"კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ ცოტა პირი მოიბანოს" - როგორ აფასებს აფასებს გია ხუხაშვილი აკაკი ზოიძის ინიციატივას? - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ ცოტა პირი მოიბანოს" - როგორ აფასებს აფასებს გია ხუხაშვილი აკაკი ზოიძის ინიციატივას?

2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, აკაკი ზოიძე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოსაზრებას, მკვრადშობილს უწოდებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ეს არის აბსოლუტურად მკვდრადშობილი ინიციატივა, კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ზოიძის ინიციატივას გამოეხმაურა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა აკაკი ზოიძის პირადი მოსაზრება იყოს, თუმცა ექსპერტის აზრით, რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე დაყენებულ ინიციატივას გაგრძელება არ ექნება.

ხუხაშვილის აზრით, ინიციატივას პროცედურული თვალსაზრისითაც 2020 წლის არჩევნებისთვის პერსპექტივა არ აქვს.

"აბსოლუტურად არარეალურია, რამდენადაც მესმის, პროცედურულადაც ვერ მოესწრება, შესაბამისი კანონი კონსტიტუციურად აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ ერთის მხრივ აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს და აჩვენოს, რომ საერთო მასაში რაღაცით გამორჩეულია, ანუ, პირად ამოცანას წყვეტს.მეორეს მხრივ, ახალ-ახალ სალაპარაკოს გვიჩენენ, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად მკვდრადშობილი ინიციატივა, ჩვენ რომ ვილაპარაკებთ, ამაზეა გათვლილი. იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ძალა ამხელა რეპუტაციულ ზარალზე წავიდა, დაპირება მთელი სამყაროს მიმართ, არამარტო საქართველოს, არამედ უცხოელების მიმართ უხეში ფორმით დაარღვია, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ მანევრები ატარონ, გადაფარონ-გადმოფარონ, აქცენტები გადაიტანონ და რაღაც სისულელეებთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ

თუ რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ ჩემს ადგილს ვხედავ, რომ გავიდე ხალხში და ჩავუდგე კამპანიას სათავეში, რათა დავარწმუნოთ ყველა ადამიანი - პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა ხალხის სახელით საუბრობს და ამ დროს, და " ხალხის ნება არასდროს ყოფილა გამოხატული, საზოგადოებისთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით".

ზოიძე ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დემოკრატიის უმაღლესი ფორმა-პირდაპირი დემოკრატია და "ვკითხოთ ხალხს".

ამასთან, ზოიძის განცხადებით, მას ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პოლიტიკას და პარლამენტს ტოვებდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ მის შეთავაზებას, არ გამორიცხავს, რომ ის პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წავა.

"პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან ზოგადად წასვლისა და პარლამენტის დატოვების შესახებ, მაგრამ მე ვხედავ ჩემ ამ მიზანს და ამოცანას ამ ეტაპზე. თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არ მინდა, ეს ულტიმატუმად ჟღერდეს,(ცოტა სასაცილოა, ასეთ ქვეყნისთვის საჭირო თემებზე ერთი დეპუტატის მიერ ულტიმატუმების დაყენება, მე თვითონ მეცინება ) მაგრამ მე ჩემ ადგილს მაშინ ვხედავ იმაში, რომ გავიდე ხალხში, ჩავუდგე კამპანიას სათავეში, რომ დავარწმუნოთ ყველა ადამიანი, რათა პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი. ამაში ვხედავ ჩემ როლს და იმ საქმიანობის გაგრძელებას, რასაც ჯანდაცვის რეფორმა ჰქვია. გადაწყვეტილება უკვე მქონდა მიღებული პარლამენტის და პოლიტიკის დატოვების თაობაზე, მე არ მიმაჩნია, რომ ის გუნდი უნდა დატოვო, რომელთან ერთადაც მუშაობდი, ეს ჩემი პიროვნული კონსტიტუციისთვის მიუღებელი საქციელია. შეთავაზებას თუ მიიღებენ ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამის მიხედვით მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას. ჩემი გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელმა იცოდა, კიდევ ვინ იცოდა, არ ვიცი. ვეთანხმებოდი არგუმენტზე, რომ იმ ფონზე როდესაც შანტაჟი მიდის ქუჩის მხრიდან, პირველივე დღეს გაჟღერება არ ყოფილიყო სწორი, მაგრამ მე ვხედავ, რომ პროცესები საკმაოდ ცუდად მიდის, ამიტომ მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ ეს გამეჟღერებინა. დავფიქრდეთ, ვიმსჯელოთ, არის თუ არა სწორი გზა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვადებია დარჩენილი. მესმის, რომ შეიძლება ტექნიკურ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ იმ სასწორის მეორე პინაზე რაც დევს და რა პროცესებიც საზოგადოებაში შეიძლება განვითარდეს, მიმაჩნია, რომ აქ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მაქსიმალურად თანხმობის პირობებში ჩავატაროთ ეს ყველაფერი", - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავარი არის, რომ "რეფერენდუმი ან პლებისციტი დაინიშნოს, ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, რომ ხალხი არ მოგვიტყუებია და პირობას ვიცავთ".

"ინტერპრესნიუსი"