"ხელისუფლება გაფორმდა, როგორც შეშინებული, მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ერთეული" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება გაფორმდა, როგორც შეშინებული, მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ერთეული"

უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რაც მას მერე დაიწყო, რაც ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა, ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ 18 ნოემბერს სამართალდამცველებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა პიკეტირებული პარლამენტის შენობა გაათავისუფლა, აქციის მონაწილეები რუსთაველზე გაშლილ კარვებს არ ტოვებენ და არც დაშლას აპირებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ახლახან გამოქვეყნებულ IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს:

- რომ დავიწყოთ 18 ნოემბერს აქციის დაშლით, არსებობს პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები. სამართლებრივ ნაწილში პრეტენზიები არ მაქვს, მათ შორის, არც პოლიციასთან იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, ისინი საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებდნენ და მინიმალური დანაკარგებით ჩაიარა ეს დღე. რაც შეეხება პოლიტიკურს, აქ სრული კატასტროფაა იმიტომ, რომ ხელისუფლება გაფორმდა, როგორც შეშინებული, მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ერთეული. თავიდან თითქოს მათი მხრიდან დიალოგზე ლაპარაკი გვესმოდა, მაგრამ კახი კალაძის განცხადებაში გამოჩნდა, რომ ნებისმიერ ფასად უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება და გადადიან კუნთების თამაშზე ანუ არანირი პოლიტიკური დიალოგი არ გვაინტერესებსო.

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ქუჩით წყდება ახლა პოლიტიკური პროცესი იმიტომ, რომ ქუჩის პროტესტი გარკვეულწილად ხელისუფლების ინტერესშია, რადგან ასეთ დროს ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს ხელისუფლებას, რომელიც არაერთხელ გამოუყენებია და იმის რისკი, რომ ამის გამოყენებას ახლაც შეძლებს, საკმაოდ მაღალია.

2012 წელს, როდესაც შევედით პოლიტიკურ პროცესში, დაახლოებით იგივე დღის წესრიგს გვთავაზობდა მიხეილ სააკაშვილი, ის ახდენდა ჩვენს პროვოცირებას, რომ როგორმე ქუჩაში გავეყვანეთ, ის ფიქრობდა, რომ ქუჩაში მერე ჭიდაობაში მოგვერეოდა, მაგრამ არ გავყევით და ვთქვით, - რაც გინდა ის ქენი, რა კანონიც გინდა, დაწერე, ნებისმიერი კანონის ფარგლებში მოგიგებთო. ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, როდესაც ოპოზიციამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ თუ მაჟორიტარული წესით აპირებ არჩევნების ჩატარებას, ამასაც მოგიგებო... ანუ ახლა ხელისუფლებას უნდა გაუფორმდეს შეშინებულის და გადამგდების იმიჯი. ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოებრივადაც და პოლიტიკურადაც სწორი ნაბიჯი. მაგალითისთვის ერთსაც გეტყვით, მოცემულობა ისეთია, რომ ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნება მეორე ტური, ოპოზიციამ დღესვე უნდა მოაწეროს ხელი მემორანდუმს, რომლითაც ისინი იტყვიან, რომ მეორე ტურში კონსოლიდირებულად დაუჭერენ ხელისუფლების ალტერნატიულ კანდიდატს მხარს, ასეთ ვითარებაში, წმინდა არითმეტიკულადაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ უნდა წააგოს ეს არჩევნები, სწორედ ეს არის ხელისუფლების დამარცხების ფორმულა, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ხელისუფლების გარდა ოპოზიციის პრობლემაც გვაქვს, თუ ოპოზიცია ამას ვერ გადალახავს, მაშინ "გათიშე და იბატონეს" პრინციპით ნებისმიერი ხელისუფალი მოიგებს.

- IRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, "ნაცმოძრაობას" - 15%, დანარჩენს კი უფრო ნაკლები, რას იტყვით ამ შედეგებზე? - ჩემი აზრით, ეს რეიტინგები ასახავს ობიექტურ რეალობას. 23% არ არის ნატურალური ამომრჩეველი, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მინიმუმ 15%-17%-იანი "ჰანდიკაპი" ადმინისტრაციული რესურსის ბაზაზე, ასე რომ, ნატურალური მხარდამჭერი ხელისუფლებას აღარ ჰყავს. ფაქტობრივად, 23%-ით გაიზომა ადმინისტრაცია, ანუ ხელისუფლების მიერ დასაქმებული ხალხი. არცერთ ხელისუფლებას ამაზე დაბალი რეიტინგი არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს, ისინი დღეს მინიმუმზე არიან, მეორე მხრივ, ოპოზიციაც ვერ გამოიყურება წელში გამართულად, თუმცა რადგან ხელისუფლებამ ანტირეიტინგით გადაასწრო "ნაციონალურ მოძრაობას", ეს უკვე მისთვის სერიოზული პრობლემაა.

- უარყოფითად განწყობილი პოლიტიკოსების სამეულში ზურაბიშვილი, გახარია და თალაკვაძე ლიდერობენ.... - ეს ხომ რეალურად გახარიას რეიტინგი არ არის, ეს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგია... პირველ სამეულს ვინ იყოფს? - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ეს 3 ადამიანი ანტირეიტინგში პირველ სამეულში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ყოველგვარი ლეგიტიმაცია.

(სპეციალურად საიტისთვის)