"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების სამომავლო გეგმებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ - კვირის პალიტრა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების სამომავლო გეგმებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დაიწყო. ეს მათი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გუშინდელ აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველებმა დაშალეს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "გამარჯებული საქართველოს ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ რაც დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ გეგმას ჩამოაყალიბებენ, დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.

ჩალაგაშვილის ინფორმაციითვე, პიკეტირებები კვლავ იქნება და აქციებსაც კვლავ პერმანენტული სახე ექნება. ამასთან, ისინი შეხვედრაზე კონკრეტულ თარიღზე შეთანხმდებიან , თუ როდის იქნება ფართომასშტაბიანი შეკრება.

"მე პირადად და დანარჩენი ლიდერები მივალთ აქციაზე და იქ ვიდგებით, მანამდე, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დროებითი, მთავრობა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ 4 მოთხოვნის შესრულება მოუწევთ, რადგან სხვა გზა არ აქვთ", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, დღეს ისაუბრებენ ე.წ გერმანული მოდელის შესახებაც.

"ელჩებსაც წარვუდგინეთ დოკუმენტები. ამასთან საპარლამენტო ფრაქციებს მივეცით უფლებამოსილება ჩვენი მთლიანი გაერთიანების "ყველა მინუს ერთი" სახელით, შეიტანონ პარლამენტში ეს დოკუმენტი და დაიწყონ პროექტის ინიცირება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.