ხალხის ფულით "გაგულავებული" ანუ ლადო ვარძელაშვილმა ქამარი მოუშვა?! - კვირის პალიტრა

ხალხის ფულით "გაგულავებული" ანუ ლადო ვარძელაშვილმა ქამარი მოუშვა?!

"გორული ვიკილიკსი" - ასე დაასათაურა "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული დოკუმენტები  გაზეთ "ქართლის ხმის" რედაქტორმა და ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა და ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის განკარგულება, რომლითაც ის საკუთარ თავს ყოველთვიურად 2.950 ლარის ოდენობით განუსაზღვრავს პრემიას.

დოკუმენტს ხელს თავად ვარძელაშვილი აწერს და 2009 წლის 20 იანვრით თარიღდება. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: თუ კონსტიტუცია აღარ არის ხელშეუხებელი და ლამის ყოველდღიურად შეაქვთ მასში ცვლილება, რა გახდა გუბერნატორის ერთი განკარგულება? თუმცა, საბა წიწიკაშვილისთვის პასუხი ძნელი საპოვნელი არ არის, რადგან მისი დასკვნით, "ქამრების მოჭერის" პოლიტიკა მხოლოდ რიგით მოკვდავებს ეხება.

- საბა, "ვიკილიკსი" საეჭვო რეპუტაციის საიტად მიიჩნევა. შენ რატომ უწოდე ასეთი  მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებას "გორული ვიკილიკსი"?

- ამით ჩვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ ნამდვილად არ დამიყენებია. მე მომწონს გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნება, თორემ "ვიკილიკსთან" საერთო არაფერი გვაქვს (იცინის). ამგვარი სათაური ირონიას გამოხატავს. დოკუმენტები, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინე, ისედაც საჯაროა და სახელმწიფოებრივი საიდუმლოება სულაც არ არის, ოღონდ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დოკუმენტები რატომღაც ძნელად მოსაპოვებელია. რა თქმა უნდა, მათ ხელისუფლება ასაიდუმლოებს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ დოკუმენტების მისაღებად ერთწლიანი ბრძოლა დამჭირდა.

ჯერ არ მაძლევდნენ, შემდეგ, თუ გახსოვთ, პროტესტის ნიშნად გამოვუშვით გაზეთის თეთრი ფურცლები სათაურით "მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!". ამან გაჭრა. ერთ კვირაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი მივიღე, მატყობინებდნენ, რა თანხა მიიღეს პრემიებად გორის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა.

შემდეგ ხელახალი ინფორმაცია მოვითხოვე, სადაც  უნდა დაეზუსტებინათ, ვინ რა ოდენობის პრემია აიღო, ამაზეც მივიღე პასუხი. შემდეგ მოვითხოვე ინფორმაცია, თუ რა თანხები ერიცხებოდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მობილურ ტელეფონებზე, რა ღირებულების ბენზინი სჭირდებოდათ თვეში, რა თანხა იხარჯებოდა ავტომანქანებით მომსახურებაში, ბენზინისთვის და ა.შ. მართლაც არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღე.

რადგან გასულ კვირას "ვიკილიკსის" თემა აქტუალური იყო, გადავწყვიტე, ეს დოკუმენტები გამომექვეყნებინა და ირონიულად "გორული ვიკილიკსი" ვუწოდე. თანაც, ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კარგად ცხოვრობენ, მათი ხელფასები რიგითი მოქალაქეების ხელფასებს ბევრად სჭარბობს, მაგრამ ამის დოკუმენტებით დადასტურება მაინც სულ სხვაა.

- მაინც რომელმა დოკუმენტებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება?

- გუბერნატორის ხელფასი რომ  2.950 ლარს შეადგენს, ისედაც ვიცოდი, რადგან ეს პრეზიდენტის  ბრძანებულებით არის განსაზღვრული. საყურადღებო ის იყო, რომ ლადო ვარძელაშვილმა (სანამ ამ პოსტიდან წავიდოდა სპორტის მინისტრად) საკუთარ თავს ყოველთვიურ პრემიად იმავე ოდენობის თანხა განუსაზღვრა. ე.ი. ლადო ვარძელაშვილი თვეში 5.900 ლარს იღებდა. ამას ემატებოდა თვეში 600 ლიტრი ბენზინის ხარჯი, მის პირად ტელეფონზე ყოველთვიურად 1.000 ლარის ჩარიცხვა(!) და ა.შ. ასე რომ, თავად განსაჯეთ, რა სიკეთე მოაქვს გუბერნატორობას.

პრემია წამახალისებელი საშუალებაა. ლადო ვარძელაშვილი თავის თანამშრომლებს მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე "წაახალისებდა" ხოლმე, წლის  განმავლობაში 3-4 -ჯერ თუ აქვთ პრემია მიღებული, ძირითადად, რელიგიურ დღესასწაულებზე. თავად კი, როგორც ჩანს, იმდენად დადებითად აფასებდა საკუთარ მუშაობას, რომ ყოველთვიურად  დაიწესა პრემია. როგორც ჩანს, პრეზიდენტმაც დადებითად შეაფასა ვარძელაშვილის საქმიანობა და დააწინაურა.

ვარძელაშვილი მოადგილეებსა და თანამშრომლებთან  შედარებით გაცილებით მეტ თანხას ირიცხავდა მობილურ ტელეფონზე. მაგალითად, თუ გუბერნატორს 1.000 ლარი ერიცხებოდა ყოველთვიურად, მის მოადგილეს - 170 ლარი, ხოლო რიგით სპეციალისტებს - 20 ლარი. ცხადია, გუბერნატორი სხვებთან შედარებით ბევრს ლაპარაკობდა მობილურ ტელეფონზე, მაგრამ მოადგილეებთან შედარებით მაინც ძალიან პრივილეგირებული იყო, რაც ზემოთ დასახელებული ციფრებიდან კარგად ჩანს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბიუჯეტო თანხა მის პირად ტელეფონზე ირიცხებოდა, სამსახურებრივ ტელეფონზე გაწეული ხარჯი კი ცალკე დათვლის საგანია. ძალიან საინტერესოა ბინის ქირის შესახებ ინფორმაციაც, რომელიც ვარძელაშვილმა თავისთვის და მოადგილეებისთვის გამოყო.

ყოფილი გუბერნატორის ხელმოწერილ დოკუმენტში ერთი ასეთი ფრაზაა: "სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება", - უნდა ვივარაუდოთ, რომ  "ეფექტური საქმიანობისთვის" მაღალჩინოსნებს კომფორტული გარემო სჭირდებოდათ, მაგრამ გორის ცენტრში იმავე ფართობისა და კომფორტული ბინები გაცილებით იაფი, მაქსიმუმ 300 ლარი ღირს, დოკუმენტით კი ირკვევა, რომ სტალინის ქუჩაზე ვარძელაშვილის ბინის ქირავნობისთვის 900 ლარი ყოფილა გამოყოფილი, ხოლო მისი იმჟამინდელი მოადგილეების - გიორგი ავალიანისა და ზურაბ ჩიჩილაკაშვილისთვისაც, შესაბამისად, 800 და 900 ლარი.

მე აუცილებლად მივადევნებ თვალს ნებისმიერ ცვლილებას ზემოხსენებულ განკარგულებებში და ქართლიდან ხმას მოგაწვდენთ.

P.S. ყოფილმა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ზემომოყვანილ ინფორმაციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "აბა, ვინ უნდა გამოუწეროს პრემია გუბერნატორს, მითხარით? ეს მიღებული ფორმაა, ჩვენ ხელფასებს გვაძლევდა ფინანსთა სამინისტრო და ჩვენ განვკარგავდით"... შეეძლო თუ არა ექსგუბერნატორს უფრო მოკრძალებულად განეკარგა თანხა და საკუთარი თავისთვის პრემია ყოველთვიურად არ დაეწესებინა, ამის დაზუსტება გვინდოდა, მაგრამ ლადო ვარძელაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს აღარ უპასუხა.