"ბიძინა ივანიშვილმა ჩემ თვალწინაც რამდენჯერმე სთხოვა მაჟორიტარებს, ამას ნუ იზამთ, ნუ აკეთებთ ასეთ რამესო" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა ჩემ თვალწინაც რამდენჯერმე სთხოვა მაჟორიტარებს, ამას ნუ იზამთ, ნუ აკეთებთ ასეთ რამესო"

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მაჟორიტარებს სთხოვა - ნუ გააკეთებთ ასეთ რამეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდების საკითხის შეფასებისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარებმა, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, სავარაუდოდ, ხალხისგან იყვენენ შეგულიანებული, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს სისტემა არ აწყობდა.

"მე რა შეხვედრასაც ვესწრებოდი, ბატონი ბიძინა ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას ახლავს გარკვეული რისკები და ყველამ ვიცით ეს. ჩემ თვალწინაც რამდენჯერმე სთხოვა საჯაროდაც მაჟორიტარებს, რომ ამას ნუ იზამთ, ნუ აკეთებთ ასეთ რამეს, მაგრამ, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ეს არის ბოლო წელი არჩევნებამდე, ისინი კი არიან მაჟორიტარები და აქვთ მანდატი, უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ ხალხთან და იყვნენ ხალხისგან შეგულიანებულები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს სისტემა არ აწყობდა. ასე რომ, ამანაც განაპირობა ის, რომ ასეთი კენჭისყრა მოხდა. ახლა უკვე ლაპარაკი, ვიშვიში, სიტუაციის გამწვავება და სიუჟეტის გადაყვანა დესტაბილიზაციისკენ, არ გამოვა, ეს შეუძებელია. თუკი ჩვენ ვართ ვინმეს წინაშე პასუხისმგებელი ეს არის საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც დასასრულებელი გვაქვს ეს წელი", - განაცხადა ქანთარიამ.

ქანთარიამ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების წასვლის ფაქტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ასეთი გასვლები ამჟამად არ არის სახელმწიფოებრივად სწორი და ეს იყო მათი ემოციური ნაბიჯები".

"ინტერპრესნიუსი"