"ამ ქვეყანაში რევოლუცია არ იქნება!" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში რევოლუცია არ იქნება!"

"საქართველოში ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ზღაპრების"

"ნაცმოძრაობის" შეცვლის გარეშე ქუჩის აქციები გვექნება ისეთი, როგორიც გვაქვს. იმიტომ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ შეუძლია მათთან ერთად რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოში რევოლუციის სცენარს გამორიცხავს.

- სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასის უმრავლესობას ზაფხულის მოვლენების შემდეგ ძალიან გაუჭირდა გაცნობიერება, რომ საქმე ჰქონდა ხელისუფლებასთან, რომელიც არანაირი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს. "ოცნება" მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდა, ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს არ გეგმავდა, იყო ერთმნიშვნელოვანი და ნათელი, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ზღაპრების.

დღეს ეს ყველაფერი მოლოდინიდან რეალობად იქცა სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციის ნაწილი ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყო, მივიღეთ მათი დაბნეულობა და შესაბამისი ქმედებები. მათი ტაქტიკა, მოლოდინი და სტრატეგია აწყობილი იყო იმაზე, რომ უკვე ჩაატარეს პროპორციული არჩევნები, გაიმარჯვეს, ახლა კი ფიქრობდნენ, მთვარობაში როგორ გაენაწილებინათ ადგილები.

- რატომ არ გავიდა აქციაზე ბევრი ხალხი? - ამ აქციებს არა აქვს საკმარისი პოლიტიკური რესურსი. "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლის გარეშე აქციები გვექნება ისეთი, როგორიც გვაქვს, იმიტომ, რომ ადამიანების უმრავლესობას არ შეუძლია მათთან ერთად რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს არის მაქსიმუმი, რომლის მობილიზებასაც "ნაციონალური მოძრაობის" თანამონაწილეობით და მით უმეტეს მათი ლიდერობით გამართული აქცია მოახერხებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ ეს არის ქვეყანაში დაგროვილი პროტესტი. პირველივე არჩევნებზე, როცა უნდა გაიმართოს ის, ამ პროტესტს საარჩევნო ყუთებში ვნახავთ.

- და რატომ დგანან წინა პლანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები? - ჯერჯერობით დანარჩენ არანაციონალურ ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა არა აქვს.

აქამდე ვნახეთ მხოლოდ ახალგაზრდების მოწოდებები და აქტიურობა, სადაც პირველ სკამზე წამოსკუპებას ცდილობს "ნაცმოძრაობა". იმედი მაქვს, არსებობს სხვა გეგმაც, რომელიც ექნებათ სხვა პარტიებს.

- მაგრამ დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა "ნაცმოძრაობის" გვერდით დადგა. - ესეც იყო მოსახლეობის დაბნეულობის ერთ-ერთი მიზეზი.

- ანუ დაიბნა ხალხი და იმიტომ არ მივიდა აქციაზე? - შემიძლია გელაპარაკოთ ჩემი მეგობრების სახელით, რომლებიც აქციაზე არ გავიდნენ.

ამ ადამიანების უმრავლესობა პროტესტს დაუფარავად გამოხატავდა ყველგან, მათ შორის - სოციალურ ქსელებშიც, ანუ მათ არც ვინმესი ეშინიათ და არც პოზიცია დაუმალავთ, მაგრამ აქციაზე არ იყვნენ იმიტომ, რომ ეს არ არის იმ ტიპის პროტესტი, რომელიც შედეგს გამოიღებს და სადაც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

მყისიერი შედეგის მოლოდინი რომ გქონდეს, რა თქმა უნდა, შეგიძლია ერთი დღით გადადო საკუთარი სიმპათიები და ანტიპათიები, მაგრამ არ ჩანს პერსპექტივა. ხვალ რომ "ქართული ოცნება" გადავაგდოთ ხელისუფლებიდან, ერთ აუტანლობას მეორე აუტანლობა ჩაანაცვლებს. ამიტომ

მაქვს რწმენა, რომ გაჩნდება ალტერნატივა - შესაძლებლობა იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს არც ერთ ამ ძალას არ უკავშირებს.

- პროპორციული არჩევნებისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია? - 500 კაცი გამოვიდა ქუჩაში, როდესაც სანდრო გვირგვლიანის ამბავი გაიგეს. როგორ ფიქრობთ, ეს რისი ბრალი იყო? არ აწუხებდათ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი?! ეს არასერიოზული მიდგომაა ამ საკითხისადმი. სწორედ ასეთი განწყობის თავს მოხვევას ცდილობს "ქართული ოცნება". ასე არ იზომება არც პროტესტი და არც - ადამიანების განწყობა.

- "ოცნების" საფრთხობელა: "ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება!" ისევ შედეგიანია? - ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვნახეთ, რომ ხალხზე ეს აღარ მოქმედებს.

- ოპოზიციის აქტიურობა შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს? - ამ ქვეყანაში რევოლუცია არ იქნება.

- ვადამდელი არჩევნები მოსალოდნელია?

- არც ამას ველოდები. რაში სჭირდებათ ვადამდელი არჩევნები, როცა ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მონების კრებული, რომელთაც ხან მეამბოხეებად გამოაცხადებს, ხან - მხარდამჭერებად?! ისეთი კატასტროფა ხდება ამ ქვეყანაში, არასოდეს რომ არ ყოფილა, ამიტომ არ სჭირდებათ ვადამდელი არჩევნები.