"ყველაზე დაბალი რეპუტაციისაა დღეს სალომე ზურაბიშვილი. მის სიტყვას ფუჩეჩის ძალა აქვს" - კვირის პალიტრა

"ყველაზე დაბალი რეპუტაციისაა დღეს სალომე ზურაბიშვილი. მის სიტყვას ფუჩეჩის ძალა აქვს"

"ყველაზე დაბალი რეპუტაციისაა დღეს სალომე ზურაბიშვილი. მის სიტყვას აქვს ფუჩეჩის ძალა",- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს.

ვაშაძემ ხვალ, 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, ნაწილი კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება. მისივე თქმით, საპარლამენტო სესიას "ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაატარებს, თუ ათასობით სპეცრაზმელს გამოიყვანს.

"ორშაბათს ზოგი ვიკრიბებით რუსთაველზე, ზოგი რესპუბლიკის მოედანზე და მოხდება პარლამენტის პიკეტირება. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპარლამენტო სესიის ჩატარებას "ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებს, თუ ათასობით სპეცრაზმელს გამოიყვანს. იმ შემთხვევაშიც, თუ ეცდებიან დაშლას, ჩვენ მშვიდობიან პროტესტს გავაგრძელებთ. მთელი მსოფლიო უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელსაც პოლიციის, სპეცრაზმის, რობოკოპების გარეშე არ შეუძლია არანაირი სამთავრობო სხდომა ჩაატაროს, ეს ხელისუფლება დამთავრებულია",- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს.

"ჩვენი სტრატეგიითა და გეგმით მივდივართ. მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ყოველდღიურად აქვს შედეგი. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებამდე. ეს არის სრულიად ახალი თაობის მიდგომა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება და რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს",- განაცხადა ვაშაძემ.