"იცოდეთ, ცუდი კაცების ყვირილი კი არ არის საშიში, არამედ კარგების დუმილი!.." - კვირის პალიტრა

"იცოდეთ, ცუდი კაცების ყვირილი კი არ არის საშიში, არამედ კარგების დუმილი!.."

"ნაცური ოპოზიციის" კანონს გაცდენილი პროტესტი მმართველი ძალისთვის ადვილად განსაჭვრეტი იყო"

"ხატოვნად რომ ვთქვათ, ახლა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მაგონებს ტრასაზე ერთმანეთის შესახვედრად მაქსიმალური სისწრაფით მიმავალ ორ ავტომობილს, რომლებსაც მთვრალი მძღოლები მართავენ და სიჩქარის დაგდება არც ერთს არ სურს..." - ასე აფასებს მწერალი კოტე ჯანდიერი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

- 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რასაც აქციები მოჰყვა... საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი რისკზე წავიდა, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. თქვენ რას ფიქრობთ?

- მარტივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხელისუფლების საჯაროდ დადებული პოლიტიკური დაპირების დემონსტრაციული შეუსრულებლობა ავტომატურად იწვევს პოლიტიკური სპექტრის, ამომრჩევლის, მთელი საზოგადოების აღშფოთებას, განურჩევლად იმისა, ვინ ვისი მომხრეა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობას. ისიც კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ "ნაცმოძრაობის" სახით მათ ჰყავთ ოპოზიციური ძალა, რომელიც უმნიშვნელო მიზეზსაც კი არ უშვებს ხელიდან არეულობის მოსაწყობად, ახლა კი პირდაპირ ხონჩით მიართვეს სიტუაციის დაძაბვის ინსტრუმენტი. ისმის კითხვა: რატომ არ მოერიდნენ ქართველი თუ საერთაშორისო საზოგადოების თვალში შერცხვენას? რატომ წაართვეს საკუთარ მხარდამჭერებს მათთვის მორალური მხარდაჭერის სურვილი და შესაძლებლობა?

ვარიანტი პირველი: გულუბრყვილოდ იფიქრეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მაჟორიტარებს დაჰბრალდებოდათ, თვითონ კი, როგორც ცვლილებების ინიციატორებს, ჩრდილიც კი არ მიადგებოდათ;

ვარიანტი მეორე: არ აინტერესებთ საზოგადოების აზრი, ვინაიდან "ბოლო სერიაში" ისევ "ნაც-ქოცურ" არჩევანს შესთავაზებენ (არადა, არსებული საარჩევნო სისტემა სწორედ ასეთი განლაგების გარანტიაა) და ხალხი, სააკაშვილის მობრუნების შიშით, არჩევანს კვლავ "ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებს.

ვარიანტი მესამე: გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ მოვლენების განვითარებამ ისე დააფრთხო მმართველი ძალა, რომ პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების დაპირება სასწრაფოდ გასცეს ისე, რომ მაჟორიტარებთან ეს საკითხი არ შეუთანხმებიათ. მაჟორიტარების გაურჩებამ არჩევანის წინაშე დაგვაყენაო, თვითონვე ამბობენ, ან თავისუფალი კენჭისყრა უნდა გამოგვეცხადებინა, ან გუნდი თუ უმრავლესობა დაგვეშლებოდაო. გამოვიდა, რომ უმრავლესობის დაშლას ქვეყნის არევა არჩიეს.

არ ვიცი, ვის რომელი ვარიანტის სჯერა, მაგრამ როგორც უნდა იყოს, სიტყვის გატეხას თავის გატეხა ჯობს.

მორალისტობას არ ვაპირებ, მაგრამ წმინდა პრაგმატული პოზიციიდან კი ვიტყვი: დასჭირდათ და მორალს გადააბიჯეს, კიდევ დასჭირდებათ - ალბათ, ისევ გადააბიჯებენ. რა ნდობაზე შეიძლება ლაპარაკი?! ისე, "ნაცებს" რომ ჰკითხო, ეგენიც ქვეყანას აშენებდნენ და მათ "აღმშენებლობას" მორალი უშლიდა ხელს. მგონი, ამ საკითხში დღევანდელ სპიკერატთან სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

ბოროტი თოჯინასავით სახეგაყინული კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან ლევან გოგიჩაიშვილს "ნაცების" წისქვილზე წყლის დამსხმელს, ნაძირალასა და ბერბიჭაშვილს ეძახის. ეგეც თქვენი მორალი!

მოდი, დავფიქრდეთ, რატომ არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი პოლიტიკური რყევები, ანუ რატომ მისცეს "ნაცებს" ქვეყნის არევის კიდევ ერთი შანსი? მMგონი, სწორედ იმიტომ, რომ არც "ნაცებსა" და არც "ქართულ ოცნებას" ხელს არ აძლევთ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. როცა ბიძინა ივანიშვილი ამ საარჩევნო ცვლილებას დაჰპირდა საზოგადოებას, პირველებმა "ნაცებმა" და მათმა ფიურერმა იყვირეს, არ დათანხმდეთო. განსაკუთრებით ნულოვან ბარიერს ებრძოდნენ, ვინაიდან ეს პატარა და ღარიბ პარტიებსაც აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს და ოპოზიციურ ფლანგზე "ნაცების" დამცრობას გამოიწვევს. აქედან ჩანს, რომ "ნაცური ოპოზიციის" კანონს გაცდენილი პროტესტი მმართველი ძალისთვის ადვილად განსაჭვრეტი იყო. ერთმა პარტიამ მისცა საბაბი, მეორემ შექმნა კრიზისი (ან კრიზისის იმიტაცია), კრიზისის განსამუხტავად კი ნაცადი ხერხია ვადამდელი არჩევნები, რომელიც დღევანდელ ძალთა განლაგებას არ შეცვლის და სტატუს-კვო შენარჩუნდება, რაზედაც ორივე მხარე თანახმაა.

- ოპოზიციის ნაწილმა გაერთიანება შეძლო და ძირითადი მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს. რეალობის გათვალისწინებით, მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ადეკვატურია? - ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადეკვატური რომ იყოს, "ოცნებას" 2016 წლის შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლებოდა.

ჩვენ მმართველი ძალის მორალურ სახეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა ოპონენტებსაც შევხედოთ. ვინ დგას საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში? კომპარტიის ყოფილი ნომენკლატურული მუშაკი და საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ფუნქციონერი ვაშაძე, რომელიც ყოვლად უნიჭოდ ცდილობს, ძირძველი ქალაქელისა თუ აგრესიული ძველი ბიჭის როლი მოირგოს; ქალბატონი სალომე სამადაშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, რომელიც უსირცხვილოდ ტყუის, როდესაც ქართული პოლიციის მიერ ძლივს ნორმალურად და პროფესიონალურად ჩატარებულ აქციის დაშლის ოპერაციას სისხლიან ცხრა აპრილს ადარებს; ან რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს, როდესაც ხედავს ბოქლომებით შეიარაღებულ, ისტერიკულად აკივლებულ ქალაქის ყოფილ მერს, რომელიც ბიუჯეტიდან ორმოცი მილიონი ლარის გაფლანგვა-მითვისების გამოა ნასამართლევი?

როდესაც ქვეყანაში შექმნილ დიდ თუ პატარა პრობლემას, ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომასა თუ ცუდ საქციელს "ნაცური ოპოზიცია" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული უკიდურესი კონფრონტაციის საბაბად იყენებს, ნათელია, რომ მათი განზრახვა არა პრობლემის მოგვარება, არამედ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ამას დავუმატოთ ბატონი მაჭუტაძე, გობლინის ხმაზე მოღრიალე კიდევ რამდენიმე ხელისუფლების მაძიებელი და მივიღებთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ორპოლუსიან ტრაგიკომიკურ სურათს. რა გასაკვირია, რომ ამ აქციებს საზოგადოების დიდი ნაწილი არ უერთდება?!

დარწმუნებული ვარ, იქ დღის წესრიგს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული პოლიტიკოსები რომ ქმნიდნენ და არა რევანშისტები, საზოგადოების უდიდესი ნაწილი წამოაყენებდა გონივრულ მოთხოვნებს და ბევრ რამეს ქვეყნის სასიკეთოდ შეაცვლევინებდა მთავრობას, რევოლუციისა და ეგზალტაციის გარეშე.

როგორც ჩანს, ოპოზიციად წოდებულ ამ პანოპტიკუმს, ისევე როგორც მმართველ ძალას, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, იდიოტები ვგონივართ და ფიქრობენ, რომ ვერ ვხვდებით, ვის ინტერესებს ემსახურება ვადამდელი არჩევნები. "ნაცებთან" ორპოლუსიან დაპირისპირებაში დღეს მოქმედი მოდელით ისევ "ქართული ოცნება" რომ მოიგებს არჩევნებს, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?

"მერე "ნაცებს" რა?" - იკითხავს კაცი. თუ მოახერხეს და პოლიციას სისხლი დააღვრევინეს, რევოლუციას ეცდებიან, თუ არადა, ამ "პერმანენტული აქციებით" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბაბს მისცემენ მმართველ პარტიას. არაო, ოპოზიციაში გაიძახიან, მხოლოდ ვადამდელი კი არა, პროპორციული და თანაც - სხვა მთავრობის ჩატარებული გვინდაო. იქნებ ვინმე ქრისტიანმა ამიხსნას, ეს როგორ წარმოუდგენიათ?! თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, მაშასადამე, პარლამენტი დათხოვნილია და ვიღამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია შერეულის ნაცვლად პროპორციული არჩევნების სასარგებლოდ? ან გადამდგარი მთავრობის ნაცვლად ვინ ან სად უნდა დააკომპლექტოს და დაამტკიცოს ეს ე.წ. დროებითი კოალიციური თუ ტექნიკური მთავრობა?

ეტყობა, ბოქლომდადებული პარლამენტის ნაცვლად ეს უნდა მოხდეს შალვა ნათელაშვილის ან ბაჩუკი ქარდავას ოფისში, სადაც მეუფე პეტრე მირონს სცხებს ახლად გამოჩეკილ მთავრობას.

- გარკვეულ საკითხებში, მათ შორის - პარლამენტის პიკეტირებაშიც არ ეთანხმება რამდენიმე გავლენიანი პარტია თუ ლიდერი. მათ შორის არის მამუკა ხაზარაძეც. როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს დადგება ხალხი და შეიძლება თუ არა ისეთი ძალის მოძებნა, რომელიც ხელისუფლებას დათმობას აიძულებს? - მთელ ამ ფსევდოპოლიტიკურ კაკაფონიაში ხანდახან საღი აზრი ან გონივრული ფრაზა თუ გაისმა, ე.ი. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. ვიმეორებ - რაც უფრო მეტ აგრესიასა და ბრიყვულ რადიკალიზმს გამოავლენს "ნაცური ოპოზიცია", მით უფრო ვაახლოებთ ვადამდელ, მაჟორიტარულ-პროპორციულ არჩევნებს ხუთპროცენტიანი ბარიერით და არაბუნებრივი საარჩევნო ბლოკებით. ეს ვითარება ხელს აძლევს ორად ორ პარტიას - "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას". ნებისმიერი მესამე ან მეოთხე მეტ-ნაკლებად ელექტორალური პოტენციის სუბიექტის გამოჩენა მათთვის კატასტროფის ტოლფასია.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას რაიმე აიძულო, ჯერ შენი ზრახვები უნდა იყოს გულწრფელი, შენი ძალისხმევა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების, სამოქალაქო სიმშვიდისა და სტაბილური განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ვიწრო ეგოისტური, მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. მაშინ შენ გვერდით დადგება ბევრი ადამიანი და აღარ დაგჭირდება აგრესიული პერფორმანსები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შენი მცირერიცხოვანი, ეგზალტირებული მხარდამჭერების გემოვნებაზეა მორგებული.

ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ერთ ქვაბში ყრის რევანშისტებსაც და კონსტრუქციულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპონენტებსაც.

- ოპოზიცია გერმანულ მოდელს ითხოვს, ხელისუფლება კი პასუხობს, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. - მართლაც გაუგებარია, რომ უსუფაშვილის შეთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი, რომელიც, კეთილი ნების შემთხვევაში, აშკარად მისაღები უნდა იყოს ოპოზიციის, მაჟორიტარებისა და უმრავლესობისთვისაც, განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა "ოცნების" პარტიულმა ელიტამ. არგუმენტად მოჰყავთ ზოგიერთი იურისტის მოსაზრება (ალბათ, კობახიძის), რომ ეს მოდელიც კონსტიტუციურ ცვლილებას მოითხოვს და ამიტომ მასზე მუშაობა აზრს მოკლებულია.

სხვა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი შეიძლება კონსტიტუციის შეუცვლელადაც დაკანონდეს. მე იურისტი არა ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სურვილის შემთხვევაში ეს სამართლებრივი პრობლემა მოგვარდება.

დათო უსუფაშვილს გულწრფელად სურს, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და არეულობა აარიდოს, ხელისუფლებისგან კი უკეთეს შემთხვევაში იგნორირებას, ან აშკარა გაღიზიანებას ვხედავთ.

მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს, ის კი არ მაინტერესებს, რას ეტყვის მმართველი ელიტა რევანშისტებს, მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება უსუფაშვილის მსგავსი ოპონენტების მიმართ. ეს ერთგვარი ინდიკატორია, საით მიჰყავს პროცესი ხელისუფლებას.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება ხვალ? - ეს, ძირითადად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ძალიან პროფესიონალურად ჩატარებულმა პოლიციურმა ოპერაციამ იმ ერთ დღეს განმუხტა ვითარება, მაგრამ ვშიშობ, რომ ამან მმართველ ძალას საკუთარი უძლეველობის ილუზია შეუქმნა. ამის დასტურია ახალგაზრდა პარტფუნქციონერების გამარჯვებული იერი და შეუვალი ტონი.

მინდა მათ შევახსენო, რომ სიტყვის გატეხა მხოლოდ ოპოზიციის აღშფოთებას როდი იწვევს. ჩვენ, ვინც ქუჩაში არ ვდგავართ და არ ვყვირით, განა იმიტომ ვიქცევით ასე, რომ ვიწონებთ თქვენს საქციელს, არამედ იმიტომ, რომ თქვენვე იპოვოთ ძალა, ნაბიჯი გადადგათ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად. პოლიტიკური ვითარების განმუხტვა მხოლოდ ხელისუფლების სწორ პოლიტიკურ შეთავაზებას, გონივრულ კომპრომისს შეუძლია და ეს სისუსტის კი არა, პირიქით, მაღალი პასუხისმგებლობისა და ძლიერი ნების გამოხატულება იქნება. იცოდეთ, სინამდვილეში ცუდი კაცების ყვირილი კი არ არის საშიში, არამედ კარგების დუმილი!