"ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით "ქართულ ოცნებისგან"- ლელოს აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან - კვირის პალიტრა

"ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით "ქართულ ოცნებისგან"- ლელოს აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. "ლელოს" წევრებს სიმბოლურად, ხელები ყვითელი შარფებით აქვთ შეკრული. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ისინი აქციაზე დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

მისი ინფორმაციით, სასამართლოში გუშინდელი ხმაური უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე მოსამართლემ მათი საქმის განხილვაზე უარი თქვა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, პასუხს აგებენ კანონის წინაშე და "ისინი "ლელოსთან“ ვერ "დაალაგებენ" ისე, როგორც ეს "ქართულ ოცნებასთან" გააკეთეს.

"სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს! ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, აქ არის სიმშვიდე, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომლებმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. მორიგჯერ სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე. არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა. წლებია თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ არეულობა გუშინ იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა, ეს საქმეები განეხილა და ახლა სისტემა არის კრიზისში, იმიტომ, რომ არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ახალ პარტიას, ახალ ჯგუფს, იმ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვის სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, თავისუფალი ქვეყნისთვის.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო“ დღეს მოვიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ პატიმრებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, გვინდა ვუთხრათ, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში. პირობას გაძლევთ, "ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით "ქართულ ოცნებისგან“ ჩვენ მემკვიდრეობით არ გადმოვიბარებთ სასამართლო კლანს. მოგიწევთ კანონის წინაშე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე, პასუხი აგოთ თქვენს მიერ ჩადენილი უკანონობისთვის და პოლიტიკური დაკვეთებისთვის. პოლიტიკური რევანში არ იქნება, მაგრამ ყველას მოუწევს კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"