მამუკა მდინარაძე:"პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციაში პირველად "ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა - კვირის პალიტრა

მამუკა მდინარაძე:"პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციაში პირველად "ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა

ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონს, კანონიერებას და კანონიერ მოქმედებას უპირისპირებდნენ უკანონობას და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს და ყველა სტრუქტურა მოიქცევა კანონის შესაბამისად, რაც ნიშნავს კანონის აღსრულების უზრუნველყოფას,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციაში პირველად "ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა.

"3 დღის განმავლობაში ისეთი მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს პარლამენტთან შეკრებილმა პარტიების ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, მათი ძირითადი ბირთვი ახორციელებდა ვითომ საკონსტიტუციო პროექტებს, რეფორმებს, თუმცა თითი-თითზეც არ დაუდიათ ხელი იმისათვის, რომ შეეცვალათ კონსტიტუცია, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ ხალხისგან პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ცოტა არალერევანტურია. პირველად საქართველოს ისტორიაში "ქართულმა ოცნებამ“ ანუ ჩვენ ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში ეს, მანამდე არავის მოუფიქრებია და გაუვლია აზრად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"