კანდელაკი თალაკვაძეს: "წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?" - კვირის პალიტრა

კანდელაკი თალაკვაძეს: "წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?"

ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? - ასე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კანდელაკი თალაკვაძის მტკიცებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ იტალიაში, მეგობრის იუბილეზე არ ყოფილა.

"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", - წერს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით არჩილ თალაკვაძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კომოს ტბაზე მეგობრის იუბილეზე იმყოფებოდა, რა ინფორმაციაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კატეგორიულად უარყო.

იხილეთ ასევე: "ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მიკერძოებული ინფორმაცია, თითქოს, იტალიაში დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვისვენებ"

"ინტერპრესნიუსი"