"გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას" - კვირის პალიტრა

"გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას"

"მაჟორიტარების გარეშე ვერავითარი ცვლილება ვერ განხორციელდება"

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ირწმუნება, რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ჯერაც შესაძლებელია და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა, როგორც ამბობს, ყველა ვარიანტს პოლიტიკური ნება სჭირდება, მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელსაც, რომელიც შერეული სისტემის ანალოგია, მაგრამ ამ მოდელისგან იმით განსხვავდება, რომ შესაძლებელია კონსტიტუციისთვის გვერდის ავლა...

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებიდან მეხუთე დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის ნაცვლად, პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩატარდებოდა. კონსტიტუციის მიხედვით, აქამდე არჩევნები შერეული სისტემით ტარდებოდა. ყველა რეგიონს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. ანუ 150 დეპუტატიდან 73 მაჟორიტარია, 77 კი პროპორციული სიით მოხვდა პარლამენტში.

როგორ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებით თუ ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის მეშვეობით, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

- ჩემთვის მოულოდნელად პარლამენტმა არ გაითვალისწინა არათუ "ნაცმოძრაობის" დეპუტატების მოთხოვნა, თვით 200 ათასი ამომრჩევლის ნებაც, ვინაიდან ერთ-ერთი პროექტი მოქალაქეების ხელმოწერით იყო შეტანილი. არა მგონია, ეს პროცესი კვლავ დაიწყოს - პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივანმა კალაძემ თქვეს, რომ ეს საკითხი დახურულია და პროპორციული სისტემით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

- და თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება, არის შანსი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციულით ჩატარდეს?

- ძალიან მარტივად. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის ორგანულ კანონში პარლამენტის რეგლამენტით ცვლილებების შეტანით შესაძლებელია გერმანული მოდელით 2020 წლის თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

- კონსტიტუციაში ცვლილებების ხელმეორედ შეტანა და კენჭისყრა შეიძლება? - რა თქმა უნდა, ესეც მარტივია. შეგიძლია კვლავ შეაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და შეიტანო. პარლამენტის პროცედურულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და ამით დამთავრდება ყველაფერი. მერე იქნება პირველი მოსმენა, მეორე და მესამე.

- ამას ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატის ხმა სჭირდება? - დიახ, პარლამენტის დეპუტატების, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მაჟორიტარებმა, რომლებმაც პირველად არ დაუჭირეს ამ კანონს მხარი, ახლა დაუჭირონ.

- ანუ მაჟორიტარების გვერდის ავლით ცვლილებები შეუძლებელია?

- კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა 113 ხმით არის შესაძლებელი. მაჟორიტარების გვერდით ავლით მაინც არაფერი მოხდება.

- ცვლილებების ხელახლა წარდგენა, ალბათ, დროს მოითხოვს? - ხელმოწერების შეგროვება არ გაჭირდება. შემდგომ ერთთვიანი განხილვა დასჭირდება და მერე კენჭს უყრიან. დიდი-დიდი, ყველაფერს 3 თვე მოანდომონ.

- თუ გაიმართა მოლაპარაკება და ტექნიკური ხარვეზით ახსნიან ამ ჩავარდნას, ხელახლა კენჭისყრა შესაძლებელია? - ამის შესაძლებლობაც არის. ჯერ ერთი, მხოლოდ ერთი მოსმენით არის გატანილი, კიდევ ორი მოსმენაა დარჩენილი, მაგრამ ახლა რომც უყარონ კენჭი, მაჟორიტარები კვლავ არ დაუჭერენ მხარს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი - არ ვიცი, რომელი პროექტი განიხილეს, დეპუტატების თუ სახალხო ინიციატივის წესით, 200 ათასი ხელმოწერით შესული. ასე რომ, თუ პირველი ვარიანტი შევიდა, ახლა მეორე ვარიანტის შესვლა შეიძლება, რომელიც არ ჩავარდნილა, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

- გერმანული მოდელის გარდა, ორგანული კანონი რა ცვლილებების შეტანის საშუალებას იძლევა? - მაჟორიტარების გარეშე ვერავითარი ცვლილება ვერ განხორციელდება, მათ შორის კანონმდებლობაში. მერე რა, რომ ოპოზიცია უჭერს მხარს. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ახალი მოდელების გამოგონება სულაც არ არის საჭირო. თუნდაც გერმანული მოდელი მიიღონ, რომლის დამტკიცებისთვის მხოლოდ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

- გარდა ამ მოდელისა, სხვა ისეთი არ არსებობს, საქართველოს რეალობაზე რომ იყოს მორგებული? - ასეთი არ მეგულება. საფრანგეთშიც და იტალიაშიც შერული სისტემაა, მაგრამ ცოტა განსხვავებული. იქაც არიან მაჟორიტარები. მათი საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელთან მსგავსება იმით გამოიხატება, რომ ყველაფერს აჯამებენ და საბოლოოდ არჩევნებს პროპორციული სისტემით ატარებენ.