"ივანიშვილის გუნდს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს" - ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის გუნდს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს" - ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი იყო და რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა, დასრულდა. შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს როგორც მმართველი, გუნდის ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თქვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

"ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს "ქართულ ოცნებას" და ე.წ. მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება საკითხს, განაგრძობენ თუ არა, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს კვლავ პიკეტირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძე აცხადებს, რომ "ამაზე დაილაპარაკებენ".

"ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები, ამიტომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ რამე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როცა იდეოლოგიური განსხვავებები სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის მიზეზი არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, თქვენ არაერთხელ გაქვთ მოსმენილი ირაკლი კობახიძისგან ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მთავარი არგუმენტი არის ის, რომ "არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური". ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კინაღამ სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არ საუბრობენ. კარგი ბატონო, კონსტიტუციის შესწორება ვერ გაიტანეთ, ან თქვენ თვითონ ჩააგდეთ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, აგერ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და გადასწორება", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტები არ ესწრებოდნენ, ვაშაძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ფორმატი საერთაშორისო მედიატორების მიერ არის შედგენილი და მათ სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა მოითხოვეს, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო".

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება.

"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გაადააგდო მთელი საზოგდოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას" და ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი საკითხი - ე.წ. გერმანული მოდელი და "გავრილოვის ღამის" პატიმრების საქმე განიხილეს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება.

მისივე თქმით, სხვა შემოთავაზებები გაჟღედა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ძალაში დარჩება, "ქართული ოცნება" ის ძალაა, "რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად არის".

"მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და "გერმანული მოდელი" არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" არ დაიზარებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომლითაც "გერმანული მოდელის" კონსტიტუციურობა წარმოჩინდებოდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით