"ხელისუფლებას ვაიძულებთ, მაგარი ბიჭობის­ თამაშის ნაცვლად, კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ვაიძულებთ, მაგარი ბიჭობის­ თამაშის ნაცვლად, კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს"

"ახლა ყველას მთავარი გვაერთიანებს - არ უნდა დავუშვათ ხელისუფლების უზურპაცია და იმ პერსპექტივის გაქრობა, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ხალხმა ხმა მისცეს სასურველ ძალას"

"თუ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხალხს სიცივესა და წვიმაში ქუჩაში გამოსვლა დაეზარება, ცდება. ნაწილი გამოვა, ნაწილში დარჩება მუხტი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე.

- "ოცნების" წყალობით ქვეყანაში ძალიან მძიმე დაპირისპირება და პოლარიზაციაა. პროპორციული არჩევნების ინიციატივა უნდა ყოფილიყო გზა სტაბილურობისკენ, ნორმალური და თავისუფალი არჩევნებისკენ, მაგრამ ხელისუფლებამ ჩააგდო, თანაც უტიფარი და ცინიკური ფორმით - 4-თვიანი საჯარო განხილვის შემდეგ უარი თქვა და შეიქმნა დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელზეც ამდენი ხანია თავად აპელირებს. მეორე მხრივ, პრობლემა შეგვექმნა ქვეყნის გარეთაც - პრაქტიკულად, ყველა უცხოელმა პარტნიორმა კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მოვისმინეთ ამერიკელი კონგრესმენების, ევროპარლამენტარებისა და ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადებები. ნაცვლად იმისა, ასეთ მძიმე რეალობას თვალი გაუსწორონ, უტიფრად არაფერს იმჩნევენ. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ ასე, მით მტკივნეულად და სწრაფად დაასრულებენ არსებობას.

- ხელისუფლების ამ ქმედებას რას დაუპირისპირებს ოპოზიცია?

- ჩვენ გვექნება რამდენიმე მიმართულება - საპროტესტო აქციები გაგრძელდება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი აბუჩად აგდებას არავის აპატიებს. აქციები იქნება მწვავე და უფრო ხალხმრავალი. ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვაიძულებთ შეიმჩნიონ პოლიტიკური კრიზისი, თავის მოწონებისა და მაგარი ბიჭობის თამაშის ნაცვლად, ვითომ არაფერი ხდება, გამოსავალი მოძებნონ. გარდა ამისა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, აკრედიტებულ ელჩებთან - საჭიროა ზეწოლა, რათა ხელისუფლებამ თვალი გაუსწოროს რეალობას. მესამე მიმართულებაა საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან მუშაობა, რათა კრიზისიდან გამოსავალი ყველასთან შეთანხმებული იყოს.

- რა მოთხოვნებს დააყენებთ აქციაზე?

- მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით. ჩვენ ვთავაზობთ გერმანულ მოდელს. მას ბევრი უპირატესობა აქვს. ამ მოდელში შენარჩუნებული არიან მაჟორიტარები, მაგრამ მათ ხარჯზე პარტია ვეღარ მიაღწევს გაუმართლებელ უპირატესობას - ანუ ყველა პარტიას პარლამენტში ჯამურად ეყოლება იმდენი წარმომადგენელი, რამდენ ხმასაც აიღებს.

"ქართულმა ოცნებამ" 2016 წელს ხმების 48% მიიღო და პარლამენტში 78% შეიყვანა. ეს სისტემის უსამართლობაა, რასაც გერმანული მოდელი ასწორებს - ტოვებს მაჟორიტარს, მაგრამ პროპორციულით გასული და მაჟორიტარი ჯამურად ზუსტად იმდენი იქნება, რამდენ ხმასაც მიიღებს პარტია. ამ მოდელის მეორე პლუსი ის არის, რომ არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ცვლილებები უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში და ამისთვის საკმარისია მხოლოდ 76 ხმა. ამ 76 ხმიდან 45 ხმა აქვს ოპოზიციას და თუ ხელისუფლება იტყვის, რომ 30 დეპუტატის ხმასაც ვერ მოაგროვებს, ეს ნიშნავს, რომ აღარც უმრავლესობა არსებულა და აღარც ხელისუფლება. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ცხადდება რიგგარეშე არჩევნები.

- ოპოზიცია შეძლებს შეინარჩუნოს ერთიანობა პრინციპით: "ყველას მინუს ერთი"? - იმდენად დიდი იყო თავისუფალი არჩევნების იდეა, რომ გააერთიანა ის პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთობა აქამდე წარმოუდგენელი იყო. ჩვენ შორის არის დიდი ფუნდამენტური განსხვავება, მაგრამ ახლა ყველას მთავარი გვაერთიანებს - არ უნდა დავუშვათ ხელისუფლების უზურპაცია და იმ პერსპექტივის გაქრობა, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ხალხმა ხმა მისცეს სასურველ ძალას.

შეიძლება ბევრს არ ესმის განსხვავება პროპორციულ, გერმანულ და შერეულ მოდელებს შორის, მაგრამ ყველას ესმის, რას ნიშნავს, როცა ართმევენ არჩევნის უფლებას.

- რეგიონებშიც გაიმართება აქციები?

- რა თქმა უნდა, მხარდამჭერებისა და საპროტესტო ელექტორატის ნაწილი ჩამოვა, თუმცა რეგიონებშიც იქნება აქციები და გაგრძელდება ყველა ფორმით, სანამ ხელისუფლება არ დაიწყებს კრიზისიდან გამოსავლის ძიებას.

- საზოგადოებას არაერთი ასეთი აქცია უნახავს, მათ შორის 20 ივნისის შემდგომ.... - ის აქციები იმიტომ დასრულდა, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოვიდა და პროპორციული არჩევნები შემოგვთავაზა.

მაგრამ საზოგადოება მოატყუა, მათ შორის ის ახალგაზრდები, რომლებმაც სისხლითა და დათხრილი თვალებიYთ მოიპოვეს ეს დაპირება.

თიკო ოსმანოვა