიციამ მიზანს აქამდე ვერ მიაღწია. - ახლა სხვა ვითარებაა. ივანიშვილს მაინც ენდობოდნენ, რადგან კარგად ატყუებდა მოსახლეობას. შვიდი წელი გავიდა და ყველამ დაინახა, რომ რაც არ გაუკეთებია გუშინ, არც ხვალ-ზეგ გააკეთებს.

15-მდე ადამიანმა დატოვა პარტია. ახლა პარტია თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა. ეს სერიოზული პოლიტიკური და მორალური ზიანია. ივანიშვილმა მანამდეც არაერთი შეცდომა დაუშვა - ის გახარიასთან ერთად პატრიარქის გადაყენებას და პატრიარქად თავისი კადრის დასმას აპირებდა. ამ საკითხზე ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნას და თუ ეს მთავრობა არა, მომავალი მთავრობა აუცილებლად გამოიძიებს.

- ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ივანიშვილს აძლევს ხელს... - ბევრი ფიქრობს, რომ ეს მისთვის შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს. ერთი წლის შემდეგ არჩევნები უკეთ გამოავლენს მის უსუსურობას. შარშან ამ დროს ხალხს ეხვეწებოდა, ბოლო შანსი მომეცით, ნახეთ, ქვეყანას როგორ ავაყვავებო. ერთი წელი გავიდა და ქვეყანა უფრო დაიქცა. კარგად დავინახეთ, რომ ივანიშვილი სახიფათოა და განიცდის რუსეთის გავლენას, რის გამოც ანაკლიის პროექტი ჩაშალა.