"ლალიაშვილმა შეგნებულად დასცინა ივანიშვილს თუ რა იგულისხმა..?!" - კვირის პალიტრა

"ლალიაშვილმა შეგნებულად დასცინა ივანიშვილს თუ რა იგულისხმა..?!"

27 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "SWOT ანალიზში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, საგარეო პოლიტიკასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. ინტერვიუს რიგ ასპექტებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- სამწუხარო და მძიმე რეალობა ვიხილეთ გუშინ, ბიძინა ივანიშვილი ჩაკეტილია სამყაროში, სადაც არსებობენ მხოლოდ კეთილი ძალა "ქართული ოცნება" და ბოროტი "ნაციონალური მოძრაობა". ცდილობს თავისი აზრი როგორმე ჩატენოს მის ამ ნარატივში. გარდა ამისა, გადაცემაში შემაშფოთებელი იყო ის, რომ ივანიშვილი აგრძელებს უხარისხო პროვინციული სცენარის მიხედვით თამაშს, თითქოს ის მომხრე იყო პროპორციული არჩევნების და სამმა ამბოხებულმა დეპუტატმა მოუწყო გადატრიალება, რასაც ნანობს. სინანული პოლიტიკოსისთვის მარტივია, თუ შენ პირობას იძლევი და მერე არ ასრულებ, ამაზე ცრემლები კი არ უნდა ღვარო, უნდა თქვა ვერ შევასრულეო და წახვიდე. ესაა ღირსეული პოლიტიკის სტანდარტი და არა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და უხარისხოდ ცადა თავის გამართლება. თურმე მას უნდა გააგებინოს ამერიკას თუ როგორ ანგრევს სახელმწიფოს IRI-ის და NDI-ის კვლევის შედეგები.

არ მგონია, რომ ივანიშვილმა არ იცოდეს რეალურად დიპლომატების და ხალხის აზრი, მაგრამ იმ ფაზაშია, როდესაც ცდილობს მხოლოდ კარგი დაიჯეროს ან დაუჯეროს მხოლოდ იმათ, ვინც ამ ცუდის კეთილ ინტერპრეტაციას შესთავაზებს.

- რას ფიქრობთ, ივანიშვილის მოსაზრებაზე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმების თაობაზე? - ეს ძალიან ცინიკურად ჟღერს, ევროპაში ესე გაშლილი ხელებით არ მიგვიღებენ, ევროპას თავისი სტანდარტები აქვს შრომით ბაზარზე და ამაზე ლაპარაკიც კი ცინიკურად ისმის, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ მსურს. განსაკუთრებით უცნაური იყო ლალიაშვილის საჩუქარი - ჯორჯ ორუელის "1984", რომელიც თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა, არადა, არ ვიცი, ლალიაშვილმა შეგნებულად დასცინა ივანიშვილს თუ რა იგულისხმა...

იხილეთ ასევე: "ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა"

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)