პოლიტიკოსების და აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაატარა - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსების და აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაატარა

პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა და მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს.

მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე მცირე ინციდენტს, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე აღკვეთეს.

პარლამენტის შენობის ყველა მხარეს კარვებია გაშლილი და ამ დრომდე კასრებში ცეცხლი ანთია.

ამასთან, ქვიშის ტომრებისა და სამშენებლო ნარჩენების გამოყენებით კვლავ ბარიკადებია მოწყობილი ჩიტაძის, ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან, პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს კი ჭიჭინაძის ქუჩის მხარიდან ისევ ბოქლომი ადევს.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები და ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ იქამდე, ვიდრე პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

"ინტერპრესნიუსი"