"ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს - კვირის პალიტრა

"ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

თბილისში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება. "როიტერსის" ცნობით, საქართველოს დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს.

"თბილისში დაახლოებით 20 000 ადამიანი ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა",-წერს გამოცემა.

"როიტერსი" ევროსაბჭოსა და ამერიკის საელჩოს განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებენ, იპოვონ გამოსავალი.

"SBS News"-ის ინფორმაციით, თბილისში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მათი ინფორმაციით, 20 000-ზე მეტი ადამიანი მთავრობის გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვდა. მათივე ცნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინეს.

"ათასობით ქართველი თბილისის ქუჩებში აქციებს მართავს, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა შეპირებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩააგდეს",- ამის შესახებ "ასოშიეთიდ პრესი" წერს. მათივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაპირების არშესრულებამ, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე არაძალადობრივ აქციაზე ნატოს, ევროკავშირის და საქართველოს დროშები ფრიალებს. მათივე თქმით, ათასობით ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული "ქართული ოცნების" მიერ შეპირებულ რეფორმას მოითხოვს, რომელიც კანონმდებლებმა ჩააგდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული დაპირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

იხილეთ ასევე: "საერთაშორისო პარტნიორები ახლაც დაიწყებენ ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში"

"ინტერპრესნიუსი"