"მერაბიშვილმა თქვა, ამ საკითხზე საქმის კურსში არა ვარო" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილმა თქვა, ამ საკითხზე საქმის კურსში არა ვარო"

"ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაუგია, რომ მასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული არავინ არის"

"ტრადიციონალისტთა" ლიდერმა, რომელიც აქამდე სააკაშვილის შეურიგებელი ოპონენტი იყო, მოულოდნელად უშიშროების საბჭოზე დასწრების მიწვევა მიიღო. რატომ წავიდა სააკაშვილის თავკაცობით ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აკაკი ასათიანი და მიაჩნია თუ არა, რომ ღირდა ამ მიწვევის მიღება, ამის თაობაზე ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მიწვევა მთავარი არ არის... ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ის მოედანი არ არის, სადაც პოლიტიკური უთანხმოება დაპირისპირებაში უნდა გადაიზარდოს. სხვა სადავო საკითხებზე ოპოზიცია ისევ აპირებს კამათს. აგვისტოს ომის წლისთავზე, როდესაც ქვეყანაში დაძაბულია ვითარება, მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ გამეორება, რომ საქართველოს ოკუპაციას აქ არც ერთი ძალა არ შეურიგდება. გარდა ამისა, მაინტერესებდა, ხელისუფლება რამდენად რეალურად აფასებს შექმნილ ვითარებას. მესამე საკითხი, რაც ამ შეხვედრისას მნიშვნელოვანი გახლდათ, ირაკლი ალასანიამ დასვა და შეეხებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას. პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაპატიმრება უნდა შეწყდეს და ვინც დაპატიმრებულია, მათ გათავისუფლებაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. 12 აგვისტოდან დაიწყება ამ საკითხებზე შესაბამის სტრუქტურებთან შეხვედრა.

- საინტერესოდ წარიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა?

- ნამდვილად ღირდა დასწრება. ძალოვანმა მინისტრებმა შექმნილ ვითარებაზე გააკეთეს მოხსენებები. დეტალიზება არ შემიძლია. როდესაც უშიშროების საბჭოზე მიდიხარ, მერე აღარ უნდა ილაპარაკო.

- ინტერვიუებში თუ პირად საუბარში ძალზე კრიტიკული იყავით სააკაშვილისადმი, ახლა შეიცვალა რამე?

- ახლაც კრიტიკული ვარ, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის უსაფრთხოება ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. უამრავი სხვა თემაა, რის გამოც კრიტიკას არ მოვაკლებთ ხელისუფლებას. არასოდეს მესმოდა მათი, ვინც უცხოელებს უყიჟინებდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობა არ ცნოთ გამსახურდიას ხელშიო. არც იმ ხალხის მესმოდა, რომელიც ამბობდა, ჯანდაბას, აფხაზეთი დაიკარგოს, ოღონდ ეს შევარდნაძეს დაბრალდესო. ახლა კი იმას ვერ გავიგებ, სააკაშვილის ჯიბრზე ომი წავაგოთო.

- იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი არ მივიდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ხომ არ გახდება ეს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი?

- არა მგონია. ყველას თავისი პოზიცია აქვს და მის თანახმად მოქმედებს. ვინც არ მივიდა, ის თავისი პოზიციის მართებულობაშია დარწმუნებული და ამაში განხეთქილების მიზეზს ვერ ვხედავ.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, - პარლამენტშიც უნდა შევიდეს, საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაშიც უნდა იმუშაოს, საარჩევნო კოდექსზეც და თუ კოდექსი გასწორდება, არჩევნებშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. გაზაფხულის აქციების შეცდომა იყო ის ერთადერთი მოთხოვნა, რომლის ხორცშესხმა ფიზიკური დაპირისპირების გარეშე შეუძლებელი იყო. კაცი თუ არ მიდის, უნდა გააგდო, გაგდება კი მუშტი-კრივითა და სროლით ხდება. ამისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.

- სხდომაზე სააკაშვილთან მოგიწიათ ჯდომამ, რაიმე ცვლილება ხომ არ შეამჩნიეთ?

- ყველაზე შორს მე ვიჯექი მისგან... სააკაშვილი ცდილობდა თავშეკავებული, საქმიანი და ადეკვატური ყოფილიყო. ასე თუ ისე, გამოუვიდა. ერთხელ თქვა ძალიან სასაცილო რამ... და საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მინდა ოპოზიციას ვთხოვო, ეს საკითხი კონფიდენციალურად დარჩესო. სააკაშვილმაც აღიარა, მგონი, ზედმეტი ვილაპარაკეო. თუ გამოვა ის საქმე, ძალიან კარგი, თუ არა და ჩვენგან არაფერი დაუშავდება ქვეყანას.

- ამბობენ, აკაკი ასათიანის მიწვევა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მინიშნება იყო იმ რუსული წრეებისთვის, რომელთანაც ის ახლოს არისო.

- არასოდეს დამიმალავს, ვისთანაც მქონდა შეხვედრები რუსეთში. სამწუხაროდ, ის პირები, ვისაც მე ვიცნობ და საღად აზროვნებენ, დღეს რუსეთში ამინდს ვერ ქმნიან. თუმც, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ აღდგეს ნორმალური ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ბოლოს კიდევ ერთ მიზეზს გეტყვით, რატომაც მივედი უშიშროების საბჭოზე, - რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე ერთი წლის და ერთი კვირის წინაც ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, მაგრამ მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციიდან როდესაც აკრიტიკებ ან რაიმეს სთავაზობ ხელისუფლებას, ჯიბრზე არ ითვალისწინებს. ასეთი ფსიქიკის ხელისუფლებას როდესაც დაუჯდები და დაელაპარაკები, მეტად დაგიჯერებს. სააკაშვილმა თქვა კიდეც, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ადამიანებს შორის კარგი რამ როგორ უნდა გამოვიდესო. ამ მოსაზრებაში თითქოს არის ლოგიკა, მაგრამ ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაუგია, რომ მასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული არავინ არის.

- არ ჰკითხეთ ხელისუფლებას ოპოზიციაზე ბოლო დროს მომხდარ ანგარიშსწორებაზე?

- ცხადია, ვკითხეთ. ვკითხეთ კონკრეტულად ამირან ბიწაძეზეც. ვანო მერაბიშვილმა თქვა, ახალი ჩამოსული ვარ უცხოეთიდან და საქმის კურსში არა ვარო(?!). დრო ითხოვა და ამიტომაც გადაიდო შეხვედრა 12 აგვისტოსთვის. სააკაშვილმა კი განაცხადა, ამ საკითხზე ორივე ომბუდსმენმა იმუშაოსო. ალბათ, გაირკვევა, რაც გასარკვევია.