"პარლამენტის შესასვლელთან ჩემი მანქანით, დაბრკოლების გარეშე მოვედი... კიდევ ვიცით სხვა გზები, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ" - კვირის პალიტრა

"პარლამენტის შესასვლელთან ჩემი მანქანით, დაბრკოლების გარეშე მოვედი... კიდევ ვიცით სხვა გზები, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ"

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის უკანა შესასვლელთან მივიდა. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტის შენობის უკანა ტერიტირიაზე დაბრკოლების გარეშე მოხვდა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შევიდა იმ მიზნით, რათა "ქართული ოცნების" წევრებისთვის ეჩვენებინა, რომ აქციის მონაწილეებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. ვაშაძის თქმით, "ხალხი პარლამენტთან არის, პარლამენტარები კი ჩუმ-ჩუმად მიძვრებიან პარლამენტში".

"ჩემი მანქანით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვედი. ჩემი აქ შემოსვლა პარლამენტარებისთვის არის გაფრთხილება, რომ ჩვენ კიდევ ვიცით სხვა გზები, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ. ასე რომ, შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით რთული თქვენთვის და გაცილებით უარესს მიიღებთ ჩვენგან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი დგანან, როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

აქციის მონაწილეებს კი, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

"ინტერპრესნიუსი"