"მაჟორიტართა აჯანყებამ" რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი" - კვირის პალიტრა

"მაჟორიტართა აჯანყებამ" რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი"

"უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა "ქართულ ოცნებაში", რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები"

მას მერე, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველივე მოსმენისას ჩააგდო, "ქართული ოცნების" უმრავლესობაშიც და ქუჩაშიც პროცესები სწრაფად განვითარდა. ეს კანონპროექტი კონსტიტუციაში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომელთა მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. ამ ინიციატივით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თვითონ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ის ახლაც მხარს უჭერდა ამ კანონპროექტს, რომლის წინააღმდეგიც თითქოს უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ... თუმცა ამ განცხადების ჩვენში თითქმის არავის სჯერა. ძნელად სარწმუნოა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვისაც ამ წლების განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენიათ, ასეთი ურჩობა გაბედეს. კენჭისყრის შემდეგ "ქართული ოცნებაც" და საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს დეპუტატებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ინტელექტითა და პროდასავლური პოზიციით. ამის პარალელურად, ფაქტობრივად, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა", შეძლო გაერთიანება და პერმანენტული აქციებით დაიმუქრა. მათი მთავარი მოთხოვნაა პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნების ჩატარება. უკვე მერამდენედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა ქვეყანა კრიზისის პირას მიიყვანა. შექმნილ ვითარებას აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- შექმნილი ვითარების შემდეგ, ვფიქრობ, რომ პარტიის სახელი უნდა შეცვალონ. "ქართული ოცნება" უკვე ძალიან ცინიკურად ისმის. აჯობებს, "ქართული გაწბილება" დაარქვან.

სამწუხაროდ, ახალი ამბავი არ არის, რომ ძალაუფლება ხშირად ამახინჯებს ბევრ რამეს. გავიხსენოთ ისტორია... ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში იყო არასაჯარო პირი, აკეთებდა თავის საქმეს, ეწეოდა ქველმოქმედებას, აშენებდა სამების ტაძარს და ა.შ. უცებ, ძალიან სწრაფად, გახდა საჯარო ფიგურა, რომელსაც ხელში ლამის უსაზღვრო ძალაუფლება ჩაუვარდა. ვფიქრობ, ამ ვითარებაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას ძალიან ბევრ კომპრომისზე მოუწია წასვლამ.

გადაჭარბებული მგონია შეფასება, რომ რაც მოხდა, რუსული პროექტია. ჩემი აზრით, ფიქრობენ, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენაში შეუწყობს ხელს, რაშიც ცდებიან. ამასთანავე, ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. ბევრი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ამ გამოსავალს პოვნა სჭირდება და ამისთვის მხოლოდ საზოგადოების ნაწილის აქტიურობა არ არის საკმარისი, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება. ისე დაეცა "ქართული ოცნების" რეიტინგი, რომ ამ პროცესებს უფრო საღად შევხედავდი.

როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა.

ზოგჯერ უცნაურად იქცევიან დემონსტრანტებიც. "ქართულ ოცნებას" ულტიმატუმებს უყენებენ, ამავდროულად კი ხელს უშლიან პარტიის ოფისში პოლიტიკოსების შესვლას. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეიკრიბონ და ეს ულტიმატუმი განიხილონ, იმსჯელონ. თუ ვერ შეიკრიბებიან, როგორ იმსჯელებენ?!

ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ... კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ... ყველა დეპუტატი თავის სკამსა და ოჯახზე ფიქრობს, მერე კი, თუ დარჩა დრო, ქვეყანასა და თავის მოვალეობებზე... ისინი არიან იმისთვის, რომ ღილაკს თითი დააჭირონ, გარდა ასეთი საკრალური მომენტებისა, რაც, ვისგან არის ინსპირირებული, საკითხავია... ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში..."

- "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაძლოა, ყველაფერზე წავიდნენ, მათ შორის - რეპრესიებზეც, რითაც "ქართული ოცნება" საბოლოოდ დაემსგავსება წინამორბედს. - დიახ, ნამდვილად ჩანს საფრთხე იმისა, რომ ჩვენში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ასეთ ვითარებაში არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო პარტნიორები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. ისინი ახლაც დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც თავის დროზე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის ძებნა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან კარგად დააფინანსონ ზოგი პარტია. როგორც ვიცი, ამგვარი კონსულტაციები აშშ-ის საელჩოში უკვე მიმდინარეობს.

- "პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის," - განაცხადა აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა. მას მერე, რაც უმრავლესობამ ის ჩააგდო, არაერთი სხვა მკაცრი შეფასებაც მოვისმინეთ უცხოეთიდან... - სამწუხაროდ, თუ მოვლენების ჯაჭვს გადავავლებთ თვალს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ "მაჟორიტართა აჯანყებამ" ნამდვილად რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი. არა მგონია, რომ ეს წინასწარგანზრახვა იყო, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა... ეს უფრო უჭკუო თვითგადარჩენის პროექტია. ადამ კინზინგერის გამოსვლა მოვისმინე, როდესაც კონგრესზე განიხილავდნენ საქართველოს მხარდაჭერის აქტს. ეს მართლაც ძალიან საინტერესო ადამიანია, სამხედრო მფრინავია. მას ასეთი პოლიტიკური ხრიკები არ მოსწონს, არც თავისი პრეზიდენტის, არც სხვა ქვეყნის მმართველების... ნატოს სამიტია უახლოეს მომავალში და ამ ყველაფრის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინ იცის.

სამწუხაროა, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის ყველაფერს თმობენ. ამის მაგალითია უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრების დანიშვნის პროცედურები. როგორც ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი - თავისაზე, ჩვენში კი საერთოდ არაფერს სწავლობენ.

გაიხსენეთ, შევარდნაძეს ჯერ დაუჩოქეს, მერე "ვარდების რევოლუცია" მოუწყვეს, მერე კი, ვინც ამ რევოლუციით მოვიდა, ისიც საზოგადოების პროტესტმა გაისტუმრა ხელისუფლებიდან... ახლა ინსტიტუციები ძლიერია და იმედია, რევოლუციაზე არავინ იფიქრებს, მაგრამ ეს კრიზისი ქვეყანას ძალიან აზიანებს, ეკონომიკურ ვითარებასაც უფრო ამძიმებს. ამ ყველაფერს პრიმიტიული აზროვნების ნიშნებს ვატყობ.

იმედი მაქვს, გააანალიზებენ ვითარებას და დათმობაზე დროულად წავლენ...

- მას მერე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა, "ქართული ოცნება" დატოვა ახალგაზრდა დეპუტატების იმ ჯგუფმა, ვინც მეტ-ნაკლებად ნოვატორად და პროდასავლელად მიიჩნეოდა... - ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ მათ აქვთ პრინციპები, მომავალზეც ფიქრობენ. ახალგაზრდები არიან, ამ საზოგადოებაში ცხოვრება უნდათ; გარდა ამისა, აქვთ საერთაშორისო კავშირები. ჩვენი პარტნიორები მათ ამ თავგანწირვას ნამდვილად არ დაივიწყებენ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებში იპოვიან თავიანთ ადგილს.

ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან. ვფიქრობ, თუ მათთან ერთად იქნებიან დავით უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ეს ახალგაზრდები, მივიღებთ ძლიერ ცენტრისტულ მოძრაობას, რომელსაც ექნება სერიოზული მომავალი.

კარგი იქნება, თუ თავის მომავალზე დაფიქრდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. ისიც ახალგაზრდაა, თითქოს ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მან ყოველგვარი პერსპექტივა მოისპო...

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნების" ფუყე სტრუქტურაში ძალიან ძლიერია არაფორმალური ლიდერების გავლენა და ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ. არ დავასახელებ გვარ-სახელებს, ისედაც იცის ყველამ, მაგრამ ამ ყველაფერში ასეთი ადამიანების როლს რომ არ განიხილავენ, ძალიან ცდებიან. არ ვიცი, გაექცა ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები, თუ ჩათვალა, რომ მათი მოსაზრებები სწორია და სხვას აღარავის უსმენს. ფაქტია, რომ მათი - ამ იატაკქვეშა ლიდერების ზეგავლენა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამიტომაც არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა ასეთი ეკლექტიკური. ჯერ თითქოს საღ აზრს მიჰყვებიან, მაგრამ უცებ მთავარი ხდება რეტროგრადების - კომუნისტური წარსულის მქონეთა შთამომავლების აზრი.

აქამდე პარტიის შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა ნოვატორულ და რეტროგრადულ იდეებს შორის. სამწუხაროდ, რეტროგრადებმა გაიმარჯვეს. ახლა, როცა ლამის ყველა მოაზროვნე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, არ ვიცი, რა იქნება.

უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა "ქართულ ოცნებაში", რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. გავრილოვის სკანდალის შემდეგ, ბოლოს მაინც გადადგა ირაკლი კობახიძე, მაგრამ 24 საათით ადრე რომ გადამდგარიყო, არც აქციის დარბევა იქნებოდა და არც - ეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ქმედებას დროის შესაფერის მონაკვეთში. რაც მეტად გააჭიანურებენ ამ პროცესს, მათთვის უარესი იქნება.

- 17 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებამ გამართა ფართომასშტაბიანი მიტინგი. რას ფიქრობთ მათ მოთხოვნებსა და რესურსზე, რომ აიძულონ ხელისუფლება, რაღაც დათმოს... - არ შეიძლება მგელი ისე მოამწყვდიო კუთხეში, რომ გასასვლელი გზა არ დაუტოვო.

ეს მოთხოვნები, ალბათ, უფრო იმაზეა გათვლილი, რომ ნაწილი მაინც დაკმაყოფილდეს. მთავრობის გადადგომა წარმოუდგენელი მგონია. ჩემთვის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ყველაზე მისაღებია. ასეთ შემთხვევაში კბილის ტექნიკოსი მაინც აღარ გვეყოლება ჯანდაცვის მინისტრად, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა აკეთოს... თუმცა ახლა ამას "ქართული ოცნება" ნამდვილად არ დასთანხმდება. ვადამდელი არჩევნების აზრსაც ვერ ვხედავ - რა დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება თუ შემოდგომაზე?! მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს იქით, რომ შეთანხმდნენ მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, ან გაიზიაროს ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელის იდეა.

ჩვენში ხშირად ჰგონიათ, რომ კორპორაციისა და სახელმწიფოს მართვა ერთი და იგივეა, რაც ასე არ არის. ქმედებები უნდა იყოს არა მხოლოდ რაციონალური, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ შეიძლება ეს რაციონალური სულაც არ იყოს.

თუნდაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ვახსენოთ, რომელიც კვლავაც ცხინვალის იზოლატორშია. მას რომ რაციონალურად ეფიქრა, აღიარებდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, გადაიხდიდა 40 დოლარს და წავიდოდა სახლში, მაგრამ ის მოიქცა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩაიდინა გმირობა. შეიძლება ამის გასაკეთებლად ვაჟკაცობა სხვასაც ჰყოფნოდა, მაგრამ ეს იდეა თავში არ მოუვიდა... მან გააკეთა არაჩვეულებრივი რამ! საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საერთაშორისო სამართლით დამტკიცებულ საქართველოს საზღვრებს. ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე გადაადგილდებოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. მან თავისი ნაბიჯით აჩვენა არა მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის სიმახინჯე, არამედ საქართველოს რიგითი მოქალაქის მორალური პასუხსიმგებლობა და უპირატესობა...

ვაჟა გაფრინდაშვილმა - ერთმა ადამიანმა - მსოფლიოს აჩვენა ოკუპანტსა და მის მარიონეტებზე საქართველოს მორალური უპირატესობა.

ეს გმირული საქციელია! დიახ, ქვეყნის მართვასაც სჭირდება სოციალური მნიშვნელობის ნაბიჯები...

- თქვენი აზრით, ხელისუფლება რეალურად აღიქვამს შექმნილ ვითარებას, როდესაც კვლავაც ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს? - ცდილობენ, შავი თეთრად წარმოაჩინონ და პირიქით, რაც არ გამოვა - იდიოტები არ ვართ. ახლა, როცა აბსოლუტურად გაუგებრად, აუხსნელად, საკუთარი ნებით შეიყვანეს საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არავის უნდა ეპატიებოდეს, ამის "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადაბრალება ძალიან მიამიტურად ჟღერს. მერკანტილური მიზნების მისაღწევად სწირავენ სამშობლოს. ყველა ხელისუფლების დასასრული იწყებოდა მაშინ, როდესაც კარგავდნენ რეალობის შეგრძნებას. რატომღაც ძალაუფლებისკენ ლტოლვა ლამის პირად უსაფრთხოებას ურჩევნიათ. რად უღირს ამ მილიარდერ ადამიანს ამდენი ლანძღვა-გინება?! ბევრი რამ გააკეთა, ქველმოქმედება გასწია, მაგრამ ეს დავიწყებას მიეცემა, თუ ასე გააგრძელა... შევარდნაძემაც ბევრი რამ გააკეთა, მიშამაც, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც რჩება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, დაუოკებელი ლტოლვა ძალაუფლებისკენ.

- ოპოზიციამ სამოქმედო გეგმად გამოაცხადა პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირება და ბლოკირება... - სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ბრძოლის ახალი მეთოდების მოფიქრებას. ისევ კარგად დავიწყებულ ძველ და წარუმატებელ ხერხებს იყენებენ. ეს იქნება, ალბათ, არეულობის მიზეზი, პატარ-პატარა დაპირისპირებების საფუძველი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ვიცი ერთი რამ - როცა მოდის ცვლილებების დრო, ეს ცვლილებები ხორციელდება! არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სისტემა იქნება - მაჟორიტარული, პროპორციული

თუ ა.შ. ასე შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება, ასე შეიცვლება 2020 წელსაც... ზედმეტი ბარიერების შექმნა უარეს დღეში ჩააგდებს "ქართულ ოცნებას" - ის შეიძლება "მოქალაქეთა კავშირივით" მოისპოს.