"ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ" - რას ამბობს ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი? - კვირის პალიტრა

"ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ" - რას ამბობს ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი?

ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას, მათ შორის რუს მფრინავებს

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას განურჩევლად ეროვნებისა.

"სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა",-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს არც სამხედრო ჰოსპიტალში და არც თავდაცვის უწყებაში არ უმუშავია.

ცნობისთვის, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს წერს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

იხილეთ ასევე: "წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას" - რას წერენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმზე?

"ინტერპრესნიუსი"