ილია მეორე ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს - კვირის პალიტრა

ილია მეორე ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს  მიმართავს:

"თქვენო უწმიდესობავ. მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე, მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში", – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.