"ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან" - კვირის პალიტრა

"ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან"

მას მერე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა, "ქართული ოცნება" დატოვა ახალგაზრდა დეპუტატების იმ ჯგუფმა, ვინც მეტ-ნაკლებად ნოვატორად და პროდასავლელად მიიჩნეოდა... შექმნილ ვითარებას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ მათ აქვთ პრინციპები, მომავალზეც ფიქრობენ. ახალგაზრდები არიან, ამ საზოგადოებაში ცხოვრება უნდათ; გარდა ამისა, აქვთ საერთაშორისო კავშირები. ჩვენი პარტნიორები მათ ამ თავგანწირვას ნამდვილად არ დაივიწყებენ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებში იპოვიან თავიანთ ადგილს.

ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან. ვფიქრობ, თუ მათთან ერთად იქნებიან დავით უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ეს ახალგაზრდები, მივიღებთ ძლიერ ცენტრისტულ მოძრაობას, რომელსაც ექნება სერიოზული მომავალი.

კარგი იქნება, თუ თავის მომავალზე დაფიქრდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. ისიც ახალგაზრდაა, თითქოს ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მან ყოველგვარი პერსპექტივა მოისპო...

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნების" ფუყე სტრუქტურაში ძალიან ძლიერია არაფორმალური ლიდერების გავლენა და ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ. არ დავასახელებ გვარ-სახელებს, ისედაც იცის ყველამ, მაგრამ ამ ყველაფერში ასეთი ადამიანების როლს რომ არ განიხილავენ, ძალიან ცდებიან. არ ვიცი, გაექცა ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები, თუ ჩათვალა, რომ მათი მოსაზრებები სწორია და სხვას აღარავის უსმენს. ფაქტია, რომ მათი - ამ იატაკქვეშა ლიდერების ზეგავლენა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამიტომაც არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა ასეთი ეკლექტიკური. ჯერ თითქოს საღ აზრს მიჰყვებიან, მაგრამ უცებ მთავარი ხდება რეტროგრადების - კომუნისტური წარსულის მქონეთა შთამომავლების აზრი.

აქამდე პარტიის შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა ნოვატორულ და რეტროგრადულ იდეებს შორის. სამწუხაროდ, რეტროგრადებმა გაიმარჯვეს. ახლა, როცა ლამის ყველა მოაზროვნე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, არ ვიცი, რა იქნება.

უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა "ქართულ ოცნებაში", რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. გავრილოვის სკანდალის შემდეგ, ბოლოს მაინც გადადგა ირაკლი კობახიძე, მაგრამ 24 საათით ადრე რომ გადამდგარიყო, არც აქციის დარბევა იქნებოდა და არც - ეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ქმედებას დროის შესაფერის მონაკვეთში. რაც მეტად გააჭიანურებენ ამ პროცესს, მათთვის უარესი იქნება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სრულად