"ის, რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის" - როგორ ეხმაურება აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებს - კვირის პალიტრა

"ის, რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის" - როგორ ეხმაურება აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებს

აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. Haqqin.az-ის ცნობით, თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით უსწორდება, იყენებს რა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, რკინის ხელკეტებს და "ერთი სიტყვით, ყველა პრევენციულ ძალას უკანონო ქმედებებში მონაწილეთა წინააღმდეგ".

"ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ დასავლური თვალსაზრისით რომ ვთქვათ არალიბერალური, თითქმის "რესპრესიული მეთოდები" არ იწვევს პროტესტს აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიაში. არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო",- წერს გამოცემა.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან, სადაც დასავლეთი "აბსოლუტურ და შეუზღუდავ პოლიტიკურ ლიბერალიზაციას ითხოვს", სრულიად განსხვავებულია.

"თბილისში, მანიფესტაციებს რეზინის ტყვიებს უშენენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს. ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს, მაგრამ აი, თუ აზერბაიჯანული ოპოზიციის უმწეო და მშიშარა ნაწილი ცდილობს ბაქოს ცენტრში არეულობა მოაწყოს და მას სამართალდამცავთა წინააღმდეგობა შეხვდება, დასავლეთი ამ ხელისუფლების ქმედებებს არალეგიტიმურ და არაპროპორციულად მიიჩნევს",-აცხადებს ავტორი და დასძენს, რომ "ის რაც დასაშვებია ნინოსთვის, აკრძალულია ალისთვის".

"ინტერპრესნიუსი"