"ძალიან ახლოს ვართ კრიტიკულ წერტილამდე, ანუ ამ ყველაფრის არცთუ სახარბიელო ფინალამდე" - კვირის პალიტრა

"ძალიან ახლოს ვართ კრიტიკულ წერტილამდე, ანუ ამ ყველაფრის არცთუ სახარბიელო ფინალამდე"

"ოპოზიცია კი არა, დღეს ივანიშვილი ამარცხებს ივანიშვილს"

"მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არა მგონია, ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს. ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დაგვიტოვა ხელისუფლებამ და წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა," - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

- დღეს ქვეყანაში ინსტიტუციური კრიზისი გვაქვს. კრიზისია ქვეყნის მართვაში, ვდგავართ სოციალური საფრთხის, უმუშევრობის სერიოზული პრობლემის წინაშე. თითქოს ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი. ისტორიული კანონზომიერება ასეთია - როდესაც პრობლემები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება, ყველა შემდგომი პრობლემა წინამორბედზე რთული და დამანგრეველია... დიდი კრიზისის წინ ყოველთვის შეინიშნება პატარ-პატარა ტექტონიკური ძვრები. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კრიტიკულ წერტილამდე, ანუ ამ ყველაფრის არცთუ სახარბიელო ფინალამდე.

წარმოუდგენელი რამ მოხდა. ქვეყნის ლიდერმა პოლიტიკურ ეთიკას ფასი დაუკარგა. მან თქვა, რომ ყველაფერი მოსულა, შემიძლია ნებისმიერ რამეს დაგპირდეთ, მერე კი არ გავაკეთოო. ვირეშმაკული თამაში, თითქოს მაჟორიტარები აბუნტდნენ და თვითონ ძალიან წუხს, არავის სჯერა.

ფაქტობრივად, ეს ფორმდება ასე - ისე ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ყველაფერზეა წამსვლელი. საბოლოოდ გაირკვა, რომ ივანიშვილი ცხოვრობს დახშულ სამყაროში, სადაც ვერაფერს ხედავს და ვერაფერს ხვდება. თუ ხედავს, ხვდება და მაინც ამას აკეთებს, ეს უარესია. ე.ი. ფიქრობს, საზოგადოებას რასაც უნდა, იმას "გვაჭმევს", ნებით თუ არა, წიხლით მაინც.

- თქვენც ამბობთ, რომ ამ კანონპროექტის ჩაგდება ივანიშვილის სცენარია? რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა "გადააგდეს" ივანიშვილი? - ძალიან არადამაჯერებელია, რომ თავისუფლების ბუშტი გაუსკდათ იმ ადამიანებს, რომელთაც დღემდე პულტზე ხელის დაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებიათ და არსად გამოჩენილან. კომიკურად გამოიყურება მათი ფიცი, რომ ივანიშვილთან მძიმე საუბარი ჰქონდათ. თუმცა, ასეც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? მმართველი პარტიის დაპირებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია, რომელიც ამას არა მარტო საქართველოს, არამედ უცხოეთსაც დაჰპირდა. მან თავისი ღირსების ხარჯზე ითამაშა. პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, როდესაც პარტია ხელმძღვანელის პირით კრიზისულ სიტუაციაში იძლევა დაპირებას, მერე ამით რამდენიმე თვის განმავლობაში ამაყობს და როცა საქმე საქმეზე მიდგება, "აგდებს" საზოგადოებას. ასეთი საქციელისთვის ცივილიზებული ერი სჯის პოლიტიკურ ლიდერს. ასეთი უხეში "გადაგდება" საზოგადოების სუიციდის ტოლფასია.

- შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა ვითარებამ მაჟორიტარული სისტემის რეალური სახე წარმოაჩინა? - ჩვენ გვყავს მაჟორიტარები, რომლებიც პარტიებს იმის მიხედვით იცვლიან, თუ ვინ არის მმართველ გუნდში. ჩვენს რეალობაში მაჟორიტარი და ყანდური სინონიმებია. არც ის სჯერა ვინმეს, რომ მათ ბუნტი მოაწყვეს და ისიც ვიცით, რომ პოლიტიკაში მათი არსებობა ძალიან სახიფათოა.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული საზოგადოების "გადაგდება" თუ სპონტანურად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? - წინასწარ ნაფიქრის ამ საქმეს რა ეტყობა? ბოლო დროს დაინახა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებდა და ამ ფორმით გადაწყვიტა ძალაუფლების შენარჩუნება. მას ძალიან მარტივი და ნეგატიური სცენარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ახლა ფიქრობს, რომ ხალხი ორი კვირის განმავლობაში ივლის აქციაზე, "იბლუყუნებენ" რაღაცას და დაიშლებიან. მას სხვა გამოცდილება არა აქვს... "ოცნების" ხელისუფლების რეპუტაცია დასრულდა. Aამ ვითარებაში აღარ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ტიპის პოლიტიკურ ძალას ხმას მისცემს. შეხედეთ, რა უქნა ივანიშვილმა თავისი გუნდის წევრებს. ჩუგოშვილს მთელ მსოფლიოში დაატარებდნენ, ისიც უცხოელებს არწმუნებდა, რომ პროპორციული სისტემა, ფაქტობრივად, უკვე ძალაში შესული კანონი იყო. ივანიშვილმა უცხოელების თვალში მისი რეპუტაცია გაანადგურა.

- ჩუგოშვილთან ერთად სხვა დეპუტატებიც იმედგაცრუებული ჩანდნენ. მართალია, მათ გუნდი დატოვეს, მაგრამ ამბობენ, რომ არ შეუერთდებიან ოპოზიციას, რადგან აქციაზე პროცესებს "ნაციონალები" მართავენ. - ასეთი დამოკიდებულება მომაბეზრებელია. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში იმის თქმა, რომ პროტესტს არ გამოვხატავ, რადგან "ნაციონალები" გამოხატავენ, სიბრიყვეა.

- როგორ გგონიათ, ახლა ქუჩაში ის ადამიანებიც არიან, ვისაც "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა და ფიქრობს, რომ ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე პრორუსული ორიენტაციისაა? - სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ პრორუსული და პროდასავლური განწყობის ადამიანები გვერდიგვერდ დააყენა. დღეს მსოფლმხედველობითმა საკითხებმა მეორე რიგში გადაინაცვლა. მთავარი თემა დემოკრატიის განვითარება და უზურპაციის პრევენციაა. დემოკრატია პრორუსსაც სჭირდება და პროდასავლელსაც. ამიტომ ელაპარაკებიან ირმა ინაშვილი და გიგი უგულავა ერთი გზავნილით საზოგადოებას... ერთადერთი, რაც ივანიშვილმა მოახერხა, ოპოზიციის გაერთიანებაა. მართალია, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ მოახერხა?!

- გაერთიანებულ ოპოზიციას რა შედეგის მიღწევა შეუძლია? - არ ვიცი, ჯერ ყველა ისევ აფექტურ მდგომარეობაში ვართ. მსოფლიოს ისტორიაში წარმოუდგენელი რამ მოხდა.

- თქვენ ივანიშვილის პოლიტიკურ სვლებს შულერის თამაშს ადარებდით... - შულერობას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის თამაში დღეს სათითეებით თამაშს დაემსგავსა.

- 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელს ბოქლომი დაადეს. იგეგმება სხვა სამთავრობო უწყებების პიკეტირებაც. საპროტესტო ტალღის სათავეში აღმოჩნდნენ "ნაციონალები", რომლებიც ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ "ოცნების" დახმარებით გაუშვა. თითქოს პოლიტიკურ ჩიხში აღმოვჩნდით. სად ხედავთ გამოსავალს? - არ ვარ პრობლემების ქუჩაში გადაწყვეტის მომხრე, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ სივრცეს მოლაპარაკებისთვის, კონსენსუსის ძიებისთვის. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დაჯდე, მეორე მხარეს ხომ უნდა ენდო? ივანიშვილის სიტყვა დღეს ნულის ტოლფასია და რაზე უნდა ველაპარაკოთ, ან რა უნდა დავუჯეროთ? ივანიშვილი მოექცა ჩიხში და ქვეყანაც ჩიხში მოაქცია. თავისი ქმედებით გვაჩვენა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ის დაეცა, როგორც ადამიანი და მე ამის ყურება ძალიან მიჭირს. ოპოზიცია კი არა, დღეს ივანიშვილი ამარცხებს ივანიშვილს. ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ არ გვყავს ავტორიტეტული ოპოზიცია. ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან გაუშვას "ქართული ოცნება", მაგრამ ისინი რომ წავლენ, ცარიელი ადგილი ხომ არ დარჩება, მათი ადგილი ვინ უნდა შეავსოს?! დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა კი არა, მათი შემცვლელის პოვნაა.

ხათუნა ბახტურიძე