"თბილისში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გრიგორი კარასინისგან გავიგე" - კვირის პალიტრა

"თბილისში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გრიგორი კარასინისგან გავიგე"

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თბილისში დეკემბერში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გაიგო.

როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პირადად მან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საქმის კურსში არ იყო.

"სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ცენტრს გახსნის თბილისში განთავსებული რუსეთის სავიზო ცენტრი, რომელიც საქართველოში 2 წელია ვიზებს გასცემს და კომერციული სტრუქტურაა. ეს კულტურის ცენტრიც იქნება კომერციულ საწყისებზე. მე შეხვედრაზე ვთქვი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და თბილისში დაბრუნების შემდეგ გავერკვევი საკითხში,"- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით ის დედაქალაქში ხვალ დაბრუნდება და სავიზო ცენტრისგან დამატებით ინფორმაციიას მიიღებს.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, "რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში". შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"