თბილისი, რუსთავი, თელავი... - კიდევ სად "აბოქლომებენ" აქციის მონაწილეები მაჟორიტარების ბიუროებს - კვირის პალიტრა

თბილისი, რუსთავი, თელავი... - კიდევ სად "აბოქლომებენ" აქციის მონაწილეები მაჟორიტარების ბიუროებს

"ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს დილიდან საქართველოს მასშტაბით ბოქლომის დადებას ცდილობენ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებზე.

თბილისში მათ, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის "დაბოქლომება" სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით "დალუქულია".

"ევროპულ საქართველოს" და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ოფისების "დაბოქლომება". ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. მიხეილ ყაველაშვილმა აქ დაგვახვედრა თავისი "ზონდერები". ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. პოლიცია, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს მოქალაქეების უსაფრთხოებას, აქციეს კარების დარაჯად. ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენ არანაირ დაპირისპირებაში არ შევდივართ. როდემდე იდგებიან თავიანთ კარებებთან, წავლენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვალთ და "დავაბოქლომებთ", - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

ხმაური იყო რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან. "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ბოქლომი მიიტანეს და შესასვლელ კარზე დადებას ცდილობდნენ. ოფისთან შეკრებილმა მხეიძის მხარდამჭერებმა, მათ ამის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის დროს ოფისში იმყოფებოდა თავად მაჟორიტარი დეპუტატი.

თელავის მუნიციპალიტეტის შენობაში დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი "ევროპული საქართველოს" წევრებს საშუალებას არ აძლევენ, მაჟორიტარი დეპუტატების, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის "დაბოქლომების".

"მონებო!" - ამ შეძახილებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მთავარ შესასვლელ კარზე ბოქლომი დაამაგრეს, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე მოხსნეს.

შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები "სისხლიანი რეჟიმის წარმონადგენლები არიან".

"ევროპული საქართველოს" წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით